1747422287
ინდოეთში მატარებლით მგზავრობის შემდეგ მოგზაური ბლოგერი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ამერიკელი მოგზაური ბლოგერი ინდოეთში „სახალხო“ მატარებლით 15-საათიანი მგზავრობის შემდეგ მძიმე რესპირატორული ინფექციით საავადმყოფოში მოათავსეს.
ნიკ მადოკი ინდოეთის რკინიგზის მატარებლით კონდიცირებულ მესამე კლასის ვაგონში მგზავრობის შემდეგ საავადმყოფოში მოხვდა. ეს ინდურ მატარებელში არსებული მეორე ყველაზე დაბალი კლასია, უარეს პირობებს მხოლოდ ზოგადი Sleeper კლასის ვაგონები გვთავაზობენ. მისი თქმით, უბრალოდ არ არსებობდა შესაძლებლობა, რომ უფრო მაღალი კლასის ვაგონისთვის ბილეთი შეეძინათ.
„შემიძლია ვაღიარო, რომ ვარანასიდან ახალ ჯალპაიგურამდე მესამე კლასის კონდიცირებული მატარებლით ჩემი 15-საათიანი მგზავრობა ერთ-ერთი ყველაზე საშინელი რამ იყო, რაც კი ექვსწლიანი მოგზაურობის განმავლობაში გამომივლია“, - თქვა მან.
სამი დღის შემდეგ, ბჰუტანში, მედოკმა განაცხადა, რომ მას მძიმე რესპირატორული ინფექცია დაუდგინდა, რაც ხანგრძლივ გამოჯანმრთელებას მოითხოვდა.
ვიდეოში მედოკი ამბობს, რომ ექვსი წლის შემდეგ, რაც 120-ზე მეტ ქვეყანაში იმოგზაურა, ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც საზღვარგარეთ ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
მოგზაური ბოლომდე დარწმუნებული არ იყო, მისი ავადმყოფობა 15-საათიანი მატარებლით მგზავრობის გამო იყო თუ ინფექცია ვარანასიში შეეყარა, სადაც ერთი კვირა გაატარა და მდინარე განგის გასწვრივ მიცვალებულთა რიტუალურ დაწვას შეესწრო.
მისი ვიდეო ინდოეთში ვირუსულად გავრცელდა, რამაც არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია. ბევრი მომხმარებელი არ ეთანხმებოდა მოგზაური ბლოგერის განზოგადებას ქვეყანაში ჰიგიენის სტანდარტებთან დაკავშირებით.
„ტურისტების უმეტესობა აზიის ყველაზე უღარიბეს და ყველაზე ცუდ რაიონში მიდის და შემდეგ აცხადებს, რომ მთელი ქვეყანა ასეთია. ეს იმიტომ ხდება, რომ ამ მოგზაურებს არ აქვთ ფინანსური საშუალება, რომ მდიდარ რაიონებში წავიდნენ და შემდეგ წუწუნებენ“, - წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.
ზოგიერთმა მომხმარებელმა ივარაუდა, რომ რესპირატორული დაავადება შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო ბჰუტანის მაღალი სიმაღლით ან მგზავრის დაბალი იმუნიტეტით და არა მატარებლით მგზავრობით.