POLITICO: პარიზმა და ბერლინმა წამოაყენეს წინადადება, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა ქვეყნებმა უნდა შეძლონ ისეთი პრივილეგიების ეტაპობრივად მიღება, როგორიცაა ბლოკის ერთიან ბაზარზე ნაწილობრივი წვდომა, რათა მათ სრული წევრობის მოლოდინში მოტივაცია შეუნარჩუნდეთ

ევროკავშირი

ახალ ერთობლივ დოკუმენტში პარიზმა და ბერლინმა წამოაყენეს წინადადება, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა ქვეყნებმა უნდა შეძლონ ისეთი პრივილეგიების ეტაპობრივად მიღება, როგორიცაა ბლოკის ერთიან ბაზარზე ნაწილობრივი წვდომა, რათა მათ სრული წევრობის მოლოდინში მოტივაცია შეუნარჩუნდეთ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

ერთობლივ დოკუმენტში, რომელიც დასავლეთ ბალკანეთის სამიტის წინ გავრცელდა და რომელსაც POLITICO-ც გაეცნო, აღნიშნულია, რომ ევროკავშირისკენ სწრაფვის მქონე ქვეყნებმა შესაძლოა დამკვირვებლის სტატუსიც კი მიიღონ მნიშვნელოვან შეხვედრებზე, ისევე როგორც სხვა შეღავათები, რათა თავიდან იყოს აცილებული გაწბილება ამ პროცესის მიმართ.

„ამ იდეის მიზანია კანდიდატი ქვეყნების ევროკავშირთან ეფექტური დაახლოება უფრო სტრუქტურირებული, ეტაპობრივი ინტეგრაციის გზით, რაც რეფორმებისთვის დამატებით სტიმულს შექმნის“, - ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც ხუთშაბათს ევროკავშირის დიპლომატებს შორის გავრცელდა.

საფრანგეთ-გერმანიის ერთობლივი დოკუმენტის გამოჩენა ემთხვევა მზარდ იმედგაცრუებას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ტემპის გამო, განსაკუთრებით დასავლეთ ბალკანეთში, სადაც ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ჩრდილოეთ მაკედონია, 20 წელზე მეტია ელიან ბლოკში გაწევრიანებას.