რა არის ცნობილი კაცზე, რომელმაც რძალი ქმრის საფლავზე დაჭრა - ახალი დეტალები

სასაფლაო

მამამთილმა რძალი დაჭრა - შემთხვევა წყალტუბოს რაიონის სოფელ საყულიაში მოხდა. კაცმა ქალი საკუთარი შვილის საფლავზე, სამი არასრულწლოვნის თვალწინ დაჭრა. ქალს ჭრილობა რამდენიმე ადგილას აქვს მიყენებული.

დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს - მას ოპერაცია ჩაუტარდა. არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რძალსა და ქმრის ყოფილ ოჯახს შორის კონფლიქტი რამდენიმე თვის წინ დაიწყო, მამამთილი რძალს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, რის შემდეგადაც მასზე გაიცა შემაკავებელი ორდერი. ამ პერიოდის განმავლობაში, ყოფილ მამამთილს რძალთან კომუნიკაცია არ ჰქონია. ვადის ამოწურვის შემდეგ კი მას დაემუქრა.

დაჭრილი ქალის მეგობრები ჰყვებიან, რომ მამამთილს "მძიმე ხასიათი აქვს" და ეს არ იყო პირველი დაპირისპირება. მამამთილი შვილის სიკვდილს რძალს აბრალებდა.

„მამამთილს ჰქონდა ჩემს მეგობართან დაპირისპირება ზოგადად ძალიან უხეში ადამიანი იყო. გუშინ მივიდა სასაფლაოზე დაუწყო ჩხუბი და მიაყენა მკერდის არეში ჭრილობა. ჩემს მეგობარს გარდაცვლილი ჰყავს მეუღლე და ამას აბრალებდა, რა შუაშია ჩემი მეგობარი, ის ბიჭი ავტოკატასტროფაში დაიღუპა,"- აცხადებს დაჭრილი ქალის მეგობარი. 

დანაშაულში ბრალდებული პირი დაკავებულია. გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს.