ოჰაიოს შტატში შეიარაღებული მამაკაცი ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ოფისში შეჭრას შეეცადა

აშშ

ოჰაიოს შტატში შეიარაღებული მამაკაცი ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ოფისში შეჭრას შეეცადა. თავდამსხმელი სამართალდამცველებთან ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა. ინციდენტი ცინცინატში მოხდა.

სამართალდამცველების ცნობით, მამაკაცს ჯავშანჟილეტი ეცვა და მისი გაუვნებელყოფის ოპერაცია რამდენიმე საათს გაგრძელდა. პოლიციის ცნობით, ის უშედეგოდ შეეცადა ფედერალური საგამოძიებო ბიუროს შენობაში შეჭრას, რის შემდეგაც გაიქცა. სამართალდამცველებმა ის რამდენიმე წუთში შენიშნეს, რის შემდეგაც ბოროტმოქმედმა სიმინდის ველს შეაფარა თავი, სადაც პოლიციელის ტყვიას ემსხვერპლა.

როგორც „ბიბისი“ ამერიკულ მედიაზე დაყრდნობით წერს, მამაკაცს ნახევრად ავტომატური იარაღი ჰქონდა თან.

ამერიკული მედიის ცნობით, თავდამსხმელი 42 წლის რიკი შიფერია. სამართალდამცველები იკვლევენ, ჰქონდა თუ არა მას კავშირი ულტრამემარჯვენე ჯგუფებთან.

პოლიციას არ დაუსახელებია მოკლულის ვინაობა და ფედერალურ საგამოძიებო ბიუროზე თავდასხმის მოტივი, თუმცა მედია წერს, რომ მამაკაცი სავარაუდოდ მონაწილეობდა 2021 წელს ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმის შენობის შტურმში.