„უბრალოდ ლია მოენატრა და იმ ღამით თავი მოიმძინარა“ - დათო ევგენიძის ლექსად ნათქვამი დიდი ტრაგედია

dato

დათო ევგენიძე გარდაცვლილ დედასა და დაზე სოციალურ ქსელში პატარა ლექსს აქვეყნებს:

"ვინ დაიჯერებს ამას ვინ არა -
არ გარდაცვლილა იმ დღეს დინარა…
უბრალოდ ლია მოენატრა და
იმ ღამით თავი მოიმძინარა…"

ლია ევგენიძე 16 წლის იყო, გრიგოლეთში ნათესავებთან ერთად ისვენებდა. ზღვაში შეცურა, იქვე ბავშვები ცურავდნენ. ერთმა, ათი წლის ბავშვმა წყალში ფეხზე დაქაჩა. ლიას შიშისგან გული გაუსკდა...

ერთ-ერთ ინტერვიუში დათო ევგენიძის დედა ჰყვებოდა:

დინარა ევგენიძე: ორი წლის ვიყავი, როდესაც დედაჩემს ხელისგულზე ბელორუსიიდან ჩამოსულმა ქალმა უმკითხავა და უთხრა, 16 წლის გოგონას უფრთხილდითო. მე მიფრთხილდებოდნენ, ცურვა არ ვიცოდი და ზღვაზე არ მიშვებდნენ. ეს სიტყვები ლიას გარდაცვალების შემდეგ გამახსენდა.

დათო ევგენიძე: 18 წლისაც არ ვიყავი, როცა ლია ზღვაზე დაიღუპა. ჩემთვის სამყარო ამომიტრიალდა. სწორედ ის გახდა ჩემი პირველი დიდი ტკივილი და განცდა. შესაძლოა, ქვეცნობიერად ყოველთვის იყო ჩემში სევდა, ლიამ კი, ჩემი, როგორც მუსიკოსის ხელწერა განსაზღვრა. და, ალბათ, მაშინ დაიბადა ის დათო ევგენიძე, ვინც დღეს რაღაცას აკეთებს. უკეთესობისკენ, შემოქმედებითადაც ბევრად უფრო მომემატა სიღრმე. თავისი წასვლით, საჩუქარი გამიკეთა, თუ შეიძლება ასე ითქვას. ის ჩემი ანგელოზია. ისეთი დათო ევგენიძე, როგორიც დღეს ვარ, ჩემი დის დამსახურებაა. თუკი რამე მშვენიერება არის ჩემში, თუკი სადმე სწორად ვიქცევი, თუკი ნაკლებს ვცოდავ ‒ ეს სულ ჩემი ლიას ნაჩუქარია.