ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
უკრაინაში მცხოვრები ქართველი შეფმზარეულის მომზადებულ ხინკლებს ქართულ სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილი ირაკლი ბერიძეს ქართული ტრადიციული კერძის ორიგინალობას უწუნებს და ამბობს, რომ ფერადი, ამ შემთხვევაში, უკრაინული დროშის ფერებში მომზადებული ცომი, შეურაცხმყოფელია.
მანამ, სანამ ქართველ შეფმზარეულის ინტერვიუს შემოგთავაზებთ, მასზე ცოტას გიამბობთ. ირაკლი ბერიძე აჭარელია და მეზღვაური იყო. 2014 წელს მომავალი მეუღლე გაიცნო და ოჯახს არც ომის დროს დაუტოვებია იქაურობა. ამჟამად, უკრაინაში, მიკულიჩინში, რესტორან „Гуцульське-ში“ მასთან ერთად მუშაობს.
- რატომ გადაწყვიტეთ, რომ უკრაინის დროშის ფერები გამოგეყენებინათ და ასე მოგემზადებინათ მსოფლიოში სახელგანთქმული ხინკალი?
- როცა ამ კერძის მზადება დავიწყე, ჩაფიქრებული მქონდა უკრაინული ვარენიკი. პროცესში მისი ფორმირება ხინკლად უფრო მარტივი აღმოჩნდა და ასე დავტოვე. კეთების პროცესში, არც განწყობა მქონია და არც ჩანაფიქრი ყოფილა, რომ ხინკალი ყოფილიყო, ტრადიციული ყოველ შემთხვევაში. ვინ როგორ აღიქვა, მათი საქმე და გადასაწყვეტია, არის თუ არა ეს ხინკალი და არის თუ არა ეს მისაღები.
- ვნახე ფოტო, სადაც თქვენი მომზადებული აჭარული ხაჭაპურის ცომის შიგთავსიც ფერადია....
- ცოტა ხნის წინ ბაირამი იყო. იქიდან გამომდინარე, რომ აჭარაში სულის მოსახსენებელს ხშირად აკეთებენ, ჩემი მშობლების სულის მოსახსენიებლად მოვამზადე.
მოვხალე ფქვილი, ჭვავის ფქვილი დავამატე, მოცვის წვენით და ჩაის ნაყენით მოვზილე. სულგუნი ჩემი ამოყვანილია, შებოლილი ყურუთით, შაშკვლავი შევურიე.
- თქვენი რესტორანი რამდენიმე თვის წინ ლტოლვილებსა და ჯარისკაცებს უფასოდ მასპინძლობდა. ახლა რა ვითარებაა ამ მხრივ?
- ლტოლვილების ნაკადი აქ აღარ არის, ზოგი ჩეხეთში წავიდა, ზოგი პოლონეთში. ფაქტობრივად, ადგილობრივები და დამსვენებლები არიან ახლა მხოლოდ. რაც შეეხება სამხედროებს, რესტორანში შემოსული თანხის 305 უკრაინულ არმიას ერიცხება. რესტორნის მეპატრონე ყოფილი მებრძოლია. გვაქვს ლუდსახარში, რომელიც 20 წელია ფუნქციონირებს, რესტორანი კი ახალია - მე და ჩემმა მეუღლემ ერთად გავხსენით, დეკემბრის თვეში. ჩემი მეუღლე ბრენდ-შეფია.
- რას გვეტყვით სამომავლო გეგმებზე?
- თუ სიმშვიდე დამყარდება, იგეგმება ივანო-ფრანკოვსკში ქართულ-უკრაინული სამზარეულოების შერწყმული რესტორანი. იქნება მეტი, ვიდრე რესტორანი: კულტურული, ისტორიული და ადამიანური ურთიერთობების ერთ სივრცეში თავმოყრა. ყოველ დღე ვცდილობ, რომ ქართული კერძები დავამუშაო და ტექნოლოგიურად გავწერო მომავლისთვის.