ვიზიარებ დიდ სიხარულს, რომელიც მოგვანიჭეს ჩვენმა სახელოვანმა მორაგბეებმა - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მორაგბეებს გამარჯვება მიულოცა. 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს იყო ტრიუმფალური გამარჯვება.

„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მეც კიდევ ერთხელ ვიზიარებ იმ დიდ სიხარულს, რომელიც მოგვანიჭეს ჩვენმა სახელოვანმა მორაგბეებმა. ეს მართლაც იყო ტრიუმფალური გამარჯვება ჩვენი მორაგბეების და კიდევ ერთხელ, მინდა მათ მადლობა გადავუხადო ასეთი გმირობისთვის, გამარჯვებისთვის. ჩვენ ვამაყობთ თქვენით.

ბოლო პერიოდში ჩვენ არა ერთი გამარჯვების მომსწრენი გავხდით, ჯერ ფეხბურთში, შემდეგ კალათბურთში, ახლა უკვე რაგბში. ეს მართლაც ძალიან დიდი გამარჯვებაა და კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა ვუთხრა მათ“, - განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, ივლისის ტესტ-მატჩების სერიის მეორე შეხვედრაში, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „ბათუმი არენაზე“ იტალიის ნაკრებს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში, 9 ქულის სხვაობით, 28:19 დაამარცხა.

ბორჯღალოსნებმა მეტოქის წინააღმდეგ 3 ლელო დადეს, აქედან 2 თედო აბჟანდაძის ანგარიშზეა, ერთი ლელო კი სანდრო თოდუამ მიითვალა.