„ვწუხვარ, რომ ამ ქალბატონმა დაზიანება მიიღო...“ - კახეთში მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული წერილს აქვეყნებს

ფოტო

თელავში, სასტუმრო „აგარანის მამულში“ ქორწილის მიმდინარეობის დროს მომხდარი ინციდენტის საქმეზე ბრალდებული გიორგი ჭიღლაძე წინასწარი დაკავების იზოლატორიდან წერილს ავრცელებს.

„ამჟამად ვიმყოფები გურჯაანის წინასწარი მოთავსების იზოლატორში. ჩემი ადვოკატები მარიამ დურგლიშვილი და ლაშა კაპანაძე მაწვდიან ყველა ინფორმაციას.

მადლობას გიხდით გვერდში დგომისათვის. ვიბრძოლებ და ბოლომდე დავიცავ ჩვენს ღირსებას. ვწუხვარ, რომ ამ ქალბატონმა დაზიანება მიიღო, მაგრამ ამის განზრახვა არ მქონია. 
ყველა ადამიანს შეიძლება კონფლიქტის დროს ჩადენილ ნებისმიერ უნებლიე ქმედებაც კი ძვირად დაუჯდეს ამიტომ, გთხოვთ და ყველას მოგიწოდებთ: ეცადეთ, არ წამოეგოთ პროვოკაციას და ნუ იმოქმედებთ თქვენი შეურაცხყოფით გამოწვეული წამიერი აღელვების ნიადაგზე“, - ნათქვამია ჭიღლაძის წერილში.

პროკურატურამ გიორგი ჭიღლაძეს ბრალი უკვე წარუდგინა და მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი საპატიმრო გირაოს გამოყენებას მოითხოვს, რაც იმას ნიშნავს, რომ თანხის გადახდამდე ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორში დარჩება.