პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"რუსთავი 2-სთვის" სექტემბრის მეორე ნახევარი ახალი გადაცემებით დატვირთული იქნება. სატელევიზიო ბადეში ეშვება რამდენიმე ახალი შოუ, რომელიც მაყურებლის განტვირთვისა და საღამოს სასიამოვნოდ გატარების გარანტი იქნება.
არხს დაუბრუნდა მსახიობი და შოუმენი პაატა გულიაშვილი, რომელიც Night Show-ს წაიყვანს. როგორც ის "პრაიმტაიმთან" ამბობს, შოუ მაყურებელს კარგ განწყობას შეუქმნის და ის განსხვავებული იქნება.
პაატა გულიაშვილი: - საყვარელ არხს გადასარევი განწყობით დავუბრუნდი. დაახლოებით შვიდი წელიწადი ვიმუშავე ამ არხზე და მიხარია, რომ დავბრუნდი. კარგი პილოტი გამოგვივიდა და ვიმედოვნებ, სასაცილო შოუ იქნება.
მეყოლება ფანოღის შემსრულებელი ბენდი, ახალგაზრდა ქსოვრელებისგან დაკომპლექტებული. ისინი დაუკრავენ არა მხოლოდ იმას, რაშიც მაგრები არიან, არამედ მსოფლიო ჰიტებს, ე.წ. ქავერებს შეასრულებენ. ნიჭიერები არიან. უცხო და სასაცილოა მათ მიერ შესრულებული მსოფლიო ჰიტები. ეს სიახლე იქნება იმ კუთხით, რომ მაყურებელი ცნობილ "ვეშს" ფანოღის ელემენტებით მოისმენს. ეს კი სახალისო შთაბეჭდილებას მოახდენს.
იქნება მონოლოგი, გვეყოლება სტუმარი და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ დამღლელი პოლიტიკისგან თავისუფალი იყოს. მსგავსი შოუები პოლიტიკაზეა აწყობილი, ჩვენ გვინდა, რომ შოუ აპოლიტიკური გამოვიდეს.
გვექნება სხვადასხვა ბლოკი. გვეყოლება რეგიონების კორესპონდენტი, რომელიც იუმორით მოგვაწვდის რეგიონის ახალ ან მოგონილ ამბებს. ეს იქნება ჩემი კახელი გმირი, რომელიც ვფიქრობ, მაყურებელს უყვარს. მის გამოჩენას ყოველთვის რეზონანსი მოჰყვება ხოლმე.
ცალკე ანეკდოტების ბლოკი არ იქნება, თუმცა სადაც მე ვარ, ესეც იქნება.
სტუმრად გვეყოლებიან სხვადასხვა სფეროში ცნობილი და წარმატებული ადამიანები, თუმცა არა მხოლოდ ცნობილები. რეგიონებიდან ჩამოვიყვანთ ამა თუ იმ მიმართულებით საინტერესო ადამიანებს და საზოგადოებას გავაცნობთ. რეგიონებში ყველას არ აქვს იმის იღბალი, რომ ეკრანზე მოხვდეს. ჩვენ მათ ხელს შევუწყობთ, რომ თავიანთი იუმორით, სიმღერითა თუ სხვა ნიჭით გავაცნოთ საზოგადოებას.
შოუ მაქსიმალურად გათვლილია მაყურებლის კარგ განწყობაზე დასაყენებლად. ჩვენ ამას ვგეგმავთ. აქამდე გამოგვდიოდა და იმედია, ახლაც გამოვა. გვექნება სიმღერის პრემიერები.
ადამიანი რომ ჩვენს შოუზე ჩართავს ტელევიზორს, უნდა ჰქონდეს სასიამოვნოდ დროის გატარების მოლოდინი, ჩვენ კი ამ მოლოდინს გავუმართლებთ.