ვინც ქრონიკული დაავადებების სამკურნალო წამლებს მოიხმარს, ეს ინფორმაცია დააინტერესებს - ჯანდაცვის სამინისტრო ცვლილებას აანონსებს

მედიკამენტი

მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროში მორიგი შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმები და მეთოდები განიხილეს. სამინისტროს წარმომადგენლები კანონში შესატან ცვლილებებზე შეთანხმდნენ, რომელიც მთავრობასა და პარლამენტს წარედგინება.

რეფორმის მიხედვით, სახელმწიფო მედიკამენტის ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს დაადგენს, რომელზე მაღალ ფასადაც წამლების რეალიზაცია აიკრძალება.

რეფერენტული ფასები 2023 წლიდან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დაწესდება, ეტაპობრივად კი ფასების რეგულირების მექანიზმი სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც გავრცელდება.

დაგეგმილი ცვლილებები, სამინისტროს წარმომადგენლებმა ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენლებს გასულ კვირას გააცნეს.

რეფერენტული ფასების მექანიზმის შემუშავების პროცესში, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მუშაობენ.

ცვლილების მიზანი წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სამართლიანი ფასის დაწესებაა.