1742155439
გორში შვილიშვილმა ბაბუა, სავარაუდოდ, ცემით მოკლა - სასტიკი დანაშაულის დეტალები

74 წლის ბაბუის მკვლელობისთვის შვილიშვილი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ტარიელ ქუტიშვილი 28 წლის ნიკა საათაშვილმა ცემით მოკლა. "კურიერი P.S"-მა იმ ბინიდან, სადაც მოხუცის სიცოცხლე დასრულდა, შემზარავი კადრები მოიპოვა. ფოტოებში გარდაცვლილის სხეულზე მრავლობითი დაზიანება ჩანს, მის საძინებელ ოთახში კი, ჭერზე და იატაკზე, დიდი ოდენობით სისხლი.
გორი, ე.წ. ვოლოგდის დასახლება, დილის 04:00 საათი - ირკვევა, რომ 74 წლის მოხუცს, რომელიც სახლში მარტო იყო, ეღვიძა. ნასვამი შვილიშვილი ბინაში დაბრუნდა. გამოძიების ინფორმაციით, მოხუცმა, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, შვილიშვილს უსაყვედურა, რის შემდეგაც ახალგაზრდამ ბაბუას სასტიკად სცემა.
პროკურორის ინფორმაციით, 28 წლის მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა, თუმცა მომხდარის ინსცენირება სცადა. მოხუცის მკვლელობისთვის დაკავებულმა დილით ყველას უთხრა, რომ ბაბუა გარდაიცვალა. "კურიერი P.S"-მა მოიპოვა ფოტო, სადაც აბაზანაში ჩაყრილი ტანსაცმელი ჩანს, რომელიც, სავარაუდოდ, სისხლიანია და ნიკა საათაშვილმა კვალის დასაფარად გამოიცვალა.
გამთენიისას სამეზობლოში გავრცელდა ვერსია, რომ მოხუცი კაცი საწოლიდან გადავარდა და გარდაიცვალა. მეზობლების ნაწილს ამ ვერსიის ახლაც სჯერა.
"კურიერი P.S." გარდაცვლილის ნათესავებთანაც მივიდა. მათ კომენტარზე უარი გვითხრეს.
ირკვევა, რომ როდესაც ექიმებმა მოხუცის გარდაცვალება დაადასტურეს, შვილიშვილი საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს. ნიკა საათაშვილს გამოკითხვის შემდეგ, პოლიციის განყოფილებაში ხელბორკილი დაადეს. ბრალად ბაბუის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობა წარუდგინეს. ამის მოტივი მისი პირველი გამოკითხვა გახდა. "კურიერი P.S."-მა ის ოქმი მოიპოვა, სადაც დაკავებული მომხდარის დეტალებს აღწერს და მკვლელობას აღიარებს.
გამომძიებლებს ნიკა საათაშვილმა ისიც უთხრა, რომ უსიცოცხლოდ იატაკზე დაცემული მოხუცი მიატოვა და გვერდით ოთახში გავიდა.
ახლა ეს ჩვენება ძალადაკარგულად ითვლება. მას შემდეგ, რაც გორის სასამართლომ დაკავებულის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა, ნიკა საათაშვილმა პოზიცია შეცვალა და დუმილი აირჩია. მისი ადვოკატი სხდომაზე ბრალდებულის გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
"კურიერი P.S." გორში, ბრალდებულის ადვოკატთან შეხვედრას გეგმავდა, თუმცა უფლებადამცველი მხოლოდ სატელეფონო ინტერვიუზე დაგვთანხმდა.
მიანდობს თუ არა ბაბუის მკვლელობაში ბრალდებული კაცი საკუთარ ბედს ნაფიც მსაჯულებს, ეს უახლოეს 2 თვეში გახდება ცნობილი. საქმის პროკურორი კი გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება.
ნიკა საათაშვილის საქმეზე არსებით განხილვას გორის სასამართლო 5 მაისს დაიწყებს. დაარღვევს თუ არა დუმილს უმძიმეს ფაქტზე დაკავებული კაცი, არსებითი განხილვისას გაირკვევა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბაბუის მკვლელობაში ბრალდებულს 16-20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ელის.