ცნობილი ქართველი მხატვარი გარდაიცვალა

მხატვარი

მხატვარი, გელა ზაუტაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული მუზეუმი ავრცელებს

„საქართველოს ეროვნული მუზეუმი მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მხატვრის, გელა ზაუტაშვილის, გარდაცვალების გამო.

გელა ზაუტაშვილი 1980-იანი წლებიდან აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა გამოფენაში, როგორც საქართველოში, ისე - უცხოეთში. მათ შორის არის: „თაობა 80“ (თბილისი, 1986 წ.), „ქართული ფიგურატიული ხელოვნება“ (ერმიტაჟის ბაღი, მოსკოვი, 1987 წ.), ქართული აბსტრაქტის პირველი ჯგუფური გამოფენა (სახელმწიფო სამხატვრო გალერეა, თბილისი, 1987 წ,), „ავანგარდი-88“ (თბილისის მუზეუმი, 1988 წ.), ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა (ჩიკაგო, აშშ, 1989 წ.), საბჭოთა მხატვრების ნამუშევრების გამოფენა (ბაზელი, შვეიცარია, 1989 წ.), „ხელოვნება“ (მელბურნი, ავსტრალია, 1990 წ.) და სხვა

მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების ცენტრის ხელმძღვანელი ლეონიდ ბაჟანოვი წერდა: „გელა ზაუტაშვილის ფერწერა ფერწერაა. ნუ შეგვაშინებს ეს ტავტოლოგია. მისი შემოქმედება აგრძელებს XX საუკუნის მუსიკისა და პლასტიკური ხელოვნების ურთიერთობის ტრადიციას, რომელიც ისეთი კორიფეების შემოქმედებით არის წარმოდგენილი, როგორიც არიან სკრიაბინი, კანდინსკი, კლეე, შონბერგი, მონდრიანი, კეიჯი, პოლოკი, ნუნო და სხვა შესანიშნავი ხელოვანები“.

საქართველოს ეროვნული მუზეუმი პატივს მიაგებს გელა ზაუტაშვილის ხსოვნას, უსამძიმრებს მის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს“, - წერია მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.