„ყურის, ფილტვების და ტვინის ანთებითაც კი რთულდება“ - პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს აფრთხილებს

ინგა მამუჩიშვილი

დაიწყო ყვავილობის პროცესი და გავრცელდა ალერგიული რეაქციებიც, რომელიც სხვადასხვა ფორმით ვლინდება, თქვენი შიში ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უკავშირდება ინფექციურ დაავადებებს, ძირითადად წითელა გაშინებთ! - ამ შინაარსის პოსტს პედიატრი ინგა მამუჩიშვილი წერს და მშობლებს აღნიშნული ინფექციაზე აფრთხილებს.

„რა არის წითელა? წითელა მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ინტოქსიკაცია, ჰიპერთერმია, თვალის ლორწოვანების ანთებითი პროცესი, კვანძოვან-ლაქოვანი გამონაყარი ჯერ სახეზე და შემდგომ, მთელ ტანზე ეტაპობრივი გავრცელება, ხველა, სურდო, ლოყის ლორწოვანზე მოთეთრო ფერის ლაქები, ქუთუთოების შეწითლება და შეშუპება, მისი ფარული პერიოდი 10 დღემდე გრძელდება, გამონაყარი და კლინიკური სიმპტომატიკაც 10 დღემდე გრძელდება, ძირითადად, ავადობენ 1-დან 5 წლამდე ბავშვები.

წითელა, ხშირად, რთულდება ყურის, ფილტვების და ტვინის ანთებითაც კი, ის არ არის მარტივი და სახუმარო ინფექცია, ამიტომაც მის წინააღმდეგ ტარდება ვაქცინაცია ერთი წლის და 5 წლის ასაკში (ვაქცინაციის ეროვნული კალენდრის მიხედვით) აცერით და დაიცავით თქვენი შვილები გამონაყარის შემთხვევაში მიმართეთ ან დაუკავშირდით თქვენს ექიმს, რომელიც მოახდენს პროცესის დიფერენცირებას!“- წერს პედიატრი.