ყველაზე მნიშვნელოვანი უნარები, რომლებსაც სასკოლო ასაკის ბავშვი უნდა ფლობდეს - ფსიქოლოგის რჩევა დედებს

skola

ბავშვთა ფსიქოდიაგნოსტი ზანდა ჩეჩელაშვილი წინასასკოლო მზაობასა და მასთან დაკავშირებულ მცდარ წარმოდგენებზე საუბრობს. 

მისი თქმით, მშობლები ზედმეტად ზრუნავენ შემეცნებით განვითარებაზე, ბევრი სხვა აუცილებელი უნარი კი ყურადღების მიღმა რჩებათ.

ზანდა ჩეჩელაშვილის განმარტებით, წინასასკოლო ასაკის ბავშვის რესურსი არ უნდა მოცდეს ინფორმაციის დამახსოვრებაზე, მისი რესურსი სხვა საჭირო უნარების შეძენაზე უნდა დაიხარჯოს.

„მშობელი გახარებულია, 3 წლის ბავშვი ციფრებს რომ ცნობს, იცის ასოები, 3 ენაზე ასახელებს ფერებს და ამ დროს თავისი ხელით ვერ ჭამს, ფეხსაცმელს იხდის, ტუალეტის ჩვევა არ აქვს გამომუშავებული. გვავიწყდება, რომ ყველა უნარს თავისი განვითარების კრიტიკული პერიოდი აქვს. ბავშვის გონებაში ყველაფერი შეგვიძლია ჩავპრესოთ, მაგრამ რაში გვჭირდება ეს? რაში სჭირდება 3 წლის ბავშვს ასოების ცოდნა? თუ გენიალურობასთან გვაქვს საქმე ან ბავშვს აქვს მოთხოვნილება და ინტერესი, რომ ისწავლოს, რა თქმა უნდა, ამას ვუკმაყოფილებთ, მაგრამ ტიპური განვითარების ბავშვს ეს არ სჭირდება, მისი რესურსები ამაზე არ უნდა მოცდეს. ბავშვი უნდა სწავლობდეს ფუნქციურ თამაშს, სიმბოლურ თამაშს, წესებს, თანატოლებთან ერთ სივრცეში თამაშს. შეეძლოს ბურთის გაგორება, ბურთის მიზანში სროლა, კალმის ხელში სწორად დაჭერა და ჯღაბნა, მარტივი ფიგურის ცნობა და მათი გადმოხატვა, გაფერადება, მაკრატლის ხელში დაჭერა. ეს არის ის უნარები, რაც მერე სკოლაში ეხმარება. უნდა იცოდეს რაოდენობრივი ცნებები, პირველი რომელია, მეორე რომელია, ვის მეტი აქვს, ვის ნაკლები აქვს, რომელია ერთი და რომელი - ბევრი. სწორედ ეს დაეხმარება სკოლაში რომ წერა, ანბანი და ანგარიში ისწავლოს. აუცილებელია დამოუკიდებლობის უნარ-ჩვევები. ემოციური თვითრეგულაციის უნარები- თუ ისე შფოთავს, რომ გაკვეთილს ვერ ყვება, რად გვინდა ასეთი ცოდნა. ან თუ სკოლაში მეგობრებს ვერ იჩენს და თანატოლებთან ურთიერთობა არ შეუძლია" - ამბობს ზანდა ჩეჩელაშვილი.

წყარო: mshoblebi.ge