1732386875
ტყუპი დები, რომლებმაც ჯერ ერთმანეთი, შემდეგ მშობლები იპოვეს - რას ამბობს ტყუპისცალი „პრაიმტაიმთან“
დაახლოებით ერთი წლის წინ, სოციალურ ქსელში, ჯგუფში „ვეძებ“ გამოქვეყნდა პოსტი.
20 წლის ტყუპი დები, რომლებმაც ჯერ ერთმანეთი იპოვეს, უკვე ბიოლოგიურ მშობლებს ეძებდნენ.
ისინი 20 წლის წინ სხვადასხვა ოჯახში გააშვილეს.
ანო სართანია - თბილისში გაშვილდა,ხოლო თამარ ხვიტია ზუგდიდში.
აი რას ამბობს თამარ ხვიტია „პრაიმტაიმთან“.
„დედაჩემია ცინარა ჭურღულია, მამა თემურ ხვიტია. ჩემი დის ანოს დედაა ნინო სორდია და მამა გენა სართანია. მე ხვიტია ვარ, ჩემი და სართანიაა. წარბზე პირსინგი გავიკეთე, პირსერმა ჩემი ვიდეო ტიკ-ტოკზე დადო, ეს ვიდეო ანოს თავისმა მეგობარმა გაუგზავნა.
ანო მიხვდა და ჩემი ძებნა დაიწყო, მაგრამ არ მყავდა პირსერი დაფოლოვებული ამიტომ ვერ მიპოვა. შემდეგ ეს ვიდეო ჩააგდო კურსელების ჩათში, ხომ მიხდება პირსინგიო. ამ ჩათში ჩემი ერთ-ერთი მეგობარი იყო, ვინც გამყვა პირსინგზე და მიხვდა რომ ვიდეოში გოგო ანო არ იყო და ვიყავი მე, ანოს უთხრა და შემდეგ ერთმანეთი დავამატეთ და დავიწყეთ საუბარი და გარკვევა და ასე დაიწყო ყველაფერი",- გვითხრა თამარმა.
რაც შეეხება ბიოლოგიურ მშობლებს, მათი ძებნა დებმა ერთი წლის შემდეგ დაიწყეს. წელს მარტში კი თამარმა და ანომ ბიოლოგიური მშობლები იპოვეს.
ჯგუფში „ვეძებ“ დების კიდევ ერთი სტატუსი გამოქვეყნდა-„ვიპოვეთ".
ზუგდიდში გაშვილებული თამარ ხვიტია დაოჯახებულია და იგი ახლა მეუღლესთან ერთად ცხოვრობს.
როგორც აღმოჩნდა ტყუპი დების ჩათვლით ხუთი დედმამიშვილი არიან.
„როგორც გვითხრეს, ბიოლოგიურმა მამამ იცოდა, რომ მე ზუგდიდში ვიყავი გაშვილებული. ბიოლოგიური ოჯახი კი ჩხოროწყუში ცხოვრობდა. მამა ხშირად ჩამოდიოდა ზუგდიდში, რომ შორიდან დავენახე. დედა საზღვარგარეთ არის და ახლახანს გაიგო ყველაფერი. თუმცა იცოდა, რომ შვილები ცოცხალი ჰყავდა. სამწუხაროდ, მას მოუწია ბავშვების დატოვება რაღაც მიზეზების გამო, უფრო მამის ბრალი იყო ყველაფერი.
ჩემი უმცროსი დაც ასევე უცხოეთშია დედასთან ერთად. მე ჩემი ოჯახი მყავს.
მეუღლესთან ერთად ვცხოვრობ, ჩემი და ანო კი ოჯახთან ერთად ცხოვრობს.",-ამბობს თამარ ხვიტია.