ცნობილია, როდის გამოქვეყნდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები და უფასო ფაკულტეტების სია

გამოცდები

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დასასრულს უახლოვდება. 22 ივლისს აბიტურიენტები ტესტს სამოქალაქო განათლებაში დაწერენ. ამის შემდეგ კი ერთ-ერთი ყველაზე ემოციური პერიოდი იწყება, რადგანაც ყველა შედეგებს ელოდება.

როგორც „პრაიმთაიმს“ გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შედეგების გამოცხადებას ივლისის ბოლოს ან აგვისტოს პირველი რიცხვებიდან ეტაპობრივად დაიწყებს.

„საგამოცდო ნაშრომების ელექტრონული გასწორება უზრუნველყოფს კონფიდენციალობის დაცვას და სრულიად გამორიცხავს ნაშრომის იდენტიფიცირების შესაძლებლობას. გამსწორებელი კოდირებულ ნაშრომს სრულად ვერ ხედავს და მასთან მხოლოდ ცალკეული დავალებები მიდის. თითოეულ დავალებას ორი გამსწორებელი ასწორებს. იმ შემთხვევაში, თუ მათი შეფასებები ერთმანეთს არ დაემთხვევა, ნაშრომი მესამე სპეციალისტს გადაეგზავნება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შედეგების გამოცხადებას ივლისის ბოლოს ან აგვისტოს პირველი რიცხვებიდან ეტაპობრივად დაიწყებს. შედეგებთან ერთად ყველა გამოსაცდელს საკუთარი ნამუშევრის ელექტრონული ვერსიის ნახვაც შეეძლება.

აბიტურიენტების საყურადღებოდ: გამოსაცდელებს სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების ცვლის, დამატებისა და წაშლის საშუალება  აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ. კონკრეტული თარიღი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე აგვისტოს თვეში გამოქვეყნდება„,- ამბობენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.