1760559559
„ზაფხულის ტურისტული სეზონით კმაყოფილი ვარ“ - ერეკლე კოკაია

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები 9 თვეს აჯამებენ. სასტუმროებისა და ტურისტული კომპანიების მენეჯერების თქმით, იანვარი-სექტემბრის პერიოდში, მნიშვნელოვნად გაიზარდა სტუმრების რაოდენობა და შემოსავლები. სასტუმროების ქსელის წარმომადგენლის, ერეკლე კოკაიას თქით, გაზრდილია როგორც სასტუმროების დატვირთულობა, ასევე შემოსავლები.
„ზამთრის სეზონი, პირველი კვარტალი, როგორც გვქონდა გეგმაში, ზუსტად ისე წარიმართა. განსაკუთრებით კარგი იყო ზამთრის კურორტებისთვის. ხაზს გავუსვამ, გუდაურმა ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა, მოთხოვნა აშკარად დიდი იყო. მითუმეტეს, ჩვენ დავამატეთ კიდევ ერთი კორპუსი, 5-ვარსკვლავიანი, რომელსაც უფრო მაღალი ფასი ჰქონდა, მაგრამ ისიც სწრაფად შეივსო, რაც საკმაოდ კარგი შედეგია. გაზაფხულზე, გარდამავალ სეზონზე, ყველგან შედარებით დაბალი მოთხოვნა იყო, მაგრამ აქაც ვარაუდის შესაბამისად განვითარდა. ზაფხულში მოლოდინი ძალიან კარგი გვქონდა. ერთადერთი, ზაფხულის პერიოდში ერთთვიანი ჩავარდნა იყო: როდესაც ომი დაიწყო ისრაელსა და ირანს შორის, მაშინ გაგვიუქმდა არა მხოლოდ ისრაელის ჯავშნები, არამედ არაბული ჯავშნებიც, და ფრენებიც შემცირდა. ამის გამო მოგვიწია პროგნოზის შეცვლა, თუმცა ივლისი - აგვისტოთი მალევე დასტაბილურდა, არც კი ვიცი, ამდენი გაუქმების შემდეგ ასე სწრაფად როგორ მოხდა დასტაბილურება. ჯამში ზაფხულის ტურისტული სეზონით კმაყოფილი ვარ“.
ერეკლე კოკაიას თქმით, ვიზიტორთა გამორჩეული ზრდა ფიქსირდება რეგიონებში მდებარე სასტუმროებში, იმერეთში ჭარბობენ ევროპელი ტურისტები, შეინიშნება ახალი ტურისტული ბაზრების გააქტიურება.
„რეგიონებში ზრდა გვქონდა გორში. ყველაზე დიდი ზრდა იყო ჩინეთიდან, ასევე, ზრდა შეინიშნებოდა ინდოეთის ბაზრიდან. ქუთაისში ისედაც მაღალი დატვირთვა გვაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ მეტი ადგილები არც გვაქვს და ვერც გავზრდით, ვცდილობთ, რომ ქუთაისში ფასები გავზარდოთ მომავალი წლისთვის, იმიტომ, რომ გვინდა შენარჩუნდეს ეს ტენდენცია.
ქუთაისი ძირითადად უცხოელებით არის დატვირთული, არიან ქართველებიც, მაგრამ უცხოელების ძირითადი რაოდენობა ევროპიდან, არიან რომლებიც დაფრინავენ Wizz Air-ით. ძალიან ბევრ ტურისტულს აქვს ფრენა ქუთაისში და ხშირად იყო შემთხვევა, რომ ვერ ვიღებდით ჯავშნებს, იმიტომ, რომ ადგილები არ გვქონდა. ქუთაისი მოთხოვნადია არა მხოლოდ ევროპელი ტურისტებისთვის, არამედ ტაილანდელი და ჩინელი მოგზაურებისთვის“,-განაცხადა ერეკლე კოკაიამ.