თვითმმართველობის არჩევნების ისტორია 1875 წლიდან 2025 წლამდე

ცესკო

1875 წელს, 150 წლის წინ, ტფილისელებმა ქალაქის თავად, საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი დიმიტრი ყიფიანი აირჩიეს.

1886 წელს, როცა ეგზარქოსმა პავლემ ქართველი ერი დაწყევლა, ამ ფაქტით აღშფოთებულმა დიმიტრი ყიფიანმა მას წერილი მისწერა და ეგზარქოსს საქართველოს დატოვება მოსთხოვა. ამის გამო სტავროპოლში გადაასახლეს, სადაც მოგვიანებით მოკლეს.

მეორე დიმიტრი თავდადებული - ასე მოიხსენია აკა­კი წე­რე­თელ­მა დი­მიტ­რი ყი­ფი­ანის დაკრძალვისას წარმოთქმულ სიტყვაში. პოეტის ცნობილი ლექსი "განთიადი" სწორედ მის ხსოვნას ეძღვნება.

1875-1878 წლები, როდესაც ქალაქს ყიფიანი ხელმძღვანელობდა, თბილისის აღორძინების პერიოდია. ყიფიანმა ქალაქის გამგეობას შეუერთა მშენებლობის განყოფილება, რამაც თბილისში მშენებლობის ტემპები, ბიუჯეტის სიმცირის მიუხედავად, გაზარდა. ქალაქისთვის შეამსუბუქა სამხედროების საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება, აღწერა მოსახლეობა, გააუქმა წესები, რომლებიც შეუსაბამობაში მოდიოდა ახალ წყობილებასთან, შემოიღო სწორი ადმინისტრაციულ-სამეურნეო სისტემა.

მანამდე 5 წლით ადრე, 1870 წელს, მეფის ბრძანებით თბილისს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიენიჭა, რუსეთის იმპერიაში დაწყებული საქალაქო რეფორმა არჩევით პრინციპებს ემყარებოდა. საქალაქო თვითმმართველობას უმაღლესი ორგანო, სათათბირო ახორციელებდა.

შეიცვალა არჩევნებში მონაწილეობის საკითხიც და თუ მანამდე საარჩევნო უფლება მოქალაქეს მხოლოდ წოდებრივი ცენზით ენიჭებოდა, 1870 წლიდან არჩევნებში მონაწილეობა ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით გახდა შესაძლებელი. თუ მოქალაქე იყო 25 წელს ზემოთ, ქალაქში ფლობდა უძრავ ქონებას და იხდიდა გადასახადებს, მას არჩევნებში მონაწილეობაც შეეძლო.

1919 წელი, 19 იანვარი - ქალაქში 13 ადგილას თბილისის საბჭოს ხმოსანთა საარჩევნო სიები გამოიკრა. ქვეყანა დედაქალაქის თვითთმმართველობის პირველი არჩევნებისთვის ემზადებოდა.

1918 წლის 26 მაისიდან თბილისის თვითმმართველობა პირველი რესპულიკის მართვის სისტემის განუყოფელი ნაწილი გახდა.

გაზეთებში იბეჭდებოდა ცნობები, რომ საარჩევნო უბნები კენჭისყრისთვის სრულად მზად იყო. მოქალაქეებს კი სიებში გადამოწმებისკენ მოუწოდებდნენ.

ქალაქის საბჭოს არჩევნები 1919 წლის 2 თებერვალს დაუბრკოლებლად ჩატარდა. გაიმარჯვა მმართველმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ, რომელმაც 69 ხმოსანი გაიყვანა. ქალაქის ხმოსანთა შორის 5 ქალი იყო, ყველანი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან. ქალაქისთავის თანამდებობას ეწოდა მოურავი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქს თავკაციც დემოკრატიულად არჩეული ჰყავდა. ბენია ჩხიკვიშვილი თბილისის მოურავი (მერი) თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა.

17 თებერვლის სხდომაზე ქალაქის მოურავად აირჩიეს ბენიამინ ჩხიკვიშვილი.

სათათბიროს უფლებამოსილების ორწლიანი ვადა ამოეწურა 1921 წლის 11 თებერვალს. მომავალი საბჭოს არჩევნები 1921 წლის 27 თებერვლისათვის იყო დანიშნული, მაგრამ ვეღარ შედგა, რადგან ამ დღისთვის თბილისი უკვე ოკუპირებული ჰქონდა საბჭოთა წითელი არმიის ნაწილებს. ბენია ჩხიკვიშვილსაც, საარჩევნო კამპანიის ნაცვლად, ომში მოუწია ჩართვა. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციამ შეაჩერა ყველა დემოკრატიული პროცესი, გასაბჭოების შემდეგ ხმოსნების და არჩეული მერების უმრავლესობა დახვრიტეს ან გადაასახლეს.

ზუსტად 70 წლის შემდეგ, თვითმმართველობის არჩევნები ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის უმნიშვნელოვანეს რეფერენდუმთან ერთად, 1991 წლის 31 მარტს ჩატარდა. არჩევნებს სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა და პოლიტიკურ ძალებს თითქმის არ ჩაუტარებიათ წინასაარჩევნო კამპანია, რადგან საზოგადოების ყურადღება რეფერენდუმისკენ იყო მიმართული, რომელსაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხი უნდა გადაეწყვიტა.

1992 წელს "მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველოს" ხელისუფლებიდან ძალადობრივად ჩამოშორების შემდეგ ამ პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ადგილობრივი მმართველობის ორგანოებიც მოიშალა.

თვითმმართველობის სისტემის რეფორმის გატარება 1998 წლიდან განახლდა, მას შემდეგ ადგილობრივ თვითმმართველობებსა და ქალაქის მერებს ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ირჩევენ.

1991 წლიდან თბილისის პირველ პირს მერი ეწოდა. თბილისმა თვითმმართველობის უფლება მიიღო 1998 წლიდან. თბილისის მერი ქალაქის უმაღლესი თანამდებობის პირი და მთავრობის ხელმძღვანელია. თავდაპირველად თბილისის მერს საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავდა, 2006 წელს კი ის დედაქალაქის საკრებულომ აირჩია, 2010 წლიდან მერი უკვე პირდაპირი არჩევნებით, 4 წლის ვადით აირჩევა.

2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, თვითმმართველობის სისტემის რეფორმის მორიგი ტალღა დაიწყო. 2017 წლიდან 5 თვითმართველი ქალაქია: თბილისი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი და რუსთავი.

ბოლო თვითმმართველობის არჩევნები 2021 წლის 2 ოქტომბერს ჩატარდა, მაშინ თბილისის მერობისთვის 50 კანდიდატი იბრძოდა. გამარჯვებული მეორე ტურში გამოვლინდა, დედაქალაქის მერი მეორე ვადით კახა კალაძე გახდა. პირველად კახა კალაძე თბილისის მერად 2017 წელ აირჩიეს.

2025 წელს. საარჩევნო უბანში მისულმა ამომრჩევლებმა, ხმა უკვე ელექტრონულად, თანამდროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მისცეს, წლებთან ერთად იცვლება სისტემები და საარჩევნო ბარიერები, თუმცა უცვლელია თვითმმართველობის მთავარი პრინციპი - თვითმმართველობა ძლიერია იქ, სადაც გადაწყვეტილებების მიღებაში მოქალაქეები რაც შეიძლება ფართოდ მონაწილეობენ.