ცხოველთა სადგომი მე-9 საუკუნის ტაძართან - რატომ ვერ ხერხდება ტერიტორიის დასუფთავება და რას ამბობენ წალკის მერიაში

წალკა

ადვოკატ ტარიელ კიკნაძის განცხადებით, წალკის მუნიციპალიტეტის ბეშთაშენის თემის სოფელ სამადლოში, მე-9 საუკუნის პეტრე-პავლეს სახელობის ეკლესიასთან გია ქათამაძემ ცხოველთა სადგომი მოაწყო, რომლის გარშემოც აუტანელი ანტისანიტარიაა.

როგორც „პრაიმთაიმთან“ საუბრისას ტარიელ კიკნაძე ამბობს, საქმე წალკის მაგისტრატ სასამართლოშიც გადაიგზავნა, რომელმაც გია ქათამაძე სამართალდარღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელი 1100 ლარის ოდენობით დააკისრა.

„მე-9 საუკუნის ქართული ტაძარია. გია ქათამაძეს ხელს აფარებს გამგებელი. ის (გია ქათამაძე) ამავე დროს „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ლიდერია. ნაკელს ქართულ ტაძარს აყრის. მივმართე მერს, ჯერ კიდევ გასულ წელს. ვუთხარი ხალხის წუხილი. პირველი - სახელმწიფო მიწის უკანონო მითვისება დასჯადია. მეორე - შეურაცხყოფ ქართულ ტაძარს. ვისაც დაკავებული აქვს, ამბობს, რომ ხმას ვერავინ გასცემს. მერიის ფუნქციაა, რომ აღკვეთონ ეს ფაქტი. რეაქცია არ ჰქონდათ ამ ყველაფერზე. ბოლოს, იმდენი ვქენით, რომ წალკის რაიონულმა სასამართლომ 2021 წლის 15 აპრილს ეს პიროვნება დააჯარიმა სახელმწიფო ქონების უკანონო დაკავებისთვის, 1100 ლარით და საქმე ადგილობრივ ხელისუფლებას გადაუგზავნა. მათ უნდა უზრნელყოთ ის, რომ ეს დარღვევა აღმოეფხვრათ. არც ამ თანხაზე მოსთხოვა ვინმემ პასუხი, არც ქონების გათავისუფლებაზე.

საპატრიარქოც ამ ყველაფერზე აღშფოთდა. ერთობლივად შევუტიეთ, მაგრამ არაფერი. რამდენიმე ხნის წინ, კიდევ მივმართეთ და ასე მითხრეს, გია ქათამაძე იქ აღარ არისო და ეს ქონება, ცხოველთა სადგომი თავის დეიდაშვილს გადააბარა. არავის რეაგირება არ აქვს. ამბობს, რომ ეს მიწა მისია და აქ მეჩეთი უნდა ააშენოს. ამას ხმამაღლაც იმეორებს. სურს, რომ ტაძრის გვერდით მეჩეთი ააშენოს,“ - ამბობს ტარიელ კიკნაძე.

„პრაიმთაიმმა“ საკითხთან დაკავშირებით წალკის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, სადაც განგვიცხადეს, რომ  აღნიშნულ პიროვნებას ტერიტორიის დასუფთავებისთვის ვადა, მარტის ბოლომდე მიეცა.

„ერთ-ერთი პიროვნება დააჯარიმეს. ერთი იქ აღარ ცხოვრობს (გია ქათამაძე). მეორეს გაფრთხილება აქვს. მარტი ბოლომდე მისცეს ვადა, რომ იქაურობა დაასუფთაოს,“ - უთხრეს „პრაიმთაიმს“ მერიაში.