"წარმოდგენაც არ აქვს, რომ ავტოსადგურში მისი ატირებული ცოლი, დანიშნულების ადგილას მეძავად იქცა" - ქართველი ემიგრანტის მძიმე ისტორია

sex worker

თურქეთში მყოფი ქართველი ქალი დუმილს “პრაიმტაიმთან” არღვევს. ის თავისი ცხოვრების წესზე საუბრობს და თუ მორალისტების კონტურებიდან გამოვალთ, იმ მიზეზებს უფრო ღრმად და მტკივნეულად დავინახავთ, რომელთა გამოც სრულიად ახალგაზრდა ქალი “ელიტარულ მეძავად” აქცია.

"საქართველოში ქმართან და ორ შვილთან ერთად ვცხოვრობდი.(ადგილმდებარეობას შეგნებულად არ ვასახელებთ -ავტ.) უკვე იმდენი რამ ვნახე, მგონია, რომ ღრმა მოხუცი ვარ. როცა გავთხოვდი ვფიქრობდი, რომ მიყვარდა, მაგრამ დროთა განმავლობაში აღმოვაჩინე, რომ უბრალოდ მასთან ყოფნას მიჩვეული ვიყავი და ის არც ისეთი ძლიერი კაცი იყო, როგორიც წარმომედგინა. მიუხედავად ამისა, ბედს შევეგუე, მასთან დავრჩი და შვილების აღზრდით დავკავდი.

ძალიან გაგვიჭირდა, თეთრებს ვანაწილებდით, რომ როგორმე თავი გაგვეტანა. ახლობელმა თურქეთში მუშაობა შემომთავაზა. ჩემს ნაცვლად, მას ჩემმა ქმარმა გახარებულმა უთხრა, ვუშვებო. ის უმუშევარია და სოციალური დახმარების იმედად ვიყავით. გამიჭირდა ბავშვების დატოვება… ცრემლებით წავედი და მათზე ფიქრში ვათენებდი… თავიდან მითხრეს, რომ ხელფასი 500 ლირა მექნებოდა, თანხას სრულად ჩემი ქმარი ითხოვდა და მათთან ვგზავნიდი.

მერე მოსავლელი მოხუცი გამოჩნდა და მასთან გადავედი სამუშაოდ, მისმა შვილმა მითხრა 500 დოლარს მოგცემო. ქმარს ისევ ლირას ვუგზავნიდი და განსხვავება რაც მრჩებოდა ბავშვებისთვის ვინახავდი. ჩემი ბებიის შვილი შემომეჩვია, ყოველ საღამოს მოდიოდა და ინგლისურად მესაუბრებოდა. ერთხელაც დავლიეთ და მის ლოგინში აღმოვჩნდი, დილით 100 დოლარი დამხვდა ტუმბოზე. მერე, თავის მეგობრებთან ერთად წამიყვანა უქმეებზე და იქ სამ მამაკაცს მოვემსახურე, დიდი ფული ავიღე.

მერე, მოხუცის მოვლას თავი დავანებე და ჩემი ნაცნობის მეგობრებისა და მათი ნაცნობების წრეში გამოძახებებზე სიარული დავიწყე. ბებიას შვილმა თავის სახლში გადამიყვანა და ქირას არ ვიხდი. მეძავად გადავიქეცი და ფულს ასე ვშოულობ, მერე სახლში ვგზავნი და ჩემს შვილებთან ერთად ჭუჭყიანი ლოგინით ნაშოვნ ლუკმას ქმარი იყოფს.

სახლში წევს და 24 საათი უდარდელად არის. მას წარმოდგენაც არ აქვს, რომ ავტოსადგურში მისი ატირებული ცოლი, დანიშნულების ადგილას მეძავად იქცა. არც არასოდეს ვეტყვი, უბრალოდ ისე ვექცევი, როგორც დაიმსახურა.

არ ვნანობ, რომ ქმარს ყოველდღე ვღალატობ, რომ მის გარდა, სხვებთან ვწევარ და მათ უკეთ იციან ჩემი ფასი, ვიდრე ე.წ.მეუღლემ. მის წარმოსახვაში უბრალოდ მომვლელი ვარ და მეტი არაფერი…

აი, მხოლოდ მომავალი მაშინებს… როცა დადგება დრო, რომ უნდა წამოვიდე, როცა შვილებს თვალებში უნდა ჩავხედო, მაშინ როგორ ვიგრძნობ თავს?! ესაა, რაც არ მასვენებს… თუმცა, მეძავობით გაცილებით მეტს ვშოულობ და ბანკში შემაქვს, რათა რამე არ მოხდეს და ბავშვებს არ დაეკარგოთ.

ხან ძალიან სასურველი, ხან უკანასკნელი ქალი მგონია თავი. ჩემში ორი საპირისპირო გრძნობა ცხოვრობს, რომელიც ხან აქეთ მექაჩება, ხან – იქით… ნეტავ, რა მოხდება ჩემმა შვილებმა სიმართლე რომ გაიგონ და შემიძულონ? მხოლოდ ეს მადარდებს.

ქმრის ყურამდე რომ მივიდეს, სანამ აქ ვარ, არც კი შეიმჩნევს ცოდვიანი ლირები რომ არ მოაკლდეს, აი როცა ჩამოვალ, მერე აუცილებლად მცემს და ის იქნება… ძნელია ქუჩის ქალის ცხოვრება, მიუხედავად იმისა, რომ ქუჩაში არ ვდგავარ…

მამაკაცებო, დომინოს კოჭები გადაყარეთ და ხელში პასუხისმგებლობა აიღეთ, სანამ ცოლის ნაშოვნი მუქთა ლირებით თუ დოლარებით მუცლებს დაინაყრებთ და ოჯახს ცხოვრებას დაუნგრევთ.

ჩემი ქმარი ამბობს, ღვთის წყალობით არ გვშია და მშენებლობაზე ხომ არ გავალ სამუშაოდ და შეგეწირებითო... ამასწინათ ვკითხე - როდის ჩამოვიდე-მეთქი და გადაირია...მერე რა ვჭამოთო?! გულში ვიფიქრე ის სირცხვილი მიირთვი, რომელიც შენს თავს ტრიალებს ჩემი ამორალური ცხოვრებით-მეთქი, მაგრამ ხმამაღლა არაფერი მითქვამს...

საბედნიეროდ, ჩემმა შვილმა პირველი კურსი წარმატებით დახურა და სწავლობს, მომავალს გეგმავს და კარგი, დამოუკიდებელი ადამიანები იქნებიან, რომლებსაც ქუჩის ცხოვრება არ მოუწევთ..." – ამბობს თურქეთში მცხოვრები ქალი.