1732386875
„გაფრენილ ანგელოზებს გლოვობს გურია“ - სულისშემძვრელი კადრები სტიქიის ზონიდან
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში მესამე ცხედარი იპოვეს. ამ ეტაპზე, სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 50-მდე მოქალაქე. ნაპოვნია სამი ცხედარი, მათ შორის ორი მოზარდის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი სტიქიის ზონაში რჩება და საგანგებო შტაბს უწევს კოორდინაციას.
გურიაში, ტრაგიკულად დაღუპული მეორე არასრულწლოვანი მეშვიდე კლასელი იური გუჯაბიძე დაახლოებით ერთი საათის წინ იპოვეს. ის სტიქიას სოფელ ჯიხანჯირში ემსხვერპლა.
„სამწუხაროდ ვერ გიშველეს ჩვენო ვაჟკაცო, გაფრინდი ცათა სასუფეველში“,-წერს დაღუპულის ახლობელი.
„გაფრენილ ანგელოზებს გლოვობს გურია, უმძიმესი დღე გაუთენდა ჩვენს გურულებს“...
ერთ-ერთი დაღუპული 11 წლის თორნიკე ჩხარტიშვილია. არსებული ინფორმაციით, ბავშვი მოვარდნილმა ღვარცოფმა მამას ხელიდან გასტაცა.
„ჩემო ბუთქუჩა თოკო, შენ მოგიკვდი, ეს რა დღე გათენდა, შვილო, ეს რა წარღვნა მოვიდა... ანგელოზო გავიფრინდი... უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი რით ვანუგეშო შენი მშობლები დები და ძმა. ყველას რომ უყვარდი, თოკო.“
„შენ ჩემი შვილივით მიყვარდი, თორნიკე... ეს რატომ, რატომ... ჩემო ცხოვრება, მანდ მინდა ვიყო, ჩაგეხუტო, ჩემო სიცოცხლე. რატომ გათენდა ასეთი დღე, სიტყვებს ვერ ვპოულობ. ჩემი ნახევარი გული შენ წაიღე... შვილო, თორნიკე...“ - წერენ ოჯახის ახლობლები.
გურიის რეგიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებიდან მობილიზებულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე მძიმე ტექნიკა, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი. სტიქიის ზონაში მონიტორინგი სპეციალური დრონებით მიმდინარეობს.