პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ბოლო რამდენიმე დღეა ავტომობილების მძღოლები დაბნეულები არიან. ამის მიზეზი კი „თბილისის პარკინგის“ აპლიკაცია გახდა, რომელიც ზოგიერთ მომხმარებელს საკუთარ პროფილზე არ უშვებდა, ზოგსაც „მომხმარებელი ვერ მოიძებნაო“ უწერდა.
ერთ-ერთი დაბნეული მოქალაქე „ხელოვნების სასახლის“ დირექტორი გიორგი კალანდია აღმოჩნდა, რომელმაც ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ასეთი პოსტი გაავრცელა: „თბილისის პარკინგმა აპლიკაცია განაახლა და ჩემი ბალანსი რომ გაანულა ეს როგორ შეიძლება თბილისის მერია / Tbilisi City Hall ???“ - წერს გიორგი კალანდია.
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ასეთ შემთხვევაში თანხა არ დაიკარგება. მომხმარებელმა სამუშაო საათებში უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე -1399 სადაც უფრო დეტალურად აგიხსნიან და დაგეხმარებიან.
რამდენიმე დღის წინ თბილისის მერიამ განცხადება გაავრცელა სადაც ვკითხულობთ, რომ მომხმარებლები თბილისის მერიის სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის გამოყენებას 22 აგვისტოდან ჩვეულ რეჟიმში შეძლებენ.
„თბილისის ყველა მუნიციპალური ელექტრონული სისტემა, სადაც გარკვეული ხარვეზები ფიქსირდებოდა, 22 აგვისტოდან შეუფერხებლად იმუშავებს.
სისტემის განახლების გამო, რომელიც მიმდინარე წლის 15 აგვისტოდან დაიწყო, ფიქსირდებოდა ტექნიკური შეფერხებები და ზონალურ-საათობრივი პარკირების მომხმარებლები ელექტრონული სისტემების სრულად გამართვამდე, არ ჯარიმდებოდნენ. სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებელთა გაერთიანების პერიოდში, სისტემაში არსებული ხარვეზები აღმოფხვრილია და 22 აგვისტოდან, ზონალურ-საათობრივი პარკირების მომხმარებლები სისტემით სარგებლობას ჩვეულ რეჟიმში შეძლებენ.
ტექნიკური შეფერხებები ამ დროისთვის, ასევე, აღარ ფიქსირდება თბილისის ტაქსის მომხმარებლებისთვის. აღნიშნულ ინფორმაციას მოქალაქეები მოკლე ტექსტური შეტყობინების სახითაც მიიღებენ.
თბილისის მუნიციპალური ელექტრონული სისტემების მოხმარების გამარტივების მიზნით, მოხდა სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებელთა გაერთიანება ერთ მომხმარებლად (ერთი მომხმარებელი და ერთი პაროლი), რაც ელექტრონულ სისტემებში მოქალაქეთა მუშაობას გაამარტივებს.
მონაცემთა სრულყოფისთვის, მოქალაქეებს ერთჯერადად მოუწევთ სისტემაში შესვლისას მათი ინფორმაციის განახლება და ხშირ შემთხვევაში, დამატება. მომხმარებლების გაერთიანების შემდეგ, მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, ერთი მომხმარებლით ისარგებლოს შემდეგი ელექტრონული სისტემებით: თბილისის პარკინგი, თბილისის ტაქსი, ონლაინ განცხადებების პორტალი და ასე შემდეგ.
ტექნიკური დახმარების საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ, მიმართოთ მუნიციპალიტეტის სერვისცენტრებს ან დარეკოთ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ტექნიკურ ცხელ ხაზზე - 1399.“ - ნათქვამია განცხადებაში.