ახალი მეთოდი მეტყველების უნარმოკლებული ადამიანების ფიქრის წაკითხვას ხდის შესაძლებელს

ექიმები

 ადამიანის ტვინისა და კომპიუტერის დამაკავშირებელმა ტექნოლოგიამ, შესაძლოა, მეტყველების უნარს მოკლებულ ადამიანებს სხვებთან საუბრის შესაძლებლობა მისცეს. სტენფორდის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერები ამბობენ, რომ ამგვარი პრობლემის მქონე ინდივიდების ფიქრების გაშიფვრის გზას მიაგნეს.

ადამიანს ვოკალიზაცია სხვადასხვა მდგომარეობისას შეიძლება შეეზღუდოს. მაგალითად, ასეთია ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი (ALS), რომელიც სასუნთქი გზების კუნთებს ასუსტებს. ამ და სხვა მსგავსი დაავადებების მქონე პაციენტებზე ნეიროკომპიუტერული ინტერფეისის ტესტირებისას მათ ევალებათ, რომ ლაპარაკი სცადონ. რა თქმა უნდა, ეს დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ამიტომ პირდაპირ ფიქრების წაკითხვა საქმეს საგრძნობლად გაამარტივებდა.

ამ მეთოდის პოტენციალის შესასწავლად მეცნიერებმა კვლევაში ALS-ის მქონე კეისი ჰარელი ჩართეს. ის ხანგრძლივ ნეიროკომპიუტერულ კლინიკურ ტესტირებაში ისედაც მონაწილეობდა — ტვინში ჩადგმული ელექტროდებით მისი საუბრის მცდელობის გაშიფვრას ცდილობდნენ. გასულ წელს მსგავსმა ტექნოლოგიამ მას ლაპარაკის შესაძლებლობა მისცა, თუმცა კომპიუტერი ზოგჯერ ვერ შიფრავდა იმ სიტყვას, რომლის თქმაც პაციენტს სურდა.

ამის გამოსასწორებლად მეცნიერებმა თავიანთი ხელოვნური ინტელექტის მოდელის გაწვრთნა დაიწყეს, რათა მას ფიქრები და სიტყვები ერთმანეთთან უკეთ დაეკავშირებინა და რთული წინადადებების გაშიფვრა შესძლებოდა. აღმოაჩინეს, რომ ზოგჯერ კომპიუტერი ისეთ სიტყვებს აჩვენებდა, რომელთა წარმოთქმასაც პაციენტი არ ცდილობდა, არამედ მხოლოდ ფიქრობდა. რეალურად, ეს იყო "შინაგანი ხმა", რომელიც უკიდურესად პირადულია და ხმამაღლა ხშირად არ ვაჟღერებთ.

პაციენტის სურვილის გარეშე მისი ფიქრების გამომჟღავნების თავიდან ასაცილებლად მკვლევრებმა უნიკალური "შიდა პაროლი" შექმნეს, რომელიც გაშიფვრის პროცესს გააქტიურებდა ან შეაჩერებდა. ის ისეთი უნდა ყოფილიყო, რომ კომპიუტერს არ აღექვა, ამიტომ არჩევანი შემდეგ უჩვეულო კომბინაციაზე შეაჩერეს — Chitty Chitty Bang Bang, რომელიც მწერალ იან ფლემინგის საბავშვო წიგნის სახელწოდებაა.

ამ "პაროლმა" იმუშავა. მაშინ, როცა პაციენტი რაიმეს ხმამაღლა გაჟღერების მცდელობამდე გონებაში სიტყვათა აღნიშნულ კომბინაციას ამბობდა, კომპიუტერი ამ სიგნალზე შემთხვევების 98.75%-ში რეაგირებდა. ეს ნიშნავს, რომ ფიქრების გაშიფვრის გარდა, მეცნიერებმა პირადი საზღვრების დაცვის გზასაც მიაგნეს.