ვინ არის თეოფილე მალაქიას მეუღლე, კაცის, რომლის სახელსაც საქართველოდან 28 ადამიანის გაუჩინარება უკავშირდება | რეზონანსული და მისტიკური ისტორიის დეტალები

თეოფილე მალაქია

„ფეისბუქგვერდი“, რომელიც თეოფილე მალაქიასა და მისი სტუდენტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს. ამჯერად პოსტი ბატონი რეზო ბაქრაძის მეუღლეს, მარიკა ბაქრაძეს ეხება.

 „თავი რომ არ მოგაბეზროთ, ცოტა ხნით შეგასვენეთ და დღეს გადავწყვიტე, გაგაცნოთ ბატონი რეზო ბაქრაძის მეუღლე - ქალბატონი მარიკა.

თუმცა, „გაცნობა“ შესაძლოა ხმამაღლა ნათქვამიც კი იყოს. ერთი მოკლე პოსტით მისი პიროვნების სრულად წარმოჩენა, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, მაგრამ შევეცდები, რაც შემიძლია, იმ მცირედით მაინც შეგიქმნათ წარმოდგენა, თუ როგორი ადამიანია ქალბატონი მარიკა.

მარიკა - მართლაც საოცარი ადამიანი, ქალი, მეუღლე, დედა, მეგობარი და, უბრალოდ, ერთგული პიროვნება.
ადამიანი, რომელმაც თითოეულ ჩვენგანში განსაკუთრებული სითბო და სიყვარული დათესა.
მსგავს ადამიანს მართლაც იშვიათად შეხვდებით. და ეს მხოლოდ სიტყვები არ არის.

ქალბატონმა მარიკამ 1994 წელს, ბატონ რეზოსთან, მათ 12 წლის ვაჟიშვილთან და ბატონი რეზოს დისშვილთან ერთად დატოვა საქართველო.

მაგრამ ეს მხოლოდ ერთი ოჯახის ემიგრაცია არ იყო. მათთან ერთად საქართველო დავტოვეთ ჩვენც — 28 ახალგაზრდამ, რომელთა შორის იყვნენ დები, და-ძმები, რამდენიმე დაოჯახებული წყვილი და ასაკით განსხვავებული, თუმცა ყველა სრულწლოვანი ადამიანი, რომელთა უმრავლესობას უმაღლესი სასწავლებლები უკვე დამთავრებული გვქონდა.

მე პირადად ბატონი რეზოს ოჯახთან ერთად 2001 წელს ჩამოვედი კანადაში. ეს ნიშნავს, რომ ქალბატონ მარიკასთან ერთად შვიდი წელი ვიცხოვრე.

ამ შვიდი წლის განმავლობაში მასთან ერთად ვიმოგზაურე საქართველოდან თურქეთში, თურქეთიდან არგენტინაში, არგენტინიდან რუსეთში, რუსეთიდან კვლავ თურქეთში და საბოლოოდ - თურქეთიდან კანადაში.

ამ წლების განმავლობაში ქალბატონმა მარიკამ თავი გაგვაცნო, როგორც გამორჩეულმა მეუღლემ, რომლის სახეს ღიმილი მაშინაც კი არ მოშორებია, როდესაც ბატონმა რეზომ პირველ ნაკადთან ერთად კანადაში წამოსვლაზე უარი თქვა - მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ, დანარჩენები, მარტო არ მივეტოვებინეთ. მერწმუნეთ, ეს მართლაც გმირობის ტოლფასი იყო, როგორც ბატონი რეზოს მხრიდან, ასევე მისი მეუღლის.

იმ დროს არც ერთ ჩვენგანს არ ჰქონდა გარანტია, რომ ოდესმე კანადაში მოვხვდებოდით. ბატონი რეზოს რწმენა, ეს იყო ერთადერთი იმედი, რომელიც გვამხნევებდა - რომ „ღმერთის მოიმედე ადამიანს ღმერთი არასოდეს მიატოვებს“.

ქალბატონი მარიკას ჩვენდამი ასეთი დამოკიდებულება იყო მეუღლისადმი პატივისცემის, სიყვარულის და მისი რწმენისადმი ნდობის ძალიან ბუნებრივი გამოხატულება.

და ეს დამოკიდებულება მხოლოდ ერთ დიდ გადაწყვეტილებაში არ გამოჩენილა. ყოველდღიური ცხოვრების უმცირეს დეტალებშიც კი იგრძნობოდა მისი სითბო და თანაგრძნობა.
ქალბატონმა მარიკამ თავი გაგვაცნო, როგორც მზრუნველმა მეგობარმა.

თურქეთში ცხოვრების ხუთი წლის განმავლობაში იგი ყოველდღიურად ამზადებდა სადილს ჩვენთვის — ზოგჯერ 15 ადამიანისთვის, ზოგჯერ 20-ისთვის, ზოგჯერ კი 28 ადამიანისთვისაც კი, იმისდა მიხედვით, თუ ვინ რა გრაფიკით და სად მუშაობდა.

მახსოვს მისი სიტყვები:

„მოდი, ამ სადილსაც მოვამზადებ. რა უჭირს თუ დავიღლები - სამაგიეროდ, რომ მოვლენ, თბილი კერძი დახვდებათ და გაუხარდებათ.“

ხოლო მათთვის, ვინც უფრო დატვირთულად მუშაობდა, ხშირად დამატებით საკვებსაც ინახავდა:
„ენერგია სჭირდებათ ბიჭებს.“

ეს უბრალო სადილის მომზადება არ ყოფილა. ეს იყო ზრუნვის ის ფორმა, რომელსაც სიტყვები ნაკლებად სჭირდება.
მისი გემრიელი კერძები და ღიმილიანი მომსახურება, ამშვენებდა ჩვენს სადღესასწაულო სუფრებსაც და ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებას ალამაზებდა.
ქალბატონმა მარიკამ თავი გაგვაცნო, როგორც საოცრად მგრძნობიარე ადამიანმა, რომელსაც თითოეული ჩვენგანის ტკივილი გულთან მიჰქონდა. გვესაუბრებოდა, გვისმენდა, გვამხნევებდა და გვეფერებოდა.
ის არის მეგობარი არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით.

ადამიანი, რომელიც გვერდით ედგა არა მხოლოდ საკუთარ მეუღლეს, შვილს თუ ნათესავს, არამედ ჩვენ ყველას.
იმ 28 ახალგაზრდიდან, რომელთა გვერდით ყოფნაც, უამრავ სირთულესთან და პასუხისმგებლობასთან იყო დაკავშირებული, მან ყველას სიყვარული, პატივისცემა და ნდობა დაიმსახურა.

მე ვერ წარმოვიდგენ, რომ ჩვენს შორის თუნდაც ერთი ადამიანი აღმოჩნდეს, რომელიც ჩემს გულისნადებს არ გაიზიარებს - ადამიანი, რომელსაც ქალბატონი მარიკას პიროვნებამ გული არ გაუთბო და ნამდვილი მეგობრობის რწმენა არ შეუტანა.

და ალბათ, სწორედ ამაშია მისი განსაკუთრებულობაც - ის უბრალოდ კარგი ადამიანი კი არ იყო ჩვენთვის; ის ჩვენთვის მეგობარი გახდა.

დღესაც, კანადური ცხოვრების რიტმში, ქალბატონი მარიკა ბატონი რეზოს გვერდით დგას და ეხმარება მას ქართულენოვან სივრცეში განათლების განვითარების პროექტის განხორციელებაში“

ასევე წაიკითხეთ: „გზა, რომელმაც ჩვენი ცხოვრება შეცვალა...“ - თეოფილე მალაქიას სტუდენტი წლების შემდეგ დუმილს არღვევს