1747168660
ცვლილება 1-ელი ივნისიდან ამოქმედდება - ინფორმაცია მათთვის, ვინც მიკროავტობუსით სარგებლობს

ავტოსადგურები სერტიფიცირებისთვის ემზადებიან. რეგულაციის ამოქმედებამდე ერთ თვეზე ნაკლებია დარჩენილი - 1-ელი ივნისიდან ქვეყანაში არსებულ ყველა ავტოსადგურს კანონით დადგენილი რეგულაციების დაკმაყოფილება მოუწევს.
„ბიზნესპრესნიუსს“ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით 60-ზე მეტი ავტოსადგურია - თითოეული მათგანი ფუნქციონირებისთვის საჭირო სერტიფიცირების მიღებისთვის ემზადება.
„ავტოსადგურების ადმინისტრაცია აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან, რათა მათგან მიიღონ შესაბამისი თანხმობები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობის თაობაზე, ასევე, მუშაობს ავტოსადგურთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურული მოთხოვნების დროულად დაკმაყოფილებაზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ავტოსადგურს სერტიფიკატის მიღებისა და ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულება წარმოეშობა 2025 წლის 1-ელი ივნისიდან“, - ამბობენ სააგენტოში.
როგორც სააგენტოში განმარტეს, ავტოსადგურებს აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგაც ექნება შესაძლებლობა, რომ სერტიფიკატი სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსგან მიიღონ.