1742800340
თელავში მრავალსულიან ოჯახს ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრება

დაღელიშვილების ექვსსულიანი ოჯახს 11 წელია, სახლ - კარი არ აქვს და საცხოვრებლად მიტოვებულ ბინებს ეძებს.
დარეჯან დაღელიშვილი პრაიმთაიმს უყვება, რომ მათი სახლი სოფელ კურდღელაურში, 2011 წელს სტიქიამ დაანგრია.
"2011 წელს, საშინელი გრიგალი რომ იყო და თელავი თითქმის გაანადგურა, მაშინ დაგვიზიანდა სახლი კურდღელაურში. უმრავლესობას დაეხმარნენ, ჩვენ რატომ არ გამოგვიწოდეს ხელი, არ ვიცი. მას შემდეგ ვცხოვრობ ასე უბედურად, სიღატაკეში. მეუღლე სიმსივნით გარდამეცვალა და სამი შვილით, სულ მარტო ვებრძვი ყველა გაჭირვებას"- ამბობს დარეჯანი.
ოჯახში, დიასახლისის გარდა, სამი ვაჟი, რძალი და ოთხი წლის არასრულწლოვანი ცხოვრობს. მათი ყოველდღიური შემოსავალი ფიზიკური შრომით მოპოვებული თანხაა, რომელსაც დაღელიშვილები კვებისათვის იყენებენ.
" ერთი შვილი ავადმყოფია, ეპილეფსია აქვს და მისი დატვირთვა არ შეიძლება, თუმცა გაჭირვება ცუდად მყოფი ადამიანისთვის არ არის. თუ არ ვიმუშავებთ, ვინ მოგვცემს. სოციალური დახმარება გვერიცხება და ეს არის. ტანსაცმელს სამადლოდ გვჩუქნიან, ვცდილობთ, ბავშვი გამოვკვებოთ.შრომას კი არ ვთაკილობთ, ნეტავ იმდენი სამუშაო იყოს, ვიშრომებდით, კრედიტს ავიღებდით და ჩვენი ჭერი გვეღირსებოდა. ასეთი სიღატაკე, სადმე გინახავთ? დღეს მხოლოდ მაკარონი გვაქვს და გადავივლით ამაზე. ხვალინდელ დღეზე ფიქრი არ მინდა"- გვეუბნება დაღელიშვილი.
ნახევრად დანგრეული სახლი, რომელშიც არც გაზი, წყალი და საყოფაცხოვრებო პირობებია, დაღელიშვილებმა უახლოეს მომავალში უნდა გაათავისუფლონ.
შენობის მესაკუთრე მამაკაცი, რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, თბილისში მცხოვრებმა მისმა მეუღლემ კი, ოჯახს, ბინის ერთ თვეში დაცლა მოსთხოვა.
" მოვიდა ქალი, რომელიც არ გვინახავს მანამდე. ფაქტობრივად შეურაცხყოფა მოგვაყენა, ერთთვიანი ვადა მოგვცა და წავიდა. კოორდინატებიც არ დაგვიტოვა, რომ მდგომარეობა ავუხსნათ. მერიას ქირის პროგრამა აქვს, მაგრამ როცა იქნება, იქიდანაც ხომ გამოგვიშვებენ. ადამიანური ცხოვრება მენატრება, დავიღალე სხვის სახლებში სიარულით. იქნებ ჩვენთვისაც გამოიძებნოს ბინა. სასახლეს კი არ ვითხოვ, უბრალოდ, ჩემი ერქვას და ქუჩაში არავინ მაგდებდეს ბავშვით ხელში."
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ სამსახურში განმარტავენ, რომ ოჯახს მათთვის დასახმარებლად არასოდეს მიუმართავს.
" არასოდეს მოუკითხებიათ ჩვენთვის. გვაქვს ქირით უზრუნველყოფის პროგრამა, რეესტრი გვაქვს, სადაც გაქირავების მსურველები არიან. ასევე მუშაობს სხვადასხვა სოციალური პროგრამები, რითიც შეუძლიათ ისარგებლონ. ერთ- ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას აქვს პროფესიის დაუფლების პროგრამა და შეგვიძლია ამაშიც დავეხმაროთ. რაც შეეხება ფართით უზრუნველყოფას, მუნიციპალიტეტს საკუთრებაში აქვს ორი ბინა, ორ სოფელში, სადაც უკვე ოთხი ოჯახი გვყავს შესახლებული. ამ ოჯახმა მოგვაკითხოს, განცხადებით მოგვმართოს, რომ შევისწავლოთ მათი მდგომარეობა და ჩვენი ყველა პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა მივცეთ"- განაცხადა სოციალური სამსახურის უფროსმა, გიორგი ენუქიძემ.
დაღელიშვილების დასახმარებლად, თელაველი ახალგაზრდების ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ექვსსულიან ოჯახს, ტანსაცმლითა და საკვებით დაეხმარება.