ვცდილობთ უმოკლეს დროში გადაჭრილი იქნეს ყველა პრობლემა - მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი

სხდ

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნიკა ტყემალაძე გურიაში იმყოფება. ნიკა ტყემალაძე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დიდთოვლობისგან გამოწვეულ პრობლემებს ჩოხატაურში და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში პირადად გაეცნო.

რეგიონში შექმნილ რთულ მეტეოროლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებით სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, ნიკა ტყემალაძემ შეხვედრა გამართა მუნიციპალიტეტის მერებთან და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან, რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა მუნიციპალიტეტების მერებისგან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებისგან პირადად მოისმინა ქალაქებში და სოფლებში უხვი ნალექის შედეგად შექმნილი სიტუაცია, თუ რა პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებს შესაბამისი უწყებები იმისთვის,რომ პრობლემები დროულად იქნეს აღმოფხვრილი.

„მიმდინარეობს აქტიური წმენდითი სამუშაოები პირველივე დღიდან. ჩართულია როგორც მუნიციპალური, ასევე, სხვადასხვა სპეცტექნიკა და ცოცხალი ძალა. ვცდილობთ უმოკლეს დროში გადაჭრილი იქნეს ყველა პრობლემა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მოქალაქეების საჭიროებებზე ხდება რეაგირება",- განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნიკა ტყემალაძემ.

თოვლის მაღალმა საფარმა ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში რამდენიმე ოჯახს დაუზიანა საცხოვრებელი სახლის სახურავები, ყველა ოჯახი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. რამდენიმედღიანი ინტენსიური თოვის შედეგად გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში მკვეთრად იმატა თოვლის საფარმა. ნალექის დაწყების დღიდან მზადყოფნაშია მუნიციპალიტეტებში სპეციალური ტექნიკა, თუმცა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გაწმენდილი მონაკვეთები ხელახლა საჭიროებს გაწმენდას.

დიდთოვლობის გამო რეგიონის მასშტაბით შეჩერდა სასწავლო - სააღმზრდელო პროცესი სკოლებსა და ბაღებში. დიდთოვლობამ დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და გაზის მილსადენები. “ენერგო-პრო ჯორჯიას” და “სოკარ -გაზ ჯორჯიას” წარმომადგენლები ინტენსიურად მუშაობენ დაზიანებული მონაკვეთების აღდგენაზე. ამ ეტაპზე ელექტროენერგია არ მიეწოდება 4800 აბონენტს და გაზმომარაგების გარეშე დარჩენილია 320-მდე აბონენტი.