1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის სცენაზე მსახიობი და რეჟისორი რეზი ქაროსანიძე გარდაცვლილი იპოვეს. 9 და 10 თებერვალს თეატრში სპექტაკლები უკვე მოიხსნა.
როგორც თეატრში „პრაიმტაიმს“ უთხრეს, მომხდარით შოკირებულები არიან და ოფიციალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.
ცნობილია, რომ ისინი სემუელ ბეკეტის „გოდოს მოლოდინში“ სპექტაკლზე მუშაობდნენ და დადგმა მსახიობ და რეჟისორ რეზი ქაროსანიძეს ეკუთვნიდა. ეს მისი მეორე სპექტაკლია, რომელსაც რეჟისორის ამპლუაში აკეთებდა.
პიესის არჩევას წინ უძღოდა პროცესი, რომელსაც რეჟისორი " ყველაზე საინტერესოს" უწოდებდა. უკანასკნელი ინტერვიუ ადგილობრივმა სააგენტომ, „ქუთაისიპოსტმა“ ჩაწერა.
„პიესის არჩევამდე პერიოდია ძალიან საინტერესო. არასდროს მიფიქრია რომ ეს პერიოდი იქნებოდა საინტერესო პირველ სპექტაკლზეც ეს დამემართა და მეორეზეც. რაღაც ისე გადაგაქვს ცხოვრებაში ძიების პროცესი და ისე აღმოჩნდები ყველა ამ გმირის მოთამაშე ქუჩაში იქნები თუ სახლში, რომ ეს ძალიან საინტერესოა".
იგივე პანდემიის შემდგომმა პერიოდმა მოიტანა "დონ ჟუანზე" მუშაობის სურვილი. სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვება, ჩაკეტილისა და აკრძალულის მიმართ პროტესტი მასშტაბური ზეიმით უნდა განხორციელებულიყო.
"დონ ჟუანის" ზეიმის განცდა ისე ძლიერი მქონდა, რომ მთლიანად მომიცვა. თეატრის ფოიეში მინდოდა ამის გაკეთება. სპექტაკლს დიდ მასშტაბებში ვხედავდი თავისი მუსიკით, დეკორაციით, კოსტიუმებით. ოდესმე გავაკეთებ ამ სპექტაკლს. მერე მოხდა ისე, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო დრო თეატრმა ძალიან გაწელა . "დონ ჟუანის" პრემიერა 8- 9 თვის წინ უნდა მქონოდა. ვადების ცვლამ და დროის გასვლამ ზეიმს ფერები გაუხუნა. ის ადამიანური რესურსი რაც მე მყავდა, ის ბიჭები და გოგონები, რომელთათვისაც კონკრეტული ვადა მქონდა ნათქვამი, თარიღების ცვლილების გამო წავიდნენ, ასე გამომეცალა ჩემი "დონ ჟუანი" ხელიდან".
ზეიმის შემდგომი ფაზა დიდი სევდაა, განუხორციელებელი ზეიმის შემდგომი ნაბიჯი კი დეპრესია.
"ეს ზეიმი ჩემში მთლიანად გაქრა. დამეწყო პროტესტის განცდა და ეს პროტესტის განცდა ისე გაბლაგვებული იყო რომ გადამივიდა დეპრესიაში. ზუსტად ბეკეტისეულ დეპრესიაში".
რეზი ქაროსანიძისთვის სემუელ ბეკეტის პიესის არჩევა იმ ყოფამ და ყოველდღიურობამ განაპირობა რაშიც უწევს ცხოვრება მას და სხვა ახალგაზრდებს. უძრაობა ქალაქში, ცვლილებების შეუძლებლობის განცდა, შემოქმედებითი "ბერმუდის სამკუთხედი", სადაც იკარგები და ძნელად ახერხებ გამოსვლას. დაკარგული დრო, რომელიც ყველაზე ძალიან გენანება და ა.შ.
ამ რეალობამ ახალი შემოქმედებითი პროტესტი დაბადა.
„მივხვდი რომ (პროტეტის) ამოხეთქვის დრო არ უნდა დამეკარგა და ბეკეტმა ამის საშუალება მომცა“, - ამბობს სპექტაკლის რეჟისორი.
ბეკეტის "გოდოს მოლოდინში" ძალიან ბევრჯერ დადგმული პიესაა. რაც ერთი მხრივ ცდუნებას აჩენს ნახო ყველა ეს დადგმა, რომელიც თავის მხრივ იმის საშიშროებასაც ქმნის, რომ მოექცე რომელიმე ინტერპრეტატორის გავლენის ქვეშ. ამიტომ რეზი ქაროსანიძეს თავისი დამოკიდებულება აქვს კლასიკური და აღიარებული პიესების მიმართ - მათ მხოლოდ მაშინ ნახულობს როდესაც საკუთარ დადგმას განახორციელებს.
თუმცა სპექტაკლებამდე არსებობს დიდი ავტორის სახელგანთქმული პიესა, რომელიც თავის მხრივ იმის ხაფანგს აჩენს მთლიანად მას დაემორჩილო.
„პიესასაც რომ კითხულობ გიტოვებს ეს ავტორი კლოუნადის განცდას, ინტელექტუალურ ირონიას საკუთარი თავის და სამყაროს მიმართაც. მასხარად გაქცევს ამ ტრაგედიაში. რაც არავითარ შემთხვევაში არ მომინდა. სურვილი გამიჩნდა ბეკეტი "სხვა პროტესტით" მელაპარაკა... ჩვენ, მეგობრებს, თანამოაზრეებს, რაც გვაგდებდა დეპრესიაში და თან არ გვაშორებდა ერთმანეთს ეს იყო ფრენის სურვილი. ჩვენ გვინდოდა ფრენა და არ ვიცოდით როგორ გვეფრინა. ისე მოხდა, რომ, როდესაც გადავწყვიტე სად მოხდებოდა სპექტაკლის მოქმედება პილოტებად წარმოვიდგინე "გოდოს" პერსონაჟები, რომლებიც ზეციდან ვარდებიან", - ამბობს რეზი ქაროსანიძე.
რეზი ქაროსანიძეს და მისი პერსონაჟებს სპექტაკლში სხვა მოლოდინის შექმნის სურვილი აქვთ.
„ყველაზე მთავარი ის არის ჩემთვის, რომ მე არ ველოდები (გოდოს) გადასარჩენად. მე ველოდები გოდოს იმისთვის რომ მოვკლა, ვესროლო. ეს ბიჭებიც ხომ იმიტომ ჩამოვარდნენ ამ უდაბნოში რომ ღმერთები მოკლან დ ა საკუთარ თავზე აიღონ პასუხისმგებლობა", - ამბობს რეზი ქაროსანიძე.