კესარიას მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია
1732280077
"- ქალი შემიყვარდა!
- ნამეტნავად?
- ვაი, ვაი, რომ ნამეტნავად..."
ერთაოზს მარგალიტა, ნამეტნავად, წმინდა პორფირეს ხატზე დაფიცებამ შეაყვარა;
მარგალიტას ლამაზ დეკოლტეზე დამშვენებული მედალიონი არა მხოლოდ ერთაოზს და ხუტას, თხუთმეტიოდე წლის ტელეგრაფისტ გაბოსაც მაცდურად ხვდება თვალში; და ეს მედალიონი, საერთოდ, ამ კეკლუცი ქალის სიმბოლოდ შეიძლება ჩაითვალოს; ჩვეულებრივი გულსაკიდი რომ გგონია და "საჭიროების" შემთხვევაში, საფიცარ ხატად რომ გადააქცევს;
მომხიბვლელი "სამიზნე" სცენარისტმა, გენიალურმა რეზო გაბრიაძემ და შედევრის რეჟისორმა, ელდარ შენგელაიამ ერთად მოიფიქრეს, თუ კონკრეტულად რომელს ეკუთვნის, წმინდა პორფირეს ხატზე დაფიცების მაგია, სამწუხაროდ, უცნობია;
უფალმა გაანათლოს რეზო გაბრიაძე, გენიალური ქმნილებების დატოვებისთვის; 90 წლის ელდარ შენგელაიას კი, წმინდანის მედალიონის შესახებ იდეის გაჩენის ფაქტი, აღარ ახსოვს;
მაინც ვინ იყო წმინდა პორფირე? მართლმადიდებლური სამყარო რამდენიმე წმინდა პორფირეს გვაცნობს;
წმიდა მოწამე პორფირე იულიანე განდგომილის ხსენების დღე 15 სექტემბერს აღინიშნება;
პორფირე მსახიობი იყო და იმპერატორის დაბადების დღეს თეატრში ასრულებდა როლს, რომლის მიხედვითაც ნათლისღების საიდუმლო აბუჩად უნდა აეგდო; მაგრამ როცა პიესის მსვლელობის დროს ნეტარი წყალში ჩაეშვა და წარმოთქვა: „ნათელს იღებს მონა ღვთისა პორფირე, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა“, სულიწმიდის მადლი გარდამოვიდა მასზე და, წყლიდან ამოსულმა, აშკარად აღიარა ქრისტიანობა. იულიანემ იქვე ბრძანა, სასტიკად ეწამებინათ ნეტარი, შემდეგ კი თავი მოეკვეთათ. ეს მოხდა ქალაქ ეფესოში 361 წელს.
ღირსი პორფირე კავსოკალიველი საბერძნეთში, ევიას პროვინციაში, ალივერის სიახლოვეს, 1906 წლის 7 თებერვალს დაიბადა. მისი მშობლები უბრალო გლეხები იყვნენ, ღარიბები, მაგრამ ღვთისმოშიშები. თავიანთ ვაჟს სიყრმიდანვე ჩაუნერგეს ღვთის შიში. მამა პორფირე შემდგომში ჰყვებოდა:
"ღარიბი მშობლები მყავდა, ამიტომაც მამაჩემმა სოფელი დატოვა და ამერიკაში გაემგზავრა. მუშად მუშაობდა პანამის არხის მშენებლობაზე. ჩვენ, გლეხის შვილები, ნორჩობიდანვე ვშრომობდით: ვრწყავდით ბაღს, ბოსტანს, პირუტყვს ვუვლიდით, ყველგან დავრბოდით, სადაც უფროსები გვგზავნიდნენ. სიყრმიდან მთებში პირუტყვს ვმწყემსავდი. გულუბრყვილო და მორცხვი ვიყავი. სკოლაში მხოლოდ ერთი წელი ვიარე და თითქმის ვერაფერი ვისწავლე, რადგან მასწავლებელი ავადმყოფობდა. ფარის მწყემსვისას მარცვალ-მარცვალ წავიკითხე წმინდა იოანე კალივიტის (მმარხველის) ცხოვრება და მხურვალე სურვილი გამიჩნდა მონაზვნობისა, თუმცა არც მონაზონი მენახა, არც მონასტერი და არც არაფერი ვიცოდი."
გადაწყვიტა თავი ღვთისთვის მიეძღვნა და ათონის მთაზე გამგზავრებულიყო, მაგრამ მას ამ სურვილის ასრულებაში სხვადასხვა გარემოებები ეწინააღმდეგებოდა. მთაწმინდაზე მისვლა მხოლოდ 14-15 წლისამ შეძლო.
"არ ვიცოდი, სიზარმაცე რა იყო. დიახ, მე მართლაც არ მებრალებოდა საკუთარი სხეული. როცა მუხლები ამტკივდებოდა, მათზე შურისძიება მინდოდა ხოლმე. უფრო მძიმე ტვირთს ვიღებდი და კვლავ ვამბობდი: "ესეც წაიღე, ბებერო ვირო!"
...არაფერი მეზარებოდა, ლოცვა მომწონდა, მაშინაც კი, როცა დაღლილი ვიყავი. ძალაგამოცლილი უფრო მეტად ვეძებდი ღმერთს. თქვენ უნდა დაიჯეროთ და მიხვდეთ, რომ ეს ყველაფერი მართლაც შესაძლებელია. ესაა სიყვარულის შედეგი. საქმე ის კი არ არის, რომ სწრაფად დადიხარ, აკეთებ ერთ საქმეს, იწყებ მეორეს, უკან ბრუნდები და ცდილობ, ყველა დაწყებული საქმე მოასწრო: მორწყვა, მოთოხნო, მიწა და შეშა მოიტანო, ახვიდე მთაზე და მოიტანო ხის გადანაჭრები ხელსაქმისათვის. სიყვარულის წყალობით, დაუღლელი ხდები. იცით, მაშინ სად მიდიან ცოდვები? მათ ყველას სძინავთ. გესმით? ასეთია სინამდვილეში მწირის ცხოვრება, ღირს მამათა დარი ცხოვრება, წმინდა, სამოთხის მსგავსი ცხოვრება.
...მთაწმინდაზე ბევრი უსახელოდ ცხოვრობდა, ისე კვდებოდნენ, მათზე არავინ არაფერი იცოდა. მეც მსურდა ასე დაფარულად მეცხოვრა. არ მინდოდა მქადაგებელი მღვდელი, ან სხვა ვინმე გავმხდარიყავი. გუნებაშიც კი არ გამივლია მთაწმინდიდან წასვლა;
დაფარულმცოდნელობის ნიჭიც ღვთისგან მორჩილების გამო მომეცა. მორჩილება ქრისტესადმი სიყვარულს აჩვენებს. ქრისტეს განსაკუთრებით მორჩილები უყვარს."
მღვდლად ხელი დაასხეს მაშინ მამა პორფირე სულ 22 წლის იყო.
უამრავი ადამიანი მოდიოდა წმინდა პორფირესთან, ყველას ანუგეშებდა ის თავის ლოცვითა და ქადაგებებით. მისი დაფარულთმცოდნელობის მადლი უამრავ ადამიანს იზიდავდ მისკენ. 1938 წელს ის არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანეს..
მეორე მსოფლიო ომის დროს ის უკვე ათენის პოლიკლინიკაში არსებული წმინდა გერასიმეს სახელობის ტაძარში მსახურებდა. მასთან ხშირად მიდიოდნენ ექიმები და ზოგი ლოცვა კურთხევას სთხოვდა მძიმე ოპერაციის წინ. ზოგიც რჩევას ეკირთხებოდა. ჰყვებიან თუ როგორ უსვამდ მამა პორფირე ავადმყოფებს დიაგნოზს, მაშინ როცა ექიმები ამას ვერ იგებდნენ. ჰყვებიან თუ როგორ იკურნებოდნენ მისი ლოცვით ადამიანები. წმინდა პორფირემ 33 წელი იმსახურა წმინდა გერასიმეს ეკლესიაში. ის უამრავ ადამიანს დაეხმარა სულიერი სიმშვიდის მოპოვებაში.
1979 წელს დასახლდა მილესის რაიონში, სადაც მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის დიდი მეტოქიონი ააგო.
წმინდა პორფირე არასოდეს კარგავდა ათონზე დაბრუნების იმედს. 1984 წელს მან შეიტყო რომ ათონზე, წმინდა გიორგის კელია,სადაც მან მონაზვნური ცხოვრება დაიწყო, დაცარიელდა. ამიტომაც მივიდა დიდი ლავრის ხელმძღვანელებთან და სთხოვა მისთვის წმინდა გიორგის კელია გადაეცათ. ლავრა დათანხმდა. წმინდანმა სიცოცხლის ბოლო ორი წელი ათონზე გაატარა. ამ დროს ის ხშირად ამბობდა ხოლმე რომ საშინელ სამსჯავროს წინაშე უნდა წარმსგარიყო.. მან სულიერ შვილს კელიასთან ახლოს საფლავის მომზადებაში დახმარება სთხოვა.
სიცოცხლის ბოლო ღამეს აღსარება თქვა, თავისი საბერო კანონი შეასრულა. წმინდა პორფირე 1992 წლის 2 დეკემბერს გარდაიცვალა.
2013 წლის 27 ნოემბერს კონსტანტინეპოლის საპატრიარქომ არქიმანდრიტი პორფირე წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 02 დეკემბერი (19 ნოემბერი ძვ.სტილით) დააწესა.
წმინდა პორფირი კავსოკალიველი: "როდესაც შენი გონება და გული ქრისტეთია აღსავსე, მაშინ ბრძენი და გონებამახვილი ხდები და სულიწმიდა გასწავლის ყველაფერს.
მე მინდა ყველამ გაიგოთ, რომ არ არსებობს ქრისტესთვის დაუძეველი პრობლემა, მიეცით თქვენი გული ქრისტეს და ის გასწავლით ყველა პრობლემიდან გამოსავალს. ნუ გეშინიათ სირთულეების, არამედ გიყვარდეთ ისინი და ყველაფრისთვის მადლეირები იყავით ღვთისა. ამ ტკივილებს დიდი დანიშულება აქვს თქვენი სულისთვის.
გიყვარდეს ქრისტე! და ნახავ როგორი ცვლილებები დაიწყება შენში! როგორ გაბედნიერდები! მიეცი მას შენი გული და ყველაფერ დანარჩენს ის მიხედავს. ეცადე ყველა სულიერი და და ძმა ერთნაირად გიყვარდეს. ძალიან უნდა გიყვარდეს შენი მოძღვარი, რადგან შენთვის იქ ქრისტეს ხატია."
წმიდა პორფირე ღაზელი მთავარეპისკოპოსი
წმიდა პორფირე ღაზელი დაახლოებით 346 წელს დაიბადა მაკედონიის ქალაქ თესალონიკეში. შეძლებულმა მშობლებმა მას კარგი განათლება მიაღებინეს. სიყრმიდანვე მონაზვნური ცხოვრებისკენ მიდრეკილმა ჭაბუკმა ოცდახუთი წლის ასაკში დატოვა სამშობლო და იერუსალიმში გაემგზავრა იქაური სიწმიდეების თაყვანისაცემად. ამის შემდეგ ღირსი მამა იორდანეს უდაბნოში დამკვიდრდა, სადაც მძიმედ დასნეულდა. განკურნების იმედით მან წმიდა ადგილების მოლოცვა გადაწყვიტა.
ერთხელ, გოლგოთის ძირში მიგდებულმა, ავადმყოფობისგან ძალაგამოცლილმა წმიდანმა ჩვენებით იხილა მაცხოვარი, რომელიც ჯვრიდან გარდამოხდა და მას მიმართა: „მიიღე ეს ძელი და დაიცავი“.
გამოღვიძებულმა პორფირემ სრული სიჯანსაღე იგრძნო. მაცხოვრის სიტყვები მალე აღსრულდა: იერუსალიმის პატრიარქმა წმიდანი მღვდლად აკურთხა და უფლის ცხოველსმყოფელი ჯვრის ძელის მცველად დაადგინა. იმ ხანებში ღირსმა მამამ მშობლებისგან მემკვიდრეობით 400 ოქროს მონეტა მიიღო, რომელიც გლახაკთა განკითხვისა და ტაძრების კეთილმოწყობას მოახმარა.
395 წელს გარდაიცვალა ქალაქ ღაზის (პალესტინა) ეპისკოპოსი. ადგილობრივი ქრისტიანები კესარიაში მივიდნენ მიტროპოლიტ იოანესთან და სთხოვეს, ისეთი ეპისკოპოსი დაედგინა მათთვის, რომელიც შეძლებდა წინ აღდგომოდა მომძლავრებულ წარმართებს.
უფლის შთაგონებით მიტროპოლიტმა იერუსალიმელ ხუცესს პორფირეს მოუწოდა. კრძალვით და შიშით მიიღო წმიდანმა მღვდელმთავრის ხარისხი, თაყვანი სცა ცხოველმყოფელ ძელს და ახალი მორჩილების აღსასრულებლად გაეშურა. ღაზაში მას დახვდა სამი ქრისტიანული ეკლესია უამრავი წარმართული სამსხვეპლოსა და კერპის გარემოცვაში. ამ დროს ქალაქში საშინელი გვალვა იყო. ქურუმები მსხვერპლს სწირავდნენ, მაგრამ უბედურებას ბოლო არ უჩანდა.
პორფირემ ქრისტიანებს მარხვისკენ მოუწოდა, მწუხრის ლოცვა აღასრულა, შემდეგ კი ლიტანიით შემოუარა მთელ ქალაქს. უეცრად ცა მოიქუფრა, იჭექა და ხშირმა წვიმამ დაუშვა. ამ სასწაულის მხილველმა უსჯულოებმა ადიდეს ჭეშმარიტი ღმერთი.
იმ დღეებში ორასზე მეტი კერპთაყვანისმცემელი მოინათლა.
მიუხედავად ამისა, წარმართები განაგრძობდნენ ქრისტიანთა შევიწროებას: თანამდებობიდან ანთავისუფლებდნენ მათ, გადასახადებს უმძიმებდნენ. მღვდელმთავარი პორფირე და მიტროპოლიტი იოანე კონსტანტინეპოლში გაემგზავრნენ, რომ იმპერატორისთვის შეწევნა ეთხოვათ. აქ მათ დახვდათ წმიდა მამა იოანე ოქროპირი.
იოანე და პორფირე დედოფალ ევდოქსიას წარუდგინეს, რომელიც მაშინ ორსულად იყო. „იზრუნე ჩვენზე, - უთხრეს მას ეპისკოპოსებმა, - და უფალი გამოგიგზავნის ძეს, რომელიც შენსავე სიცოცხლეში გამეფდება“. მართლაც, წმიდა მამების ლოცვით, იმპერატორს მემკვიდრე შეეძინა. ამის შემდგომ, 401 წელს გამოვიდა იმპერატორის ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც ღაზაში წარმართული სამსხვერპლოები უნდა დაემსხვრიათ და ქრისტიანებს პრივილეგიები მინიჭებოდათ. გარდა ამისა, დედოფალმა მღვდელმთავრებს სახსრებიც გამოუყო ქალაქში ახალი ტაძრის ასაშენებლად.
მღვდელმთავარმა პორფირემ სრულიად განამტკიცა ქრისტიანობა ღაზაში. ღირსი მამა 420 წელს გარდაიცვალა, ღრმა მოხუცებულობაში.
და კიდევ ერთი წმინდა პორფირი
ცნობები პორფირი მონაზონის შესახებ, რომელიც მერვე საუკუნეში მოღვაწებდა, შემოგვინახა მისი სულიერი მოძღვრის, გაბრიელ მცირის მოკლე ჰაგიოგრაფიულმა თხზულებამ “მოკლე მოთხრობა პორფირისათვის”, რომელიც მას თავისი საყვარელი მოწაფის, მონაზონი პორფირის უდროოდ გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაუწერია. თხზულება მოღწეულია ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლეს ბიბლიოთეკაში დაცული ხელნაწერით: ბოდლე №8 (XVIII ს.)
გაბრიელ მცირის ჰაგიოგრაფიული თხზულების თანახმად, პორფირი ათი წლის ასაკში შესწირეს დავით-გარეჯის მონასტერს, სადაც იგი აღიზარდა და განისწავლა. 16 წლის ასაკში პორფირი დიაკვნად ეკურთხა და მარხვით, ლოცვით და მსახურებით ატარებდა დღეებს. იგი იყო შემკული ყოველგვარი სათნოებით, მოწყალე და თავმდაბალი.
20 წლისა რომ შესრულდა და განსწავლა დაასრულა (სრულყოფილად შეისწავლა მწიგნობრობა და გალობა), პორფირი მონაზვნად აკურთხეს და იგი გაბრიელ მცირის სულიერი შვილი გახდა.
27 წლის ასაკში მის სულიერ მამას, გაბრიელს სურდა პორფირის მღვდლად კურთხევა, მაგრამ მას უკურნებელი სენი შეეყარა და სოფლად წაიყვანეს, სადაც ოთხი თვე დაჰყო. პორფირი მორჩილებითა და ღვთის სიყვარულით ითმენდა თავის ავადმყოფობას. ბოლოს ექიმებმა განკურნების იმედი გადაუწურეს. მაშინ პორფირიმ მიიღო ზიარება, მეორე დღეს კი ღვთისმშობელი იხილა და გარდაიცვალა.
როდესაც დავით-გარეჯის მონასტერში შეიტყვეს პორფირის გარდაცვალების ამბავი, ყველა დამწუხრდა და მეორე დღიდანვე დაიწყეს პორფირისათვის ლოცვების აღვლენა და წირვის აღსრულება მისი სულის მოსახსენებლად.
ერთ დღეს ერთმა მოხუცებულმა ბერმა, რომელმაც მისთვის ცხრა წირვა აღასრულა და მეათისათვის ემზადებოდა, იხილა ჩვენება, ვითომ იგი ეკლესიაში იყო და მღვდლად შემოსილი პორფირი გამოეცხადა; პორფირის ხელში წიგნები ეჭირა და უთხრა ბერს – აჰა მამაო, ეს წიგნები არის ჩემი დიდება, სიხარული და იმედიო. ამის შემდეგ გამოეღვიძა მოხუც ბერს და ყველაფერი უამბო სხვა ბერებს. ყველამ ღმერთს მადლობა შესწირა, რადგან იცოდნენ, რომ სიცოცხლეში პორფირის დიდი სურვილი იყო წმინდა წერილის ხელნაწერთა გადაწერა და გამრავლება.
პორფირის წმინდა ნაწილები დავით-გარეჯის მონასტერში მოასვენეს;
ასევე დაგაინტერესებთ: