„ყველაზე მაღალი მატება სამცხე-ჯავახეთის რეგიონსა და თბილისში ფიქსირდება“ - ივანე ჩხაიძის საგანგაშო განცხადება

ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე წითელას ვურუსის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ვირუსის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.

,,ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონში, 2024 წლის განმავლობაში 127 ათასი შემთხვევაა დაფიქსირებული და 1997 წლიდან ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. 25 წელზე მეტია ასეთი რაოდენობის წითელა ჯანმოს ევრპულ რეგიონში არ დაფიქსირებულა. ევროპაში 32 ათასი შემთხვევაა, თუმცა აქედან, ყველაზე მეტი, 27 ათასი რუმინეთშია. ევროპის კონტინენტზე წითელათი 18 ადამიანი გარდაიცვალა”, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავართან”.

მისი თქმით, ანალოგიური მდგომარეობაა აშშ-ში. 2024 წელს 285 შემთხვევა იყო, ახლა 4 თვეში არის 712. 2 შემთხვევა უკვე დაფიქსირებულია გარდაცვალების, რომელიც ამ ქვეყანაში ათწლეულებია არ ყოფილა.

როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, საქართველოშიც მატების დინამიკაა, მაგრამ არა ისეთი მკვეთრი, როგორც სხვა ქვეყნებში.

,,ჩვენთან 2022 წელს წითელას 12 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. 2023 წელს 26 და 2024 წელს 337. 2025 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში 142 შემთხვევაა წითელასი ქვეყანაში. საქართველოს რეგიონებში ყველაზე მაღალი მატება სამცხე-ჯავახეთის რეგიონსა და თბილისში ფიქსირედება. გარდაცვალების ერთადერთი შემთხვევა 2022 წელს დაფიქსირდა და ისიც სამცხე-ჯავახეთში”, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავართან”.

მისი თქმით, საქართველოს ორ რეგიონში, კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმში ბოლო სამი წელია არ დაფიქსირებულა წითელას შემთხვევები.