უკრაინა ომის მოლოდინში - რა სიტყვებით მიმართა უკრაინის მთავარსარდალმა მოსახლეობას

zelenski

„ხვალიდან მშვიდობას რომ ომი შეცვლის" - ასე მიმართა უკრაინის მთავარსარდალმა საკუთარ მოქალაქეებს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოწინააღმდეგე გააფრთხილა, რომ უკრაინელებს ომი არ სურთ, თუმცა არც ბრძოლის ეშინიათ. 

კადრებში, რომელსაც ტელეკომპანია CNN ავრცელებს, ჩანს თუ როგორ გადაადგილდებიან რუსული შენაერთები, არტილერია და რაკეტები უკრაინის საზღვრის მიმართულებით. ომის ზღვარზე მყოფი ქვეყნის სიახლოვეს რუსული ძალის მობილიზება გრძელდება, მათ შორის წყალქვეშა ნავებითა და სადესანტო გემებით.

მოსკოვი ამტკიცებს, რომ მისი ჯარის ნაწილი უკრაინის სიახლოვეს ტოვებს. დასავლეთ და სამხრეთ სამხედრო ოლქების ქვედანაყოფების საკუთარ ბაზებზე, საწყის პოზიციებზე დაბრუნების შესახებ დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს. 

უკრაინის საზღვრებთან თავმოყრილი რუსული შეიარაღების გაყვანას არ ადასტურებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი. ნატოს მაღალჩინოსანი დეესკალაციის თვალსაჩინო ნიშნებს ჯერ ვერ ხედავს, თუმცა მიმდინარე პროცესები ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს მაინც უჩენს.

რუსეთი ომს არ აპირებს - კრემლის გზავნილი დღეს უცვლელია. საგარეო უწყების პრესსპიკერისთვის დასავლეთი ერთი გასროლის გარეშე უკვე განადგურდა. მარია ზახაროვასთვის დღევანდელი დღე ომის პროპაგანდის მარცხია. სამხედრო კონფლიქტის დაწყების ყველაზე რეალური საფრთხის კვალდაკვალ დიპლომატები საუბარს ჯერ არ მორჩენილან. იმედით, რომ ვითარების განმუხტვას შეძლებდა, გერმანიის კანცლერი საგანგებო ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა და ვლადიმერ პუტინს შეხვდა. პრეზიდენტ პუტინის გზავნილი უცვლელია - არ უნდა გაფართოვდეს NATO.