უმჯობესია, შეთანხმების პროცესი წავიდეს დიალოგის ფორმატში. ეს დაძაბულობა ძალიან რთულია ბავშვებისთვის - გაბუნია აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტზე

თამარი

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცესი დაუბრუნდეს კონსტრუქციულ ფორმატს. გადავიტანოთ ის სამუშაო ჯგუფის ფორმატში, რადგან მედიკამენტის დანერგვის პროცესი საკმაოდ რთულია, მწარმოებელი გარკვეულ რისკებს იზიარებს. ასეთი დაძაბული ფონი არავისთვის არის ხელსაყრელი, - ამის შესახებ თამარ გაბუნიამ აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდზე“ საუბრისას განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია პროცესი დიალოგის ფორმატში გაგრძელდეს.

„ჩვენ ყველა ერთად მივდიოდით აქამდე. სხვა ქვეყნების მსგავსად, გავიარეთ კონსულტაციები - რა ფორმით აჯობებს ხელშეკრულების გაფორმება, რომ ჩვენ გვქონდეს გარანტირებული ხარისხი, გარანტირებული უსაფრთხოება ბავშვებისთვის და გრძელვადიან პერსპექტივაში ვიცოდეთ, რომ წამლის მოწოდება გაგრძელდება. ან ის რისკები, რაც შეიძლება მედიკამენტს ჰქონდეს, ჩვენთვისაც ცნობილი იყოს.

ბევრი წლის განმავლობაში ბევრი მედიკამენტი და ბევრი სერვისი დაფინანსდა ამ ქვეყანაში. მსგავსი ფონი ამ დაფინანსებას არ ჰქონია. ეს არ არის ის გზა, რომელიც მიგვიყვანს სწორ გადაწყვეტილებამდე მედიკამენტისა ან სერვისის დაფინანსებისთვის. არ ავნო - ეს არის ფუნდამენტური პრინციპი მედიცინაში. ამიტომ, პირველი, რაც სამინისტრომ გააკეთა, მოიკვლია მონაცემები, რა ვიცით ამ მედიკამენტზე. ეს 52-კვირიანი კვლევა ჩატარდა და გარკვეული პოტენციალი [მედიკამენტს] ნამდვილად აქვს. გარდა ამისა, ადვოკაციისთვის ევროპის იშვიათი დაავადებების საზოგადოებას მივმართე პირადად მე, რომ დამატებითი ინფორმაცია მოეწოდებინა, თუმცა ამას მეტი დრო სჭირდება.

უმჯობესია, რაღაცნაირად შეთანხმების პროცესი წავიდეს დიალოგის ფორმატში. ეს დაძაბულობა ძალიან რთულია ბავშვებისთვის. ისინი დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ არიან ამ ყველაფრის გამო და ძალიან მნიშვნელოვანია მათი მოლოდინებისა და იმედის გათვალისწინება. რაღაცნაირად უნდა მოვახერხოთ, რომ ერთიანად, კონსოლიდირებული რესურსით გავაგრძელოთ ეს პროცესი უკვე კონსტრუქციული დიალოგის ფორმატში“, - განაცხადა გაბუნიამ.