მამა თეიმურაზ ქორიძე

საზოგადოება 1725394811

„მისნაირი ადამიანები იშვიათად იბადებიან... “ - რამ გამოიწვია მამა თეიმურაზ ქორიძის მოულოდნელი გარდაცვალება

გასულ კვირას დიდი ჩაილურის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის ახალგაზრდა წინამძღვარი, თეიმურაზ ქორიძე გარდაიცვალა. ცნობილია, რომ მამაო გასულ წელს კლინიკაში ფილტვების მძიმე დაზიანებით მოხვდა და ერთი თვის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. თუმცა, მაშინ სასწაული მოხდა და მამა თეიმურაზი თავის საქმიანობასაც დაუბრუნდა...გიორგი ხელაძე (მამა თეიმურაზის მეგობარი, სტიქაროსანი): მამაოს ჯანმრთელობის მდგომარეობა საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ, ნელ–ნელა უკეთესობისკენ მიდიოდა. ასეთი რამ თუ მოხდებოდა, ჩვენთვის წარმოუდგენელი იყო, მაგრამ მოულოდნელად გული გაუჩერდა, საბოლოო დიაგნოზი ასეთი დაისვა. მიუხედავად იმისა, რომ გული იყო ერთადერთი ორგანო, რომელიც არ აწუხებდა. მის გარდა გადატანილი ავადმყოფობის შემდეგ მართლა ყველაფერზე პრობლემა ჰქონდა, მაგრამ ბოლოს გულმა უღალატა.– საიდან დაეწყო ჯანმრთელობის პრობლემები?– ნელ-ნელა დაიწყო ეს ყველაფერი, გასულ სექტემბერში. აღმოჩნდა, რომ ფილტვებში ჰქონდა პრობლემა – ანთება. შემდეგ დამძიმდა მისი მდგომარეობა და საავადმყოფოში გადავიყვანეთ. იქ, დაახლოებით, 20-25 დღე გაატარა. აქედან თითქმის ერთი კვირა ხელოვნურ კომაში ჰყავდათ. გვეუბნებოდნენ, რომ ფილტვებში მძიმე მდგომარეობა ჰქონდა. მერე მდგომარეობა ნელ-ნელა უკეთესობისკენ წავიდა და სახლში გამოგვიშვეს. თუმცა, რა თქმა უნდა, მკურნალობას აგრძელებდა. შემდეგ კოვიდიც დაუდასტურდა, ამანაც გაართულა მდგომარეობა. ფილტვების 80 პროცენტი დაზიანებული ჰქონდა, მაგრამ უფლის წყალობით, გადარჩა. ყველაფერი უკეთესობისკენ მიდიოდა. სახლში მკურნალობის პერიოდში იყო მცირედი გართულებები, მაგრამ უძლებდა და ცხოვრებას აგრძელებდა.– საზღვარგარეთ მკურნალობასაც განიხილავდით?– კი, როცა საავადმყოფოში იწვა, თურქეთსა და გერმანიაშიც გადავაგზავნეთ მისი კვლევების პასუხები, მაგრამ მოგვწერეს, რომ იქაც იმავე სქემით მოხდებოდა მისი მკურნალობა, რითაც აქ მკურნალობდნენ, ამიტომ გადაყვანას აზრი არ ჰქონდა.– ექიმებში როგორ პროგნოზებს აკეთებდნენ?– თავიდან ერთი პროცენტითაც არ გვაძლევდნენ იმედს. ძალიან მძიმედ იყო. ყველაფერს ცდილობდნენ, მაგრამ მდგომარეობა ურთულესი ჩანდა, თუმცა, ღვთის წყალობით, გადარჩა.– თვითონ რას ამბობდა ამ ყველაფერზე?– საავადმყოფოდან რომ გამოვიდა, ბევრი რამ არ ახსოვდა. ამბობდა, თავიდან დავიბადეო. თავიდან სისუსტეები ჰქონდა, მაგრამ მერე და მერე ჩვეულებრივ, აქტიურ ცხოვრებას დაუბრუნდა. ახლა უკვე იმდენი დრო იყო გასული, რაც კარგად გახდა, ვერავინ წარმოვიდგენდით, თუ შეიძლებოდა, ასეთი რამ მომხდარიყო.ძალიან გვიჭირს ამასთან შეგუება, მაგრამ როგორც თვითონ გვასწავლიდა, ვეცდებით, სიყვარულითა და ერთობით ყველაფერი დავძლიოთ.– როგორი ადამიანი იყო?– ჩემთვის ყველაფერი იყო. მისნაირი ადამიანები იშვიათად იბადებიან. სულ სიყვარულს ქადაგებდა. მხოლოდ მრევლს არა, მეგობრებსაც სიყვარულს გვასწავლიდა. დიდი ხანია, ერთმანეთს ვიცნობთ, დაახლოებით, 15 წელი. მამაოს სტიქაროსანი ვიყავი და პირველად რომ მღვდლად აკურთხეს, ერთად წამოვედით დიდ ჩაილურში. სულ ერთად ვიყავით. როცა აკურთხეს, შეეძლო თბილისში დარჩენილიყო, მაგრამ სულ უნდოდა სოფლის მოძღვარი ყოფილიყო. აქ ყველას ძალიან უყვარს. ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, იმავეს გეტყვით. სიყვარულის მეტი არაფერი დაუტოვებია. იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი მოძღვარი და მეგობარი იყო, მართლა სულ სიყვარულს გვასწავლიდა.ხშირად სთავაზობდნენ თბილისში გადმოსვლას, რადგან თბილისიდან აქ სიარული, რთულია, მაგრამ არ თანხმდებოდა. თავიდან აქ „მარშუტკით“ დავდიოდით ხოლმე. მე მისი მთავარი სტიქაროსანი ვიყავი და ამ ტაძარში ერთად მოვედით. მამაომ ააშენა და ააყვავა აქაურობა. ყვავილები უყვარდა ძალიან და ტაძარი თუ ეზო, ძალიან გაალამაზა. იმდენი მოგონება დატოვა ამ ტაძარში, რომ ყველგან მისი ხელი იგრძნობა. შეიძლებოდა, მხოლოდ 10 ლარი ჰქონოდა, მაგრამ დიდი საქმის კეთება დაეწყო. ღმერთი შეგვეწევაო, იტყოდა და რწმენა ყველაფრის ძალას გვაძლევდა. ინდომებდა და ყველაფერი კეთდებოდა. შემდეგ საგარეჯოშიც გადავიდა, გარკვეული დრო აქ იყო, გარკვეული – იქ. ორივეგან ძალიან დიდი ამაგი აქვს. მისთვის ორივე ადგილი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თუ ვინმე მეტყოდა, რომ სასულიერო პირებზე კარგი წარმოდგენა არ ჰქონდა, ყოველთვის ვეუბნებოდი, თქვენ ჩემს მამაოს არ იცნობთ-მეთქი.გარდაცვალებამდე ორი-სამი დღით ადრე ვნახე და ვერ ვიფიქრებდი, თუ ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა იყო. რომ დამირეკეს მამაოსთან მოდიო, არ ვიცოდი, თუ უკვე გარდაცვლილი იყო, ვერც კი წარმოვიდგენდი ასეთ რამეს. ისეთ მწვავე მდგომარეობას გადაურჩა, როცა იმედს არ იძლეოდნენ და ახლა ყველაფერი ისე უცებ მოხდა, ვერაფრის გაკეთება ვერ მოვასწარით. სასწრაფო რომ მოვიდა, უკვე არაფერს აღარ ჰქონდა აზრი.მამაო 30 წლის იყო, რვა წელია, რაც სასულიერო პირია – აქედან ერთი წელი დიაკვანი იყო, შვიდი წელი – მღვდელი. როგორც ვიცი, საქართველოში ყველაზე ახალგაზრდა იყო, ვინც იმ პერიოდში მოძღვრად აკურთხეს.გთავაზობთ მამა თეიმურაზის მოგონებებს და ამონარიდებს მისი ცხოვრებიდან:„დედაჩემი ყვებოდა ხოლმე, რომ ისეთი დრო იყო, ბიბლიას მაგიდის ქვეშ ვკითხულობდით, რომ არავის დაენახაო. მე პატარა ვიყავი და ისე გავიგე, რომ ბიბლიის წაკითხვა სხვაგან არ შეიძლებოდა. ავიღე ბიბლია, შევედი მაგიდის ქვეშ და დავიწყე კითხვა“. – იხსენებს ის ერთ– ერთ ინტერვიუში.სანამ სულიერი ცხოვრება გაიტაცებდა, ფეხბურთს თამაშობდა, 14 წლიდან 17 წლამდე ძიების პროცესში იყო, სწავლობდა და მარხულობდა, ხანდახან მონასტერშიც რჩებოდა. მერე უარი თქვა ფეხბურთზე და სასულიერო აკადემიაში ჩააბარა.16 წლის იყო, როდესაც თავისი ცხოვრების მეგზური გაიცნო. როგორც თავად აღნიშნავს, სიმამრის დახმარებით გახდა სოფლის მღვდელი დიდ ჩაილურში. მეუღლის მამაც, ასევე, მღვდელია. 5 წელიწად-ნახევარი იყვნენ შეყვარებულები. შემდეგ კი, ყველა რიტუალის დაცვით, მახათაზე დაიწერეს ჯვარი.წყარო: ჟურნალი „თბილისელები“

mamao

საზოგადოება 1725301468

"აღსარების ასაკი ბავშვის სურვილზეა დამოკიდებული. საკუთარი ჩვილი გულით უნდა იურთიერთობონ ღმერთთან და არა მშობლის კარნახით" - მამა თეიმურაზი ბავშვების აღსარებაზე

არაფერია იმაზე სასიამოვნო საყურებელი, წირვაზე ბავშვები რომ ეზიარებიან. რვა წლამდე ბავშვს უაღსარებოდ შეუძლია ეზიაროს. თუმცა თუ ბავშვი ცხრა და ათი წლის ასაკშიც არ არის ამისთვის მზად, მოძღვართან აღსარების თქმას ვერ დავაძლებთ. მას ამის გაკეთება თავად უნდა მოუნდეს. შინაგანად მზად უნდა იყოს.ბავშვი და აღსარება - ამ საინტერესო საკითხზე საპატრიარქოს არხზე, წლების წინ, მამა თეიმურაზ ქორიძემ შემდეგი რამ თქვა.მამა თეიმურაზ ქორიძე: მოძღვარსა და სულიერ შვილს შორის დგას ქრისტე. ფიზიკურად ჩვენ მივდივართ მოძღვართან, მაგრამ მივდივართ ქრისტეს მადლმოსილების მისაღებად. მოძღვრისთვის ყველაზე დიდი სიხარულის მომნიჭებელია, როდესაც ისმენს გულწრფელ აღსარებას. შეიძლება ცოდვა დამალო მოძღვრისგან, მაგრამ ქრისტეს ვერ დაემალები. ეს იქნება საკუთარი თავის მოტყუება და ქრისტეს საიდუმლოს შეურაცხყოფა. რაც შეეხება ბავშვის აღსარებას, ეს არ უნდა იყოს ძალდატანებით და მშობლის პირადი განცდებით. ბავშვებს აქვთ საკუთარი განცდები ღმერთის წინაშე და მშობლებს კიდევ - საკუთარი. კარგია, სიყრმიდანვე მიჰყავდეს ბავშვი მშობელს დედაეკლესიაში და აზიარებდეს.აღსარების ასაკი ბავშვის სურვილზეა დამოკიდებული. რაღაცნაირად თავად მიხვდება ღმერთთან ურთიერთობის რაობას. როცა თავისთავადი განცდა იშვება მის გულში და დაიწყებს ფიქრს ღმერთზე, შეიძლება მივიყვანოთ მოძღვართან, მაგრამ არამც და არამც არ უნდა მივიყვანოთ ჩვენეული განცდებით: მიდი და უთხარი, როგორ აბრაზებ მშობლებს და ასე შემდეგ. ეს იქნება მისთვის ძალიან დიდი დაბრკოლების მიზეზი. ის მოძღვართან აღიარებს იმას, რასაც ვერ გრძნობს. აღიარებს დანაშაულს, რომელსაც თვითონ ვერ განიცდის ღმერთთან ურთიერთობაში. თუ ვერ შეიგრძნობს ღმერთს, ვერ დაიწყებს ღმერთთან ურთიერთობას. ამიტომ შვილებს ღმერთთან ურთიერთობა უნდა ვასწავლოთ და არა ცოდვების ძახილი. რადგან გავა კონკრეტული პერიოდი, ის გაიზრდება და არ ეცოდინება ღმერთთან ურთიერთობა. შეიძლება იცოდეს, რომ ცუდია ამპარტავნება, მაგრამ რატომ არის ცუდი, ეს არ ეცოდინება. ეს დაემგვანება იმ უფესვო ხის დარგვას, რომელიც ვერ გაიხარებს. ბავშვს, რომელიც მოდის აღსარებაზე ვუსვამ კითხვას, ვინ არის შენთვის ღმერთი? ისეთ პასუხს გცემენ, დიდი რომ ვერ გაგცემს. ბავშვი ამბობს მარტივ ჭეშმარიტებას - ღმერთი არის მამა, მეგობარი, ყოვლისმცოდნეო. ამიტომ ღმერთთან საკუთარი გულწრფელობით უნდა მიდიოდეს ბავშვი და იწყებდეს ურთიერთობას და არა ჩვენი დავალებებით. ჩვენ სხვა ფიქრები და განცდები გვაქვს ღვთის წინაშე, მათ - სრულიად სხვა. ღმერთმა ადამიანს მისცა თავისუფლება. არ შეიძლება ბავშვს ღმერთთან ურთიერთობაში თავისუფლება შემოვუსაზღვროთ. როცა ვეუბნებით, ეს თქვი, ის თქვიო, მას ვუსაზღვრავთ თავისუფლებას ღმერთთან ურთიერთობაში. მათ საკუთარი ჩვილი გულით უნდა შეძლონ ღმერთთან ურთიერთობის დაწყება.  ასევე დაგაინტერესებთ:"მინდოდა სოფლის მოძღვარი ვყოფილიყავი...“ - ფაქტები საოცარი მამა თეიმურაზის ცხოვრებიდან"ვუბარებ ჩიტუნას..." - რა ანდერძი დაუტოვა მეუღლეს მამა თეიმურაზმა"სხვაგვარად არ შემიძლია. ეს მისი უკანასკნელი სურვილი იყო" - რას გეგმავს წიგნის - "სოფლის მოძღვრის" ავტორი

mamao

საზოგადოება 1724746958

"ვუბარებ ჩიტუნას..." - რა ანდერძი დაუტოვა მეუღლეს მამა თეიმურაზმა

მამა თეიმურაზ ქორიძე რომ ლექსებს წერდა და ჩანაწერებს აკეთებდა, ეს უკვე ყველასთვის ცნობილია. წმინდა დოდო გარეჯელის სახელობის ტაძრის ფეისბუქგვერდი აქვეყნებს ვიდეოს, სადაც მოძღვარი კითხულობს საკუთარ ლექსს სახელწოდებით - "ანდერძი", რომელსაც ის მეუღლეს უძღვნის. ლექსს წამძღვარებული აქვს ფრაზა:"ვუბარებ ჩიტუნას, რომელიც ჩემს გულში დაუკითხავად შემოფრინდა და სამუდამოდ დაიდო ბინა."  "მამაო, რატომ არ ვარ ბედნიერი?" - რას პასუხობდა მამა თეიმურაზი მრევლს ამ შეკითხვაზე"მინდოდა სოფლის მოძღვარი ვყოფილიყავი...“ - ფაქტები საოცარი მამა თეიმურაზის ცხოვრებიდან

მამა თეიმურაზი

საზოგადოება 1724688237

„ძალიან კარგი იქნება თუ მამა თეიმურაზის ოცნება ასრულდება და „მღვდლის ჩანაწერები“ წიგნად გამოვა, ყველა სიტყვა ძვირფასია” - ალექსანდრე ჯინჭარაძის ინიციატივა

პოეტი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ალექსანდრე ჯინჭარაძე ინიციატივით გამოდის, ახლახან გარდაცვლილი მღვდელ თეიმურაზ ქორიძის ჩანაწერები წიგნად გამოიცეს. ალექსანდრე ჯინჭარაძე საკუთარი ინიციატივის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და მამა თეიმურაზ ქორიძის ერთ-ერთ ჩანაწერს აქვეყნებს.ამასთან, მამა თეიმურაზ ქორიძის მეგობარი ალექსანდრე ჯინჭარაძე „ფორტუნასთან“ აღნიშნავს, რომ მზაობას გამოთქვამს, წიგნის რედაქტირებაში მონაწილეობა მიიღოს:„ძალიან კარგი იქნება თუ მამა თეიმურაზის ოცნება ასრულდება და „მღვდლის ჩანაწერები“ წიგნად გამოვა. ყველა სიტყვა ძვირფასია. ყველა ჩანაწერი გულწრფელი და მართალი.წერილი ახალშობილ ქალიშვილს:„გიყურებ ერთ ციცქნა გოგონას და გული განუზომელი სიყვარულით და მადლიერებით მევსება.გაღიმებული დაიბადე. წრფელი და უანგარო ღიმილი გინათებდა პატარა სახეს და გთხოვ, მუდამ ასეთად დარჩი.როდესაც კეკლუცობას და გაპრანჭვას დაიწყებ, გახსოვდეს, რომ სამყაროში ყველაზე ძვირფასი სამკაული – ღირსებაა და ნეტა იცოდე, როგორ შვენის და უხდება ეს სამკაული ადამიანს.შენ მოხვედი სამყაროში, სადაც უმეტესად ხელს არ აწვდიან დაცემულს – არამედ ხელს იშვერენ მისკენ. გთხოვ, არასოდეს შეხვდე გულგრილად სხვის დაცემას, გაუშვირე დაცემულს ხელი და გულში ჩაიკარი. არ უთხრა საყვედური – გაიქცევა. უბრალოდ ჩაეხუტე და გაათბე, დანარჩენს თვითონ მიხვდება.გთხოვ, იყავი გულწრფელი. გულწრფელი ყველაფერში. ეს ფარია, რომელიც ფარისევლობისგან დაგიცავს.შეიყვარე – ოღონდ გემუდარები უმიზეზოდ!მინდა ღმერთზე გესაუბრო, მოსიყვარულე და მზრუნველ ღმერთზე, მაგრამ თუ გულწრფელი იქნები, მაშინ შენ გულში თავად იხილავ მას და მერე ვისაუბროთ…მაპატიე. აკი, გითხარი ამ სამყაროში ხელს ხშირად იშვერენ-თქო. ხოდა, შენკენაც გაიშვერენ ხელს, რადგან მღვდლის ოჯახში დაიბადე და ამის გამო ხშირად გამადიდებელი შუშით დაგიწყებენ ყურებას. ამან არ დაგაბნიოს და შეგაშინოს. იყავი ის, ვინც ხარ. შენ, შენი ცხოვრება გაქვს, შენი თავისუფალი ნება, რომელიც იმ მოსიყვარულე ღმერთმა გარგუნა ახლა შენს პატარა გულში რომ ფეთქავს.ჩვენ ბედნიერებისთვის შევიქმენით. ასე, რომ იბრძოლე ბედნიერებისთვის. მე ვერაფერს შეგპირდები, შეიძლება არაფერი დაგრჩეს ჩემგან. მაგრამ ერთს კი, გპირდები – მთელი ცხოვრების მანძილზე ვეცდები, რომ ღირსება დაგიტოვო, როგორც უძვირფასესი ძღვენი და უმთავრესი ქონება შენი მამიკოსაგან. მადლობა! მიყვარხარ – უმიზეზოდ! აბა, შენ იცი“…

ნინო სურგულაძე'

ტაბლოიდი 1724594640

„დააკვირდით მის სახეს, როგორ ანათებს…“ - ნინო სურგულაძე მამა თეიმურაზ ქორიძეზე წერს

მამა თეიმურაზ ქორიძის გარდაცვალებას მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე ეხმაურება.ნინო აღნიშნავს, რომ მამაომ დიდი სიყვარული დაგვიტოვა.„მამა თეიმურაზ ქორიძე.ადამიანი, რომელმაც დიდი სიყვარული დატოვა…დააკვირდით მის სახეს, როგორ ანათებს…“ – წერს ნინო.

MAMA TEIMURAZ QORIDZE

საზოგადოება 1724576546

მამა თეიმურაზმა ამ პატარა ასაკში შეძლო ის, რომ ყველას, მთელ ქვეყანას თავი შეაყვარა და გვასწავლა რა არის მოძღვრობა - მამა შალვა კეკელია

მამა შალვა კეკელია მამა თეიმურაზ ქორიძეს ემოციურად იხსენებს.როგორც მამა შალვა აღნიშნავს, მამა თეიმურაზი სიყვარულის მოძღვარი იყო.მისივე თქმით, მამაო სემინარიაშივე გამორჩეული სტუდენტი იყო და განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა ადამიანების მიმართ.„მთელი ერისთვის დიდი ტრაგედიაა ასეთი ახალგაზრდა, საოცარი მოძღვრის გარდაცვალება. ღმერთმა ალბათ 10 თვის წინ დააბრუნა ამ ქვეყანაზე რომ ის სიტყვები, რომლებიც ბოლოს თქვა, ეთქვა ჩვენთვის. დიდი ხანია ის ქადაგებდა სიყვარულზე, სიხარულზე, ბედნიერებაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ერთმანეთის გაფრთხილებას ქადაგებდა ძალიან ხშირად.  როგორ უნდა გავუფრთხილდეთ ადამიანები ერთმანეთს და რამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ ადამიანი უფრთხილდებოდეს ყველა წუთს და ყველა წამს. მამა თეიმურაზს ეს მთელი არსებით ჰქონდა. ჩვენთან სწავლობდა სემინარიაში, იქაც გამორჩეული იყო, მისი სტუდენტობა, დამოკიდებულება ლექტორებთან, სტუდენტებთან. ყოველთვის გამოარჩევდი. ის იყო სიყვარულის მოძღვარი, უდიდესი სიყვარული დათესა, ბედნიერებაა, რომ ამ ადამიანს ვიცნობდი, იყო ჩვენი ეკლესიის წევრი და მასთან ერთად ყოფნა მოგვიწია. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წელი იცხოვრებ ამ ქვეყანაზე, მთავარია როგორ იცხოვრებ. მამა თეიმურაზმა ამ პატარა ასაკში შეძლო ის, რომ ყველას, მთელ ქვეყანას თავი შეაყვარა და გვასწავლა რა არის მოძღვრობა, როგორი უნდა იყოს მოძღვარი, როგორ უნდა ვმსახურობდეთ და როგორ უნდა გვიყვარდეს ადამიანები,“ – აღნიშნა მამა შალვამ.

mama

საზოგადოება 1724432457

"მამაო, რატომ არ ვარ ბედნიერი?" - რას პასუხობდა მამა თეიმურაზი მრევლს ამ შეკითხვაზე

  მამა თეიმურაზ ქორიძის ქადაგებების მოსმენა რომ არავის სწყინდება, ეს კარგად ჩანს სოციალურ ქსელში. ბოლო დღეებია ახალგაზრდა მღვდლის ვიდეოებს უამრავი გაზიარება აქვს. ამ მხრივ აქტიურობენ სასულიერო პირებიც. მათთვისაც გვარიანი გამოფხიზლებაა 30 წლის მღვდლის ასე მოულოდნელი გარდაცვალება; მით უფრო, ასე სიყვარულის მთესველი მოძღვრისა.***მამა თეიმურაზ ქორიძე: ხშირად უკითხავთ ჩემთვის - მამაო, რატომ არ ვარ ბედნიერი ?მე კი ვეკითხები: - რას აკეთებ იმისათვის, რომ ბედნიერი იყო ?იცით რა არის პასუხი? ყველაფერი... გარდა იმისა, რასაც ბედნიერება მოაქვს...- შვილები მყავს, კარგი სამსახური მაქვს, არ ვიტყუები, ცუდი არაფერი გამიკეთებია, ყველას ვეხმარები, წირვაზე დავდივარ და ა.შ.ვაწყვეტინებ და კვლავ ვეკითხები:- რას ევედრები უფალს?პასუხად კი, ისევ იმავეს ვიღებ... კარგად ვიყო, ჩემს ირგვლივ ყველა კარგად იყოს და ა.შ.კვლავ ვუსვამ შეკითხვას:- რას გულისხმობ კარგად ყოფნაში?- აი, არ გვიჭირდეს, ჯანმრთელები ვიყოთ და ისევ საკაცობრიო ჩამონათვალი...ხედავ, ჩემო კარგო, ამდენი კითხვისა და პასუხის დროს არც ერთხელ გიხსენებია ღმერთი. . .დამდგარხარ ოდესმე ხატის წინ და გითქვამს უფლისათვის, რომ გიყვარს? . . . გიყვარს და არაფერს ითხოვ მისგან, რამეთუ მან იცის შენი მისაგებელი...?მადლობა გითქვამს უფლისათვის, მხოლოდ იმიტომ, რომ ბედნიერი ხარ იმით, რაც გაქვს?ღმერთთან ურთიერთობა - გასტრონომთან ურთიერთობა არ არის, მხოლოდ საჭიროებისათვის რომ მივმართავდეთ მას...თუ მადლობელი არ ხარ იმით, რაც გაქვს, თუ ერთხელაც არ გითქვამს უფლისათვის - რომ გიყვარს, თუ სიყვარული და მადლიერება არ არის შენს გულში შემოქმედისა, ვისგანაც გებოძა უნარი ბედნიერებისა, მაშინ როგორღა იქნები ბედნიერი?სრული ბედნიერება სიყვარულშია და ჭეშმარიტი სიყვარული კი - თავად სიყვარულის პირველ წყაროსთან ურთიერთობით იშვება ადამიანში.ღმერთთან სიახლოვის გარეშე - არ არსებობს ბედნიერება...ასევე დაგაინტერესებთ:"მინდოდა სოფლის მოძღვარი ვყოფილიყავი...“ - ფაქტები საოცარი მამა თეიმურაზის ცხოვრებიდანმამა თეიმურაზის ცხედარი წმინდა დოდო გარეჯელის ტაძარში გადაასვენეს

მამა თეიმურაზი

საზოგადოება 1724406529

„გესალმებოდა ისე გულითადად, რომ კაცს გეგონებოდა, მხოლოდ შენს ნახვას ელოდა მთელი დღის მანძილზეო!“ – მამა თეიმურაზ ქორიძეს სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან

მამა თეიმურაზ ქორიძეს სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან. ბლოგერი ბექა ერიაშვილი მამა თეიმურაზ ქორიძეს იხსენებს.როგორც ერიაშვილი წერს, მამა თეიმურაზი ნამდვილი ღვთისნიერი ადამიანი და ჭეშმარიტი ქრისტიანი იყო.„ბევრს შეგხვდებოდათ უკვე მამა თეიმურაზ ქორიძის გარდაცვალებაზე სამძიმრის პოსტები, მისი ქადაგებები და ლექსები გაზიარებული. ნამდვილად განსაკუთრებული ადამიანი იყო და მინდა ჩემი ორი სიტყვა ვთქვა მასზე და ავხსნა რატომაც.ვიცნობდი სასულიერო სემინარიიდან, ჩემზე ერთი კურსით წინ იყო, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ახლო ურთიერთობა არ გვქონია, მხოლოდ რამდენიმეჯერ გვაქვს ნასაუბრები და შეხვედრისას ოდენ მისალმებით შემოვიფარგლებოდით ხოლმე, ამითაც კი ვხვდებოდი, რომ საოცარი პიროვნება იყო. გესალმებოდა ისე გულითადად, ისეთი სიყვარულით, რომ კაცს გეგონებოდა, მხოლოდ შენს ნახვას ელოდა მთელი დღის მანძილზეო! როგორ ცუდ ხასიათზეც არ უნდა ყოფილიყავი, გული სიხარულითა და იმედით გევსებოდა, რომ კიდევ არსებობენ  სიყვარულის უანგაროდ გამცემი ადამიანები და მეორე დღეს ელოდი, რომ ისევ მისალმებოდი. ჰქონდა(აუცილებელი არაა ღმერთის რწმენა, რომ ეს შეგემჩნია და გეგრძნო) რაღაც არაამქვეყნიური ენერგია და მადლმოსილება, ვინც მას იცნობდა, ამაში უკლებლივ ყველა დამეთანხმება. იმ საზარელ ადგილას(სასულიერო სემინარიაში) ანათებდა და იმედის მბჟუტავი სხივი იყო, რომ საქართველოს ეკლესიას კიდევ ჰქონდა მომავალი.ვინც მიცნობთ იცით, რომ უხიაგი და უნამუსო სამღვდელოება და ეპისკოპატი იმდენჯერ მყავს ნალანძღი, მაგდენი გახარება თქვენ, მაგრამ მამა თეიმურაზი ნამდვილად ღვთისნიერი ადამიანი და ჭეშმარიტი ქრისტიანი იყო! მასთან ერთად მოკვდა ჩემი იმედები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მომავლის.მილიონერი ეპისკოპოსები ცოცხლივ ლპებიან ფუფუნებაში, მოსიარულე გვამებად არიან ქცეული და ანგელოზივით მამა თეიმურაზი კიდე, 30 წლის ბიჭი, მიებაროს უნდა მიწას. აბა, სადაა უფლის სამართალი? როგორც ჩანს ზედმეტად კარგი იყო ამ ჯოჯოხეთად ქცეული ქვეყნისთვისა და ეკლესიისთვის.ნეტა არ მცოდნოდა რა სიკეთისა და ბავშვური კეთილშობილების მატარებელი იყავი, იქნებ ასე არ ჩამგლეჯოდა გული ამ ქვეყნიდან შენი უდროოდ გასვლით,“ – წერს ბექა ერიაშვილი.

mamao

საზოგადოება 1724398535

Video: მამა თეიმურაზის ცხედარი წმინდა დოდო გარეჯელის ტაძარში გადაასვენეს

მამა თეიმურაზ ქორიძე დიდი ჩაილურის ტაძრიდან საგარეჯოს წმინდა დოდო გარეჯელის ტაძარში გადაასვენეს.  ხვალ, 24 აგვისტოს ახალგაზრდა სასულიერო პირს ამ ტაძრის ეზოში დაკრძალავენ. ვრცელდება გადასვენების კადრები:  

mama

საზოგადოება 1724346914

„მინდოდა სოფლის მოძღვარი ვყოფილიყავი...“ - ფაქტები საოცარი მამა თეიმურაზის ცხოვრებიდან

მამა თეიმურაზ ქორიძე თბილისიდან სოფელ დიდ ჩაილურში, ღვთისმშობლის შობის ტაძარში გადაასვენეს.ხვალ, 23 აგვისტოს, წირვის დაწყებამდე, მას საგარეჯოში, წმ. დოდო გარეჯელის სახ. ტაძარში გადაასვენებენ.დაკრძალვა შაბათს 24 აგვისტოს, წმ. დოდო გარეჯელი სახელობის ტაძრის ეზოში 14:00სთ-ზეა. სამუდამო განსასვენებელს დაიდებს ტაძრის ეზოში, სადაც 21 წლისა მივიდა და ცხრა წელი იმსახურა. ***30 წლის მოძღვრის მოულოდნელმა გარდაცვალებამ სრულიად საქართველო დაამწუხრა. ფეისბუქი სრულიად მოიცვა მამა თეიმურაზის ინტერვიუების ნაწყვეტებმა, მისმა საინტერესო ქადაგებებმა... განსაკუთრებით თვალშისაცემია ის, რომ ამ კუთხით სასულიერო პირები აქტიურობენ. დიდი სიხშირით აზიარებენ მის ვიდეოებს. ახალგაზრდა მღვდელმა თითქოს ერთიანად გამოაფხიზლა ერიც და ბერიც... ასე ზეცა ჩაგუბებული და გაცისკროვნებული თვალებით, იშვიათად გაგახსენდება მოძღვარი...სხივი ჰქონდა. იქაური. ზეციური...კამერა მგრძნობიარეა, სულს რეკლავს თვალებში. პირისპირ, ალბათ, ეს სხივი კიდევ უფრო ხილულად გამოკრთოდა მისგან...რატომ დაგვწყდა ასე გული? რამ გვატირა? მისმა ახალგაზრდობამ, გულწრფელობამ, სიყვარულის მქადაგებლის წასვლამ, სინათლის მატარებელი გულის გაჩერებამ... თუ უღმერთოდ ყოფნაარჩეულმა სამყარომ?...***გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს "სოფლის მოძღვრის" ცხოვრებიდან; მოძღვრისა, რომელმაც 12 წლის ასაკში "აღმოაჩინა" თავისი ღმერთი და მას შემდეგ, უფლისკენ მიმავალ გზაზე, ბევრი ჩააგდო რწმენაში და მოაქცია."12 წლის ბავშვი მუხლებზე ლოცულობდა მცხეთის ჯვრის მონასტერში. იცოდა, რომ უნდა გამოსულიყო უბრალო ადამიანების მოძღვარი, მათი, ვინც სოფელში, მიწაზე მუშაობენ, საკუთარი ოფლით მოჰყავთ სარჩო-საბადებელი. მისი სიტყვებია, "მინდოდა სოფლის მოძღვარი ვყოფილიყავი."როდესაც გავიცანი, ვიგრძენი, რომ მასზე წიგნი უნდა დამეწერა. ვუთხარი, ჩემს მეშვიდე წიგნს გვერდით გადავდებ და დავწერ წიგნს, რომელსაც დავარქმევ სოფლის მოძღვარს-მეთქი. დამეთახმა... ეს წიგნი არის მოძღვრის როლზე ქრისტიანის ცხოვრებაში" - ამბობს ციცი გურიელი, რომელმაც რამდენიმე თვის წინ გამოსცა წიგნი სწორედ ამ სახელწოდებით - "სოფლის მოძღვარი". წიგნში მოძღვრის ლექსებსა და მოთხრობებს გადააწყდებით.მაინც რატომ ნატრობდა პატარა ბიჭი სოფლის მოძღვრობაზე?მღვდელი თეიმურაზ ქორიძე: როდესაც სასულიერო სემინარიაში ჩავაბარე, იქ დავინახე, ადამიანები ტოვებდნენ სოფლებს და მოდიოდნენ ქალაქში. დიდი შემოდინება იყო ქალაქში. სოფლები ცარიელდებოდა. სანამ ჯერ კიდევ ენთო შუქი ერთ ოჯახში, მინდოდა თუნდაც იმ ერთი ადამიანისთვის მემსახურა სოფელში.ჩემი აზრით, სასულიერო პირობა თავგანწირვაა. რაღაც უნდა გააკეთო სხვისთვის. ქალაქში უამრავი სასულიერო პირია, რაიონებში კი, სიმცირეა სასულიერო პირების. რთულია გაიგო რა ტკივილთან, ოფლთან გიწევს შეჭიდება, როდესაც სოფლის მოძღვარი ხარ. ჩვენი ცხოვრება მსხვერპლის გაღებაა. მაცხოვარი ბრძანებს, მე მოვედი, რათა გემსახუროთ. მღვდლის მოვალეობაც ესაა, იმსახუროს და არა თავად მოიმსახუროს სხვები. ჩემი მიზანიც ეს იყო, კენჭისოდენა აგური დამედო იმ საქმეში, რასაც სოფლის მოძღვრობა და სოფელში ადამიანის დახმარება ჰქვია. თხოვნის სახით ვიტყვი, არასდროს დაივიწყონ ადგილი, სადაც დაიბადნენ და გაიზარდნენ. იქ სჭირდება აღორძინება. განვითარებული და აღორძინებული სოფელი, ქალაქსაც და ქვეყანასაც დიდ საქმეს გაუკეთებს. მონდომებაა საჭირო იქ აკეთო შენი საქმე, სადაც ყველაზე მეტად სჭირდება. დღეს სოფელში კვალიფიცირებული ექიმი ჭირს. ჩემი ნატვრა იყო სოფლის მოძღვრის პოპულარიზაცია მომხდარიყო, ამ სიტყვის კარგი გაგებით.დიდ ჩაილურში რომ ჩავედი, იქ არაფერი იყო. საღვთისმსახურო წიგნებიც კი არ იყო, არც მედავითნე, ცხადია. ორი ადამიანი დადიოდა წირვაზე. და ჩვენ ორნი ვატარებდით წირვას.დღეს ასზე მეტი მაზიარებელი დადის ტაძარში. სისტემატიურად მაზიარებელი აღმსარებელი. სოფელ მზისგულში ჩადი, ხალხს მიხედეო, რომ მითხრა მეუფემ, ჩავედი და დამხვდა მხოლოდ მინდორი. რა გამეკეთებინა? ტრაპეზი შევჭედე, მზისგულში, მზის გულზე დავიწყე წირვა. მერე ნელ-ნელა გადაიხურა, ამოშენდა, ორ მოხუც ბებოს ნელ-ნელა მიემატა ახალგაზრდები, მასწავლებლები... 21 წლის ვიყავი. რამდენჯერ ყოფილა რომ სოფელში ტაძრამდე ხან ტრაქტორით ავსულვარ, ხან ცხენით, ხანაც - ვირით. რა მნიშვნელობა აქვს, რითი მიხვალ. მთავარია ტაძრამდე მიხვიდე.***ბავშვობაში ფეხბურთს ვთამაშობდი. მეგობარმა მითხრა, ჯვრის მონასტერში დახმარება სჭირდებათო. დაახლოებით 12-13 წლის ვიყავი. მთელი გუნდი მივედით. იქ გავიცანი მამა გრიგოლ ქოჩიაშვილი, რომელიც ჩემამდე საოცარი სიახლოვით მოვიდა. ჩემთან ერთად გახდა ბავშვი. ეს დიდი იმედის მომცემი იყო. მამა გრიგოლი ჩემი მოძღვარი გახდა. დავიწყე ჯვრის მონატერში სიარული. 14 წლის ვიყავი, როდესაც ვმედავითნეობდი. აღდგომის მარხვას ჯვრის მონასტერში ვატარებდი. თუ ფეხბურთში ვარჯიში მქონდა, ჩამოვდიოდი თბილისში. მამებიც ხელს მიწყობდნენ ამაში. იქიდან დაიწყო ჩემი ფიქრი და ნატვრა, რომ ვყოფილიყავი სოფლის მოძღვარი. დავინახე, რომ ადამიანისთვის სულიერი ცხოვრება აუცილებელია. აუცილებელია ტაძარი, რომ უფრო მეტად ძლიერი იყო, ვიდრე ხარ. ***მე და ჩემმა მეუღლემ 15 წლის ასაკში გავიცანით ერთმანეთი და იქიდან მოყოლებული ერთად ვართ. არც ერთი ცხოვრებისეული გადაწყვეტილება შეუთანხმებლად არ მიგვიღია. ჩვენს ოჯახში ყველა გადაწყვეტილება შეჯერებული, გაანალიზებულია. ადამიანი ბედნიერია, როდესაც ის თავისუფლებას საყვარელი ადამიანისგან იღებს.მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი გადაწყეტილება - სოფლის მოძღვარი ვყოფილიყავი, მეუღლისთვის დაბრკოლება არ იქნებოდა. ოჯახმა მალე აუღო ალღო სოფელში ცხოვრებას. ერთად მივდივართ, მოვდივართ წირვაზე. ბავშვები გზაში, მანქანაში გაიზარდნენ.ჩემი მეუღლის მამაც მოძღვარია. მან იცოდა, როგორია სასულიერო პირის ოჯახში ცხოვრება და რთული იყო მისთვის. დედაჩემს არ სურდა სასულიერო სემინარიაში ჩამებარებონა. გურული ვარ, ცოტა ჯიუტი. ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა.ყველაზე მთავარი ჩემთვის, როგორც მოძღვრისთვის, ადამიანთან ურთიერთობის შემეცნებაა. რთულია, მაგრამ სიკეთის მომტანი, როგორც მრევლისთვის, ისე საკუთარი თავისთვის. ნუგეშის მიცემა, პრობლემიდან რომ გამოიყვან და ბედნიერი თვალებით მიდის. შეუდარებელია.რამდენ ადამიანს ვაზიარებთ, ვერ ვიმახსოვრებთ მოძღვრები, ბევრია აღმსარებელი. დიდ შაბათს 250 აღსარება ჩავიბარე. რთულია დამახსოვრება.ერთხელ მოვიდა ერთი ადამიანი. ითხოვა, ახალგაზრდა, გამხდარი მამაო რომ არის, მისი ნახვა მინდაო. გავედი. ვერ ვიცანი. მე თქვენ სიკვდილს გადამარჩინეთო, მითხრა. საგარეჯოში, საავადმყოფოში მძიმე სნეულებით დაავადებულებისგან ვიბარებ აღსარებას და ვაზიარებ ხოლმე. ერთ-ერთი იმათგანი აღმოჩნდა. მეგონა, ისევ სჭირდებოდა დახმარება, ან აღსარება უნდოდა ჩაებარებინა. მაგრამ არა, მხოლოდ იმისთვის მოვედი, რომ მადლობა მინდა გადაგიხადოთო. აი, ეს სიხარული გაძლევს იმ ძალას, რომ შემდეგში ისევ იშრომო, მეტი ჩადო. ერთი მადლობა რამდენიმე თვეს გაძლებინებს. მუხტით ხარ.***"თავისუფალ დროს ჩემი ხუთი წლის ვაჟთან ერთდ ფეხბურთის თამაში მიყვარს. ეს არის განმუხტვაც და დასვენებაც ჩემთვის. იოანე ფეხბურთზე ახლახან შევიდა და უხარია."***მამა თეიმურაზს აქვს კრებული "ჩემო მაცხოვარო", რომელიც წლების წინ გამოუშვა. მაისში საპატრიარქოს არხზე სტუმრობისას თქვა:"მაქვს ბევრი პირადი ჩანაწერი, რომელიც მხატვრულ ნიშნებს შეიცავს. მინდა გამოვცე წიგნი "მღვდლის დღიურები". იმედია, ღვთის წყალობით განვახორვციელებ. მინდა მოძღვრის ცხოვრების შესახებ ბევრი იცოდეს საზოგადოებამ. ზოგჯერ ჰგონიათ, რომ ჩვენ ციდან ჩამოფრენილი ანგელოზები ვართ. ასე არ არის." მამა თეიმურაზ ქორიძე იყო სამი ტაძრის წინამძღვარი - საგარეჯოს წმინდა დოდო გარეჯელის სახელობის ტაძრის, დიდი ჩაილურის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის და მზისგულის მოციქულთა ტაძრის წინამძღვარი. სექტემბერში პოსტ კოვიდური გართულებით მართვით სუნთქვაზე ერთი თვის მანძილზე იმყოფებოდა. ერი მის გამოჯანმრთელებას სთხოვდა უფალს. ეს უკვე მეორედ დაუძვრა სიკვდილს. პირველად ადრე, მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევისას, ბეწვზე რომ გადარჩა. სიყვარულის გარეშე ამაო და ფუჭია ყველაფერიო, ქადაგებდა გაცისკროვნებული თვალებით. "მაშინ, როდესაც სიკვდილის სარეცელზე ხარ, ერთადერთი, რაც კი დაგრჩენია და რაც კი მიგაქვს, არის სიყვარული.დანარჩენი ამქვეყნიური და ამაოა. სადღაც ელოდები ღმერთთან შეხვედრას და იმედი გაქვს, რომ მას აუცილებლად იხილავ, რადგან ამის იმედით ცხოვრობ ადამიანი. მაგრამ ერთადერთს დანამდვილებით ხვდები, არაფერი არ არის ადამიანის ცხოვრება სიყვარულის გარეშე. სუნთქვა სიყვარულით უნდა გაჟღინთო და ყველას უნდა მიანიჭო სიყვარული. სიტყვა ძალიან ძვირფასია,  ყველა წარმოთქმულ სიტყვას უნდა გაუფრთხილდეს ადამიანი. მუშტმა შეიძლება ისე ვერ გავნოს, როგორც სიტყვამ. ეს სიტყვები რჩება და მიგვყვება მარადისობაში... იმდენად საშინელი ტკივილები მქონდა, ამ ქვეყნიდან გაყვანას ვთხოვდი უფალს. მაგრამ უფალმა ეს არ ინება. მეუღლეს დავპირებივარ, რომ დავბრუნდებოდი. ჩემი გადარჩენის ერთი პროცენტიც არ არსებობდა. მაგრამ აქ ვარ და მხნედ. ამან ერთი რამ დამანახა, ადამიანი არაფერი არ ხარ, ერთ წამში დამთავრდება ყველაფერი. თუკი ხარ, ხარ მხოლოდ გაცემული სიყვარულის გამო. დანარჩენი ამაოა..."და 30 წლის მოძღვრის უკანასკნელი ქადაგება მხოლოდ ეს სიტყვები იყო - "მე თქვენ მიყვარხართ..."

მამა თეიმურაზი

საზოგადოება 1724316143

„სიყვარულის დიდი ნიჭით დაჯილდოებული, პოეტური სულის, სათნო მოძღვარი... ახლა უფლის ნებით იწყებს იმ ცხოვრებას, რისთვისაც მთელი შეგნებით იღვწოდა ამქვეყნად...“ - პატრიარქის სამძიმრის წერილი

მღვდელ თეიმურაზ ქორიძის გარდაცვალების გამო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სამძიმრის წერილს აქვეყნებს:„ვინც კი იცნობდა ან ერთხელ მაინც თუ მოუსმენია მღვდელ თეიმურაზ ქორიძისათვის, არასოდეს დაივიწყებს მას, - სიყვარულის დიდი ნიჭით დაჯილდოებულ, პოეტური სულის, გონიერ, სათნო, მართლაც გამორჩეულ მოძღვარს, თავმდაბალ და ღირსეულ პიროვნებას, ერთგულ მეუღლესა და მამას, დედისა და ძმის სიხარულს, მრავალთა იმედს...დიდად ვწუხვართ და, პირველ რიგში, ვუსამძიმრებთ ოჯახს და საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიას.მან სრულიად ახალგაზრდამ აირჩია უფლის გზა და სამსახურებლად თბილისის მკვიდრი, რაიონში, სოფელ დიდ ჩაილურში, წავიდა. ესეც მისი პიროვნების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია.ახლა კი იგი უფლის ნებით იწყებს იმ ცხოვრებას, რისთვისაც მთელი შეგნებით იღვწოდა ამქვეყნად.ვლოცავთ მის უკვდავ სულს უფლის სავანესა შინა დამკვიდრების იმედით და შევთხოვთ მაცხოვარსა ჩვენსა იესო ქრისტეს, ნუგეში და სულიერი სიმტკიცე მომადლოს მღვდელ თეიმურაზის ოჯახს, სამწყსოსა და საახლობლოს.მადლიერების ნიშნად კი მისთვის ლოცვა და მის სახელზე კეთილ საქმეთა აღსრულება ჩვენ ყველას გვმართებს.ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი“,- ნათქვამია სამძიმრის წერილში.

მამა თეიმურაზი

საზოგადოება 1724235187

ცნობილია, სად დაკრძალავენ მღვდელ თეიმურაზ ქორიძეს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მღვდელ თეიმურაზ ქორიძის დაკრძალვასთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს.„მღვდელ თეიმურაზ ქორიძეს, საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოს ლუკას (ლომიძე) კურთხევით, 2024 წლის 22 აგვისტოს, დილით თბილისიდან გადაასვენებენ საგარეჯოს წმინდა დოდო გარეჯელის სახელობის საკათედრო ტაძარში (მის. საგარეჯო, ბარათაშვილის ქ. N 23).შაბათს, 2024 წლის 24 აგვისტოს, წირვის შემდეგ შედგება წესის აგება და 14:00 საათზე დაიკრძალება ამავე ტაძრის ეზოში“, -ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.ამასთან, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სამძიმრის წერილს აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ მამა თეიმურაზი საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი იყო და სამსახურის დაარსების პირველივე დღეებიდან აქტიურად გახლდათ ჩართული მის მუშაობაში.„მწუხარებით ვიუწყებით, რომ გარდაიცვალა საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიის სოფელ დიდი ჩაილურის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი თეიმურაზ ქორიძე.მამა თეიმურაზი საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი იყო და სამსახურის დაარსების პირველივე დღეებიდან აქტიურად გახლდათ ჩართული მის მუშაობაში.მწუხარებას გამოვთქვამთ მღვდელ თეიმურაზის გარდაცვალების გამო, თანავუგრძნობთ საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიის სასულიერო დასს, მრევლს, განსვენებულის ოჯახსა და ახლობლებს.უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული მღვდელი თეიმურაზი“,- ნათქვამია სამძიმრის წერილში.