თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

tavdacvis saministro

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ,,პრაიმტაიმი" უცვლელად გთავაზობთ:

,,თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, შესაბამისი სამსახურეობრივი შემოწმების შედეგად, შრომითი ხელშეკრულებით აყვანილ პირთან მიმართებაში ვერბალური ხასიათის  სექსუალური შევიწროებისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმე ეხება შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის საჩივარს, მის მიმართ გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისა და ამავე ნიშნით ხელშეკრულების არ გაგრძელების საკითხს.

სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, გენერალურმა ინსპექციამ არ დაადასტურა გენდერული ნიშნით შრომითი ხელშეკრულების არ გაგრძელების ფაქტი, ხოლო გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურების შემდეგ, მომზადდა შესაბამისი დასკვნა, ასევე ხელშეკრულებით დასაქმებული შევიწროებაში დადანაშაულებული პირის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, რაც თავდაცვის ძალების მიერ გათვალისწინებული იქნა.

აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს ერთეულ შემთხვევას, რომელზეც დაუყოვნებლივ განხორციელდა შესაბამისი რეაგირება, რადგან თავდაცვის სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მსგავსი ტიპის ბრალდებების საფუძვლიან შესწავლას. სამინისტროს პოლიტიკა შეუწყნარებელია ნებისმიერი და მათ შორის გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მიმართ. გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვა და განმტკიცება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია", - აღნიშნულია განცხადებაში.