VIDEO: "ჩვენი ურთიერთობა ცეკვაში გადავიტანეთ... არც გვიფიქრია, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამას" - თაკო ჩორგოლაშვილისა და ზურა გორგაძის წყვილის ისტორია

zura

"რუსთავი 2-ის" დილის წამყვანების - თაკო ჩორგოლაშვილისა და ზურა გორგაძის წყვილს, სოციალურ ქსელებში, გულშემატკივართა არც თუ მცირე რაოდენობა ჰყავს. წამყვანების მიერ სპონტანურად დაწყებულ საცეკვაო ნომრებს გამოხმაურება რომ მოჰყვა, თაკომ და ზურამ პროფესიონალურ დონეზეც დაიწყეს მომზადება. ცეკვაზე სიარულს ისევ გეგმავენ, თუმცა მაყურებლის გახალისებას, ისედაც აგრძელებენ.

როგორ მოვიდა ცეკვის იდეა, ზუსტად, არც ერთს არ ახსოვს. თუმცა წყვილმა იცის, რომ მუხტს უნდა მიჰყვნენ და ლამაზ ხედებზე გადაღებული საცეკვაო ნომრებით გულშემატკივრები უნდა გაანებივრონ.

"ხასიათით, ემოციით, ენერგეტიკით იმდენად დავემთხვიეთ ერთმანეთს, რომ აბსოლუტურად ერთდროულად მოგვინდა გვეცეკვა.

მოდი, ხომ არ ვიცეკვოთ? ეს ფრაზა პირველად რომელმა ჩვენგანმა თქვა, ეს კი არ გვახსოვს.

ცეკვის ვიდეოებს ვწერდით - რეკლამის დროს გავერთეთ. დილით მართლა გამამხნევებელი ვარჯიშივით იყო ჩვენი ცეკვა. მერე მაყურებელმა მოითხოვა და დავიწყეთ ნომრების გადაღება.

ჩვენს თხუთმეტწამიან წაცეკვებას წინ რამდენიმე საათიანი შრომა უძღვის" - "პრაიმტაიმთან" ამბობს ზურა გორგაძე.

თაკო ჩორგოლაშვილი: - მახსოვს, თავიდან აბსოლუტურად გაუცნობიერებლად ავცეკვდით, ჩვენი ურთიერთობა ცეკვაში გადავიტანეთ. არც გვიფიქრია, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ჩვენს ცეკვას. მაგრამ ჩვენს ცეკვებს თანდათან იმხელა გამოხმაურება მოჰყვა, რომ შოკი მივიღეთ. მილიონობით ნახვასა და ათიათასობით კომენტარზეა ლაპარაკი, სადაც ერთ ნეგატიურ კომენტარსაც კი ვერ გადააწყდებით. 

ახლა გადავწყვიტეთ საქართველოს კუთხე-კუნჭულები მაქსიმალურად ავითვისოთ, სხვადასხვა ხედებზე ვიცეკვოთ. რეგიონებში განსაკუთრებულად გველოდებიან. გვაქვს სამიზნე ადგილები, მხარეები. ავითვისებთ ჩვენი ქალაქის ლამაზ ხედებს და მაყურებელს განწყობას არ მოვაკლებთ.