1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
დიდთოვლობის გამო დაყრილი ტექნიკური მარილისგან თბილისის ქუჩები უახლოეს დღეებში გაიწმინდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვისას განაცხადა.
მისი თქმით, ქალაქში რამდენიმედღიანი გადაუღებელი თოვის შედეგად შექმნილ გამოწვევებს თბილისის მერია გაუმკლავდა.
„მარტის თვეში თბილისში ასეთი უხვი ნალექი არასდროს მოსულა. ამან გარკვეული პრობლემები შექმნა. განსაკუთრებით, წყნეთის, კოჯრის, მიმდებარე ქუჩების, ჩიხებისა და შესახვევების შემთხვევაში, თუმცა, ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ცენტრალური გზები გაწმენდილიყო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი შეუფერხებლად გადაადგილებულიყო. გარკვეულ ადგილებში იყო შეფერხებები, რაც ხუთი დღის განმავლობაში გადაუღებელმა თოვამ გამოიწვია. ამ პერიოდში გზებზე იყრებოდა ტექნიკური მარილი. მინდა დავავალო ანდრია ბასილაიას და დავით ფაჩულიას, რომ დავიწყოთ ქუჩების ტექნიკური მარილისგან გასუფთავება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა დავით ფაჩულიამ აღნიშნა, რომ თბილისში დარჩენილია ადგილები, რომლებიც ყინულის საფარისგან გასაწმენდია.
„მეორადი ქუჩები და ჩიხები კვლავ პრობლემურია, რადგან ღამით ყინვაა. ყინულის საფარის გამო გზა ბოლომდე ვერ იწმინდება. სპეციალური ტექნიკაა საჭირო მის გასაწმენდად. ხუთი დღის განმავლობაში, დაახლოებით, 6 000 ტონა მარილი დაიყარა. ამას დაემატა ქვიშაც, რომლისგანაც სრულად გაიწმინდება თბილისის ქუჩები. ამის შესაძლებლობას უკვე ამინდიც იძლევა“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.