„ყველაზე საშიში ყავის ტიპი“ - ჯანდაცვის ექსპერტი მნიშვნელოვან ინფორმაციას აქვეყნებს

ყავა

გიორგი ფხაკაძე, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე, სოციალურ ქსელში ყურადღება გაამახვილა ყავის მომზადების მეთოდზე და საზოგადოებას გაფრთხილება მისცა. მისი თქმით, სწორედ მომზადების ტექნიკაზეა დამოკიდებული, იქნება თუ არა ყავა ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო, ან პირიქით — გაზრდის გარკვეული დაავადებების რისკს.

ფხაკაძის განმარტებით, ფილტრის გარეშე მომზადებული ყავა, როგორიცაა თურქული, სკანდინავიური მოხარშული ან ფრანგული პრესით მიღებული - შეიცავს კაფესტოლსა და კაჰვეოლს, რომლებიც ყავის ზეთებში გვხვდება და ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ზრდის LDL ქოლესტერინის („ცუდი ქოლესტერინი“) დონეს. მაღალი LDL ქოლესტერინი კი ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, მათ შორის ათეროსკლეროზის, გულის შეტევის და ინსულტის განვითარების მხრივ.

კვლევების მიხედვით, ყოველდღიური მოხმარების დროს ოთხიდან ექვს ფინჯანამდე ფილტრის გარეშე მომზადებული ყავა შესაძლოა LDL ქოლესტერინის დონე 10–16 მგ/დეცილიტრით გაზარდოს, რაც უკვე კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებაა. პროფესორი ფხაკაძე ხაზს უსვამს, რომ განსაკუთრებით მაღალი ზეთების კონცენტრაციაა თურქულ ყავაში, რომელიც დუღილის მეთოდით მზადდება და ფინჯანში რჩება ნალექი. ასევე პრობლემურია ფრანგული პრესი და ავტომატური აპარატების ყავა, სადაც მეტალის ფილტრები დიტერპენებს ვერ აკავებს ისე ეფექტურად, როგორც ქაღალდის ფილტრი.

„მკვლევრები ხშირად ურჩევენ ადამიანებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც მაღალი ქოლესტერინი ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი აქვთ, აირჩიონ ქაღალდის ფილტრით მომზადებული ყავა, რადგან ეს შედარებით უსაფრთხო ვარიანტია,“, აღნიშნავს ფხაკაძე.

ამ ნაშრომის შედეგები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ყავის მომზადების მეთოდი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია და სწორ არჩევანზე უნდა გაკეთდეს აქცენტი.