1731445216
ტრაგედია გმირებით - ძალადობა პატარა გოგონებზე ტრადიციის სახელით
ყვარლის რაიონის სამ სოფელში, სადაც ეთნიკური ავარელები ცხოვრობენ, ტრადიციის სახელით პატარა გოგონებზე ისევ ძალადობენ. თემში, გოგონების წინადაცვეთის ტრადიცია ისევ არსებობს და მას რელიგიური წეს-ჩვეულებებით ამართლებენ. ქალებისთვის, თემში არც განათლების მიღებაა მარტივი, ძირითადად 9 კლასს ამთავრებენ, შემდეგ კი მიზანი გათხოვება და ბევრი შვილის გაჩენაა. ქალის მთავარი ფუნქცია, თემში სწორედ გამრავლებაა. ამ იდეის მატარებელია მათი ერთ-ერთი უძველესი ტრადიცია - წინადაცვეთა. ქალებისთვის მძიმე ყოფა თემში სწორედ ამ ტრადიციით იწყება. ავარები ამბობენ, რომ გოგონების წინადაცვეთა რელიგიური რიტუალი იყო, თუმცა რამდენიმე წლის წინ ეს მოსაზრება მუფთმა სასტიკად უარყო. მას შემდეგ, გოგონების წინადაცვეთა იშვიათად მაგრამ მაინც ხდება, ეს ახლა გასაიდუმლოებული პროცესია, შესაბამისად, საეჭვოა მანიპულაციის პირობებიც. ტრადიციის გასაიდუმლოება კანონის გამკაცრებამ გამოიწვია, ამიტომ ცდილობენ დამალონ სად და ვინ უკეთებს ბავშვების წინადაცვეთას. რეალურად, წინადაცვეთის ტრადიციას სოფელშიც ატარებენ, თემის წარმომადგენლებმა კი ზუსტად იციან სად და რა პირობებში ხდება ქალების სასქესო ორგანოს ფაქტობრივად დასახიჩრება. მიუხედავად იმისა, რომ თემში ექიმბაშის არსებობას უარყოფენ, მორწმუნეები უშუალოდ ტრადიციას მაინც პატივს სცემენ. თემში ამბობენ, რომ წინადაცვეთის პროცედურა არც მტკივნეულია და არც საფრთხის შემცველი, მაგრამ მედიკოსები საპირისპიროს ამტკიცებენ. ბოლო ათწლეულების განმავლობაში წინადაცვეთის ტრადიციას ცივილიზებული სამყარო სხვადასხვა ფორმით ებრძვის. 2008 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გოგონების სასქესო ორგანოების დასახიჩრების აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა. მომზადდა არაერთი კვლევა, შეიქმნა მხარდამჭერი ფონდები, დაიწერა წიგნები და გადაიღეს ფილმები. ტრადიციის აკრძალვას, კანონმდებლობის დონეზე საქართველო 2016 წელს შეუერთდა და გაჩნდა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ქალის გენიტალიების დასახიჩრება რელიგიური, რიტუალური, ეთნიკური ან სხვა ტრადიციის გავლენით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ორიდან ექვს წლამდე ვადით.