„უღრმესი მადლობა ბატონ პრემიერს, რომელიც ჩაერთო ამ პროცესში და ჩართვიდან უმოკლეს პერიოდში დადებითად გადაწყდა აღნიშნული საკითხი“ - დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობელი

ზაქარია გვიშიანი

ჯანდაცვის სამინისტროს და მშობლების მონაწილეობით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად იმუშავებს დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე - ამ შედეგით დასრულდა მშობლების შეხვედრა პრემიერ-მინისტრსა და ჯანდაცვის მინისტრთან.

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობელთა აქციები დასრულებულია. მშობლებმა პრემიერსა და ჯანდაცვის მინისტრს მადლობა გადაუხადეს.

ერთ-ერთი მშობელი, ზაქარია გვიშიანი ამბობს, რომ არის საუბარი ორ მედიკამენტთან მიმართებაში და იქნება აქტიური მუშაობა ფარმაცევტულ კომპანიებთან.

„უღრმესი მადლობა ბატონ პრემიერს, ირაკლი კობახიძეს, რომელიც ჩაერთო ამ პროცესში და ჩართვიდან, უმოკლეს პერიოდში დადებითად გადაწყდა აღნიშნული საკითხი. მადლობა ჯანდაცვის მინისტრს და თითოეულ პირს, რომელმაც მიიღო ამ პროცესში მონაწილეობა ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად. არის საუბარი ორ მედიკამენტთან მიმართებაში. იქნება აქტიური მუშაობა ფარმაცევტულ კომპანიებთან. საუკეთესო პირობების შესაბამისად, ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საბოლოო ჯამში, დაახლოებით ორი თვის შემდეგ იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება ორ მედიკამენტთან მიმართებაში. ახლა ვერ დავაზუსტებთ, სამუშაო პროცესია, შეიძლება ეს სამუშაო პროცესი დაზარალდეს, ამ ეტაპზე შევიკავებ თავს, თუმცა 4 მედიკამენტიდან 2 მედიკამენტზე იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული,“ - აცხადებს მშობელი, ზაქარია გვიშიანი.