„ვარ დამოუკიდებელი არტისტი, დამოუკიდებელი პიროვნება... ვაკეთებ ყოველთვის იმას, რაც მე მსიამოვნებს“ - ექსკლუზიური ინტერვიუ გიორგი თორაძესთან

გიორგი თორაძე

მომღერალი და მსახიობი 26 წლის გიორგი თორაძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში, სხვადასხვა მიზეზით, ხშირად ექცევა. მისი მუსიკალური კარიერა საკმაოდ ადრეულ ასაკში დაიწყო. სადარბაზოში და აივანზე გამართული „კონცერტების“ შემდეგ, პირველ დიდ წარმატებას 12 წლის ასაკში მიაღწია - პროექტ „ანა-ბანაში“ ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღო და პირველ ადგილზეც გავიდა .

შემდეგ იყო ჯგუფი „ქუინტესენსი“. მოიარა თითქმის მთელი მსოფლიო, ბევრჯერ გააჟღერა ჩვენი ქვეყნის სახელი და თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს ის შემდგარი, პროფესიონალი მომღერალია.

გარდა მუსიკალური კარიერისა, გიორგიმ საკუთარი შესაძლებლობები თეატრშიც მოსინჯა. ის, დღესდღეობით, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მსახიობი და ლელა წურწუმიას ბენდის ერთ-ერთი გამორჩეული წევრია.

მისი ვიდეოები სოციალურ ქსელში ხშირად, ვირუსულად ვრცელდება. მიუხედავად იმისა, რომ პერიოდულად კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა, გიორგი ადამიანებში ყოველთვის დადებით ემოციებს იწვევს.

ვგრძნობ, რომ მსმენელში პოზიტივს ვიწვევ და ეს ძალიან მახარებს. განზრახ არ ვცდილობ, ვინმეს კეთილგანწყობა დავიმსახურო. ამ ასაკში, ბევრი ფიქრის შედეგად მივედი აზრამდე, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, ვიყო გულწრფელი, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საკუთარ თავთან.

საკუთარ თავთან მარტო რომ დავრჩები, არ მინდა მქონდეს იმის შეგრძნება, რომ რამე დავაკელი, ან რამე მოვიტყუე. შესაბამისად, ყველა ჩემი ქმედება და გადაწყვეტილება დაფუძნებულია გულწრფელობაზე. ალბათ, სწორედ ამიტომაც, ვიმსახურებ ხალხისგან დადებით რეაქციებს. ზოგადად, არასდროს ვიტყუები,“ - გვითხრა გიორგიმ ინტერვიუს დასაწყისში.

„პრაიმტაიმს“ ის  ჩვეული გულწრფელობით ესაუბრა.

გიორგი თორაძე: - ბავშვობიდან სულ რაღაც პერფორმანსები მქონდა, ჯერ ჩემს ტვინში. შემდეგ ჩემი ბინის აივანზე. გარშემო ბევრი კორპუსია და წარმოვიდგენდი ხოლმე, რომ ეს კორპუსები მაყურებლები იყვნენ.

როგორც 90-იანი წლების ბავშვებს სჩვევიათ, სადარბაზოებში კონცერტებს ვმართავდით. ასე და ამგვარად, 10 წლის ვიყავი, როცა დავრწმუნდი, რომ მინდოდა მუსიკას გავყოლოდი. ამ ყველაფერში ოჯახი შეძლებისდაგვარად მომყვებოდა. ცნობილი ფაქტია, რომ მაშინ არავის ულხინდა. დავდიოდი ძალიან საინტერესო სტუდიაში, სადაც მყავდა პირველი პედაგოგი, რომელიც მეხმარებოდა. უმაგრესი ქალი იყო, მაგრამ სამწუხაროდ, მძიმე სენით გარდაიცვალა. მომიწია პედაგოგის შეცვლა...

12 წლის ასაკში პირველ კონკურსზე გავედი, რომელსაც „ანა-ბანა“ ერქვა. მაქსიმალური ქულები ავიღე და პირველი ადგილის მფლობელი გავხდი. ამ ასაკშივე, ერთ-ერთ "ივენთზე" ჰონორარიც ავიღე და აი, ამის შემდეგ ვმუშაობ და არასდროს არავისთვის ფული არ მითხოვია, ყველაფერს ჩემი შრომით ვაღწევ.

13 წლის ასაკიდან, მაშინდელ ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრში, უკვე როლი მქონდა სპექტაკლში „მუსიკის ჰანგები“. ვთამაშობდი ძალიან ცნობილ მსახიობებთან და ძალიან წარმატებულ ხალხთან ერთად. ორკესტრს დირიჟორობდა ნიკოლოზ რაჭველი და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი უკრავდა. პარალელურად, „ბრავო რექორდსში“ ვმუშაობდი, როგორც მსახიობი და ფილმებს ვახმოვანებდი.

- ამასობაში, გარდატეხის ასაკიც მოახლოვდა. ეს ყველასთვის კრიზისული პერიოდია, განსაკუთრებით, მომღერლისთვის. როგორ გადალახე სირთულეები?

- გარდატეხის ასაკში ვეღარ ვმღეროდი. როცა გავაცნობიერე, რომ ყველაზე მეტად რისი გაკეთებაც მიყვარს, აღარ შემიძლია, დეპრესიაში ჩავვარდი. არ მქონდა ხმა, დამეწყო მუტაცია... დაახლოებით, 1 წელი ძალიან ცუდად ვიყავი, რადგან პირიდან ხმა არ ამომდიოდა, ძალიან განვიცდიდი.

ამასობაში, ჩემს ცხოვრებაში ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ნათელი წერტილი გამოჩნდა, „ქუინტესენსი“ - ჩემი ჯგუფი, მათთან 10 წელი ვითანამშრომლე. მოვიგეთ ძალიან ბევრი კონკურსი ამერიკაში, 2014 წელს გავხდით ნიუ-იორკის ჩემპიონები ჩვენს კატეგორიაში, ერთ-ერთ ყველაზე დიდ აკაპელა კონკურსზე, სადაც ჩვენს გამო ძალიან ბევრი გამონაკლისი დაუშვეს. ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის ასე იყო, რისიც არ მჯეროდა, ყველაფერი ხდებოდა. ცხოვრებამ მასწავლა, თუ დაიჯერებ, აუცილებლად გამოვა. მაშინ, როცა ჩემს მუსიკალურ კარიერაზე ყველაზე მეტად მქონდა ხელი ჩაქნეული, დამირეკეს, მივედი, პროდიუსერმა გვამღერა და ეგრევე ჯგუფი შეიკრა.

ძირითადად, ევროპაში და ამერიკაში გვიცნობენ, საქართველოში ნაკლებად. ჩვენი მთავარი მიზანი და გეზი იყო ის, რომ ქვეყნის გარეთ გვეფუნქციონირა, რასაც ძალიან კარგად ვაკეთებდით. იყო ძალიან ბევრი პრიზი, გამარჯვება ევროპასა და ამერიკაში, პირველი ადგილები და ძალიან დიდი აღიარება. ეს ყველაფერი ჩემთვის შემოსავლის წყარო გახდა.

საქართველოში როცა ჩამოვდიოდით, კონცერტები აქაც გვქონდა. მახსოვს, 2018 წელს ჩემი ჯგუფის 5 წლის იუბილეზე ნაღები მუსიკალური საზოგადოება მოვიწვიეთ, მათ შორის, მოპატიჟებული გვყავდა ქალბატონი ლელა წურწუმიაც. მანამდე მას შორიდან ვიცნობდი.

ერთხელ, ჩვენს საყვარელ დიზაინერთან, მაია შანავასთან გადავიკვეთეთ, სადაც ლელა და მე სასცენო კოსტიუმებს ვიკერავთ. იქ მითხრა, ჩემს სოლო კონცერტს ფილარმონიაში ვგეგმავ და ძალიან მინდა, შენც იყო ამის მონაწილე. თუ გექნება დრო და სურვილი, ჩვენს გუნდს შემოუერთდიო. ყველაფერს რომ გადავხედე, 1 კვირა მქონდა მოსამზადებლად და დავთანხმდი. კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა, მოხდა კატასტროფა, (იცინის) ხალხი ძალიან გაერთო. ნებისმიერ მუსიკოსთან ურთიერთობა არის გამოცდილება, მით უმეტეს, ისეთთან, რომელმაც შექმნა ეპოქა.

ამ ყველაფერს, როგორც ერთჯერად პროექტს, ისე ვუყურებდი, რადგან შემოთავაზებაც ასეთი იყო. თუმცა, მოგვიანებით, ლელას მეორე კონცერტისთვის  მამულიჩამ თავისი დადღანა ხმით დამირეკა.

უნდა აღვნიშნო, კონცერტების დროს მამულიჩა როგორ ნერვიულობს: ამ დროს, არის სრულიად აუტანელი. მაშინ კარგად არ ვიცნობდი და პირველივე კონცერტზე ისეთი ცუდი შთაბეჭდილება დამიტოვა, ერთ-ერთ ბექ-ვოკალისტს ანა ჭუმბურიძეს მივუტრიალდი და ვუთხარი, ეს არის ერთადერთი შემთხვევა, როცა მასთან ვთანამშრომლობ-მეთქი.

მაშინ ვერ ვხვდებოდი, რა ანერვიულებს, 200 წელია ამ საქმეს აკეთებენ-თქო ვფიქრობდი... (იცინის). ახლანდელი გადმოსახედიდან, ჩემი ფიქრები მასთან დაკავშირებით, ალბათ არაადეკვატური იყო. წლების შემდეგ მივხვდი, რატომ და რაზე ნერვიულობს. 

კონცერტი რომ დამთავრდა და თავის ამპლუას დაუბრუნდა, ისევ მამულიჩას დაემსგავსა, მივხვდი, ეს კაცი ისე მიყვარს, აზრი აღარ ჰქონდა (იცინის).

შემდეგი კონცერტზე კვლავ მათთან ვიყავი. ასე გრძელდება დღემდე, 5 წელია, ამ ამბავში ვარ. ადამიანი არ მეგულება, ვინც მათზე ცუდად საუბრობს. არიან ძალიან, ძალიან კარგი, უკარგესი მეგობრები. ჩემს წარმოდგენას მეგობრობის დეფინიციაზე, ორივე კარგად ასახავს. გარდა იმისა, რომ საქმე გვაკავშირებს, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მეგობრობა გვაკავშირებს.

- გარდა იმისა, რომ ყველა კონცერტზე სრული ანშლაგია, რა ხდება კულისებში?

- ეგრევე, მამულიჩას "სთორებს" ვუზივარ, რომ რამე ისეთი ხომ არ დამიდო, რაზეც ხალხს ცუდი რეაქცია ექნება. გახსოვთ კადრები, რომლის შემდეგაც ჯვარს მაცვეს? ისეთი ტენდენციაა, ახლა სულ რომ ჩაცმული ვიდგე და არაფერი ვაკეთო, მაინც გამლანძღავენ.

- გამორჩეული სტილი გაქვს, რაც სცენას უხდება. საზოგადოების ყურადღებას შენი ცეკვაც იქცევს. ფიქრობ, რომ ამ ყველაფრისთვის ჯერ კიდევ არ არიან მზად? რამდენად მწვავედ რეაგირებ კრიტიკაზე?

- არ ვიცი, რისთვის არიან მზად და რისთვის არა, თუმცა, ბევრი ფიქრის შემდეგ მივედი იმ აზრამდე, რომ მე ვარ დამოუკიდებელი არტისტი, დამოუკიდებელი პიროვნება, რომელსაც აქვს საკუთარი გადაწყვეტილებები, ვაკეთებ ყოველთვის იმას, რაც მე მსიამოვნებს, მეესთეტიურება. მე ასე ვხედავ ჩემს თავს სცენაზე.

ის ადამიანები, ვისი აზრიც ჩემთვის მნიშვნელოვანია, მათი დამოკიდებულება კადრებზე საკმაოდ ჯანსაღი იყო. ნეგატიური კომენტარების შემდეგ კი ვიფიქრე, ჩემში ხომ არ არის პრობლემათქო... თუმცა, მალევე დავივიწყე და  ყურადღება არ მიმიქცევია, ვაკეთებ ჩემს საქმეს. ყველა ადამიანი თავისი იდეისთვის იბრძვის და ქმნის საკუთარ თავსა და ეგოს.  ჩემი ნებისმიერი გადაწყვეტილება, იქნება ეს მუსიკალური თუ პიროვნული, არის აბსოლუტურად ჩემი და რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია - გულწრფელი. შესაბამისად, მივხვდი იმას, რომ სულ რომ შევიფუთო, უბრალოდ, გულწრფელი არ ვიქნები და ვინ და რას თამაშობს სცენაზე ძალიან კარგად ჩანს. ვთვლი, რომ სცენა ადამიანის სარკეა, ის არტისტს აშიშვლებს და იქ რაღაცების მოგონება და მოტყუება იმდენად სისულელეა, ვერ ვხვდები, ამ დროს, არტისტი რას ემსახურება.

- ლელა წურწუმიას ბენდში ხარ და ვიცით, რომ საკმაოდ გადატვირთული გრაფიკით, კიდევ რა გიტაცებს?

- ერთი წლის წინათ, 3-თვიანი რეპეტიცია გვქონდა და მივიღე ახალი, მთავარი როლი ახალ თეატრში, მიუზიკლში „მე გადმოვცურავ ზღვას“, რომელიც ირაკლი ჩარკვიანის მუსიკაზეა. 3 საათნახევრიან მიუზიკლში მთავარ როლს ვასრულებ. ისეთი ანშლაგით მიმდინარეობს, ბედნიერი ვარ ამ ყველაფერში მონაწილეობით. დავით დოიაშვილმა საკუთარი თავის იმედი დამიბრუნა, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ. რეალურად, ბევრ რამეს ვაკეთებ, თეატრში ვარ, ლელასთანაც, ჩემი ჯგუფი მაქვს. ასევე, ფესტივალებზე საკუთარი ბარით ვარ წარმოდგენილი, ასევე, არის რეკლამები და ა.შ.

ახლა ვცდილობ, რაც შეიძლება ბევრი ვიმუშაო და შემდეგ, განათლების კუთხით, მეტად განვითარდე. 

- ფიქრობ, რომ ყველაფერი გაქვს, რაც გინდოდა?

- გული მწყდება მხოლოდ ერთ რამეზე - სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, საზოგადოება ყურადღებას მხოლოდ ჩემს ჩაცმულობას და ცეკვას აქცევს. ამის იქით რამხელა შრომაა, არ იციან. ჩემი ჯგუფის მეშვეობით, საქართველოს სახელი ძალიან ბევრჯერ და საამაყოდ თქმულა ევროპასა და ამერიკაში.... იმდენი რაღაცაა, რითაც არ მცნობს საზოგადოება, რომ ცოტა გულდასაწყვეტია. თუმცა, მოგატყუებთ, რომ გითხრათ, ამაზე ვნერვიულობ-მეთქი. (იცინის).

- პირადში რა ხდება?

- პირადი თუ არ გაქვს, ჯანმრთელად და ჯანსაღად ვეღარ აზროვნებ, არც ინსპირაცია გაქვს. პირადი სულ არის, მაგრამ ამაზე ვრცლად ვერაფერს გეტყვით.