ცნობილია იმ მამაკაცის ვინაობა, რომლის ფოტო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა

ალექსანდრე ჯავრიშვილი

დღევანდელი დღე ასე დასრულდა, პოსტმა, რომელიც ჩემს კედელზე დავდე, ყველა ჩემი პოსტის რეკორდი მოხსნა - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი ნინო კვაჭანტირაძე და იმ ადამიანის ვინაობას გვიზიარებს, რომელიც მის მიერ აფთიაქში გადაღებულ ფოტოზეა გამოსახული.

„ასობით გაზიარება და კომენტარი ჰქონდა და ერთიც არ იყო განსხვავებული, წერდნენ, ლოცავდნენ ადამიანს, რომელმაც აფთიაქში 5 კოლოფი კლოფაზოლინი ითხოვა. რაკიღა აფთიაქს ზუსტად 5 კოლოფი აღმოაჩნდა, სამი წაიღო და ორი დატოვა - იქნებ დღეს სხვასაც დასჭირდეს, ვისაც ჩემსავით სხვა წამალი არ შველისო. ეს ბატონი ფიზიკოსი, პროფესორი, კომპანია MBC -ს თანამშრომელი ალექსანდრე ჯავრიშვილი აღმოჩნდა.

ბატონო ალექსანდრე," სიყვარული ვერტიკალურია და თან ბრუნვადი," "ადამიანი ადამიანისთვის დღეა" ჰოდა, დღეს თქვენ ბედნიერებით ამავსეთ და ჩემთან ერთად ათასობით ადამიანი. მე მიხარია იმ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ალექსანდრე ჯავრიშვილები ცხოვრობენ, ბატონო ალექსანდრე! თქვენ დღევანდელი დღის კი არა, თქვენი მაგალითით ჩვენი ყოფის გმირი ხართ, მე ამ ამბავს ისევ ბევრჯერ მოვყვები, რომ გაიგონ, როგორ უნდა იფიქრო სხვებზეც, რომ მთავარია ჩვენ და არა მე, რომ ჩვენ მარტოები არა ვართ ამ სამყაროში და გზები ერთმანეთით უნდა გავიგნოთ, რომ სიკეთე და სიყვარული გვაერთიანებს... მადლობა ამ პატარა დიიიიდი მაგალითისთვის!

პ.ს. როგორც ახლა შევიტყვე, ბატონი ალექსანდრე კომპანია MBC - ს პროექტების მენეჯერია და ამჯერად უსინათლოების პროექტზე მუშაობს!“ - წერს ნინო კვაჭანტირაძე.