თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რა იყო, მინისტრის მთავარი შეცდომა

tengiz cercvadze

უნდა გამოძიებულიყო, გამოკვლეულიყო ადრესატი და გაფლანგვა იყო თუ წყალში გადაყრა, დასახელებულიყო ადრესატის მითითებით, რათა ყველა არ გასვრილიყო, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.

მისივე თქმით, პრევენციულად ასეთი სერიოზული დარღვევის გამოცხადება არ შეიძლება, თუ ადრესატები არ ჰყავს, „სხვანაირად უნდა თქმულიყო“.

„მან თქვა, რომ ერთი მილიარდი ლარი კლინიკებს გადაეცა და შემდეგ ახსენა ასეთი რამ, რომ ცარიელ საწოლებში გადაიყარა და სხვა. ცალსახად არ ვეთანხმები. სხვა კონტექსტში უნდა თქმულიყო, მილიარდი ღარიბი ქართველი ხალხისთვის გიგანტური თემაა და ადამიანს, რომელსაც 100 ლარი უჭირს წარმოიდგენს, რომ ეს მილიარდი ვიღაცამ მიითვისა, გაფლანგა და პროტესტი უჩნდება. სინამდვილეში, მილიარდი კი არსად გადაყრილა, არამედ დაიხარჯა 1 655 000 კოვიდავადმყოფის და 250 ათასი ჰოსპიტალიზებული ავადმყოფის სამკურნალოდ. განცხადებას, რომ „გადაიყარა“, შექმნა უარყოფითი ფონი. გადახედეთ სხვა ქვეყნებს, ბელგიას 37 მილიარდი დოლარი დაუჯდა კოვიდი. ბელგიას ვერ შევედრებით, მაგრამ ჩვენთანაც ხომ საჭირო იყო რაღაც ხარჯები, აბა ასეთ წარმატებულ მართვას როგორ მივაღწევდით? დღეს მაგალითად ბოლო თვე-ნახევრის მონაცემებით ლამის ყველაზე საუკეთესო მდგომარეობა გვაქვს.

როცა მილიარდიან საქმეს მართავ, რა თქმა უნდა, იქნებოდა არამიზნობრივი გამოყენებაც, არასწორი განკარგვაც, შესაძლოა გაფლანგვაც, მაგრამ რა იყო იცით მთავარი შეცდომა? ეს უნდა გამოძიებულიყო, გამოკვლეულიყო ადრესატი და გაფლანგვა თუ წყალში გადაყრა დასახელებულიყო ადრესატის მითითებით, რათა არ გასვრილიყო სუყველა. ეს იყო ყველაზე დიდი შეცდომა. დავუშვათ, გადაცდომა ჰქონდა 100 კაცს და გაისვარა 10 ათასი კაცი.

მე ვიცი რატომ გააკეთა, პრევენციულად გააკეთა, აცნობა ხალხს, რომ ასეთი მდგომარეობაა და მე ამას ვსწავლობ, მაგრამ ეს არ გაიგეს კარგად. პრევენციულად ასეთი სერიოზული დარღვევის გამოცხადება არ შეიძლება თუ ადრესატები არ ჰყავს, სხვანაირად უნდა თქმულიყო.

ეს ყველაფერი გამოიყენებს ჩემს წინააღმდეგ პირადად, რომ რახან მე ვიყავი კლინიკური მართვის ჯგუფის წევრი, ესე იგი მე განვკარგე არასწორად ეს მილიარდი, ანეკდოტი, მე საერთოდ არანაირი შეხება არ მქონია ფინანსებთან, მხოლოდ აკადემიურად ვმართავდი, ვასწავლიდი როგორ უნდა ემკურნალათ. არანაირი შეხება ფინანსების განაწილებასთან, გინდა ხელფასებთან არ მქონია.

ჩვენს კლინიკაში კატეგორიულად საწინააღმდეგო სურათი იყო, მთელი რესურსი მიმართული იყო სანიტრების, ექთნების, იმ ადამიანებისკენ, ვინც ყველაზე მძიმე სამუშაოებს აწარმოებენ. სხვათა შორის, წინასწარი მოკვლევა როცა ჩაატარა მინისტრმა, თვითონ დარწმუნდა, რომ ჩვენთან გადაცდომა კი არ იყო, პირიქით, ზედმეტად ყველაფერი გადანაწილებული იყო“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.