პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თავდაცვის სამინისტრო ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის ძალების მონაწილეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
მათივე განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით და ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტიანად განსახორციელებლად პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთნენ.
„ადგილზე მობილიზებულია ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 31 ერთეული სპეციალური და პირადი შემადგენლობის გადასაადგილებელი ავტოტექნიკა, მათ შორის მუხლუხებიანი სახანძრო სპეცტექნიკა „MTLB“ (ყველგან მავალი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა), წყალმზიდები და მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომანქანები. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს აღმოსავლეთის სარდლობის I ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებიც შეუერთდნენ. სტიქიის ზონაში იმყოფებოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელიც არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ ხანძრის ქრობის სამუშაოებს“, - აცხადებენ სამინისტროში.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევის მიმდებარე ტყეში რამდენიმე ხანძრის კერა 21 აგვისტოს, დილიდან წარმოიქმნა. სამუშაოებს ძლიერი ქარი და რთული, კლდოვანი რელიეფი ართულებდა.
ბორჯომში, ზორეთის ტერიტორიაზე ტყის მასივში ხანძარი 19 აგვისტოს გაჩნდა და მეხანძრე-მაშვლებმა კერის ლიკვიდირება მოახერხეს, თუმცა ძლიერმა ქარმა ცეცხლის ძველი კერები გააღვივა და შედეგად, ახალი კერებიც წარმოიქმნა.
პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ბორჯომში ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილებისა და ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტურად განხორციელების მიზნით, პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთნენ.