„ყველა დარდს მაშორებდა საკუთარი გულის ხარჯზე... ღმერთო, ვეღარ ვუძლებ!“ – რას წერს დაკარგული პროფესორის, გიორგი გახელაძის მეუღლე

გიორგი გახელაძე

დაკარგული პროფესორის, გიორგი გახელაძის მეუღლე, ირმა მალაციძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„მე და გიომ ერთმანეთი „რეზონანსში“ გავიცანით. ყველაზე მზრუნველი ადამიანი იყო, ვისაც იქამდე ვიცნობდი და იმის შემდეგაც. გიო ახვლედიანმა მისტერ ვულფი შეარქვა. ფილმ „მაკულატურას“ ერთ-ერთი გმირის სახელი, კაცის, რომელიც ყველას უგვარებს პრობლემებს. მართლა ასე იყო. ყველაზე ზრუნავდა. საახალწლო კარნავალზე, მახსოვს, ყველაზე „მამა-ჟურნალისტის“ პრიზიც გადასცეს.

ეს ფოტოები იმდროინდელია. ჩვენი გაცნობის პორველი თვეების. გიო ჩემი განყოფილების რედაქტორი იყო და მასალაზე წასულს, გვიან რომ მიწევდა დაბრუნება რედაქციაში და ბუფეტი უკვე დაკეტილი იყო, ყოველთვის მახვედრებდა სენდვიჩს და ყავას. ავად თუ გავხდებოდი, ექიმთან მივყავდი. ქალაქში, სადაც ოჯახი არ მყავდა, შვილივით მივლიდა და მპატრონობდა. მაშინ უბრალოდ მისი თანამშრომელი ვიყავი. და მხოლოდ ჩემს მიმართ არ იყო ასეთი. ყველაზე ზრუნავდა.

იმის შემდეგ 26 წელი გავიდა და არაფერი შეცვლილა. ყველა დარდს მაშორებდა, საკუთარი გულის ხარჯზე. ჰოდა, როგორ დავიჯერო, რომ ახლა ამისთვის გამიმეტებს და მარტოს დამტოვებს?

ღმერთო, ვეღარ ვუძლებ!“ - წერს ირმა მალაციძე.