1730750492
"ყუთზე დიდი ასოებით დააწერა "ოქრო და ბრილიანტები" და გადასცა მუშებს... მეორე დღეს, გულწრფელად უკვირდა, სად გაქრა ყუთი..." - უცნობი ამბები მარიკუნა მიქატაძეზე
ახალგაზრდების გარდაცვალებით სავსე ზაფხულის ერთ-ერთ შოკად, მარიკუნა მიქატაძის მოულოდნელი წასვლა მიმაჩნია. დღე არ გადის, მეგობრებმა და ახლობლებმა არ გაიხსენონ. ბუნებრივია, უჭირთ ამ რეალობისთვის თვალის გასწორება. როგორი გადასატანია ასეთი თვალისმომჭრელი ახალგაზრდა ქალის გაქრობა... ამ ამბის მომსწრეს, გოგლა ლეონიძის უკვდავი "ნატვრის ხის" ფრაზა გახსენდება - "სად მიდის ეს სილამაზე, სად იკარგება..."
გია ფერაძის ქალიშვილს დიდი სამეგობრო ჰყავდა. მის მეგობრებს შორის ალინა არველაძეა, გიორგი არველაძის ყოფილი ცოლი. აი, როგორ იგონებს ალინა გარდაცვლილ მეგობარს.
ალინა არველაძე: გული რომ მონატრებით გადამევსება ხოლმე და გაუსაძლისი ხდება, შიგადაშიგ მინდა ვწერო ჩვენს მარიკუნაზე, ამაში შვებას ვპოულობ. კი შტერს ვეძახდით, ხშირად, ამ გოგოს ყველანი, მაგრამ ყველაზე ბრძენი შტერი იყო ეს პატარა.
ჯერ ახალგაზრდობაში რომ მიხვდეს ადამიანმა მთავარ რაღაცებს - ძალიან იშვიათია. ამან კი ეგრევე მიხვდა, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ბოლომდე ერთგული იყო ამისი -გიჟივით უპირობო სიყვარულის და ღმერთის.
მარხვის მკაცრი დაცვა და ეკლესიაში სიარული არ მიგულისხმია. თავისი ურთიერთობა ჰქონდა ღმერთთან განსხვავებული. იძახდა კიდეც: "მარტო, მე არასდროს ვარო!"
თუ არ იცნობდა კიდე ვინმე მარიკუნას ჩემი ამხანაგებიდან და მინდოდა ორი სიტყვით ამეხსნა, რა მეგობარი მყავს და რატომ მაინცდამაინც მასზე ვარ ასე გადარეული, სულ ერთსა და იმავეს, ჩემს საყვარელ ისტორიას ვყვებოდი, რითიც შემაყვარა თავი საბოლოოდ.
ბევრი რამ ჰქონდა მის ოჯახს, კარგი წარმოშობიდან დაწყებული - მატერიალურამდე, ყველაფერი. თითქმის ყველა მთავარი ოჯახის წევრი რომ გარდაეცვალა, დარჩა მარტო, პატარა პრინცესა. მოუწია სხვა სახლში გადასვლა და რა თქმა უნდა, ბევრი კარგი ნივთის გადატანა დასჭირდა ერთი სახლიდან მეორეში. თავისი ჭკუით ყველაფერს აორგანიზებდა. სხვადასხვა ყუთს დააწერა: “ჭურჭელი”, “ტანსაცმელი”, “თეთრეული” და ა. შ.
ხოდა, ერთ-ერთ ყუთზე დიდი ასოებით დაწერა - "ოქრო და ბრილიანტები" და ასე გადასცა მუშებს...მეორე დღეს გულწრფელად უკვირდა, რომ ეს ყუთი სადღაც გაქრა. ჩემთვის ეს ისტორია სულ ორიენტირი და კომპასი იყო, ეს ვისთან მაქვს საქმე და ვინ მეგობარი მყავს, ეს პატარა პრინცესა-მეთქი. როგორ მიხარია, მარიკუნ, ასეთი ჭკვიანი რომ იყავი და ასე ადრე რომ მიხვდი, რომ შენ თვითონ ხარ ბრილიანტი და არაფერი დასანანი არ იყო იმ ყუთზე... ყველაზე ძალიან მაინც ის რკინის უზარმაზარი რგოლები გიხდებოდა ყურებზე , "მარინუკებს" რომ ვეძახდით.