,,20 ივნისის შემდგომ პრესკონფერენციაზე გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ თვითონ იღებს პასუხისმგებლობას ყველა ძალის გადაჭარბების ფაქტზე” - ვახტანგ ჩოჩია

ვახტანგ ჩოჩია

20 ივნისის მოვლენების გამოძიება გრძელდება. მმართველი გუნდის განცხადებით, პროცესი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეყრდნობა და მნიშვნელოვანია გამოძიებამ ყველა კითხვას გასცეს პასუხი.

გიორგი გახარიას გუნდში პროცესს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებენ.

პროკურატურის ინფორმაციით, სახელმწიფოს მხრიდან საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზანი, 20 ივნისის ღამეს აქციის დაშლის საპოლიციო ღონისძიების განხორციელებისას იმ სავარაუდო გადაცდომების შესწავლაა, რომლის შესახებაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსის, ვახტანგ ჩოჩიას განცხადებით, 20 ივნისის შემდგომ გიორგი გახარია აცხადებდა, რომ იმ ღამით მომხდარ ყველა სახის ძალის გადაჭარბების ფაქტზე პასუხისმგებლობას თავად იღებდა.

"20 ივნისის ღამესთან დაკავშირებით გრძელდება გამოძიება საქართველოს პროკურატურაში. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა საკუთარი გადაწყვეტილება ამ საქმესთან დაკავშირებით, შესაბამისად გამოძიება წარიმართება ამ პროცედურულ ჭრილში.

20 ივნისის შემდგომ პრესკონფერენციაზე ბატონმა გიორგი გახარიამ, მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, განაცხადა, რომ თვითონ იღებს პასუხისმგებლობას ყველა ძალის გადაჭარბების ფაქტზე, რომელსაც იმ ღამეს ჰქონდა ადგილი. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და იმ პასუხებს, რომელსაც საქართველოს პროკურატურა გასცემს", - განაცხადა ვახტანგ ჩოჩიამ.