ტაქსის მძღოლი, რომელიც რადიოს რთავს და მუსიკას ისმენენ მგზავრები, ვალდებულია, ჰქონდეს მუსიკის საჯარო შესრულებაზე ლიცენზია და იხდიდეს ჰონორარს

საავტორო უფლებები

თუ ფლობ კვების ობიექტს (ბარს, რესტორანს და ა.შ.), მაღაზიას, სილამაზის სალონს ან ნებისმიერ დაწესებულებას, სადაც იყენებ მუსიკას, აუცილებლად მოგეთხოვება, აიღო ლიცენზია მუსიკის გამოყენებაზე და გადაიხადო ჰონორარი. კანონით ამის ვალდებულება გაქვს მიუხედავად იმისა, შენს დაწესებულებაში მუსიკოსები ასრულებენ მუსიკას ცოცხალი შესრულებით, რადიო ან ტელევიზორი გაქვს ჩართული, ნაყიდი ლიცენზირებული დისკი, თუ უბრალოდ YouTube-დან „უკრავ“ მუსიკას. - წერს ვებგვერდი bloommusic

რატომ? სამწუხაროდ ამაზე მოკლე პასუხი არ არსებობს. თუმცა, შევეცდებით მაქსიმალურად მარტივი ახსნა მოვუძებნოთ ამ „ვალდებულებას“.

პირველ რიგში, დავიწყოთ იმით, რომ საქართველოში გვაქვს სპეციალური კანონი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“, რომელიც იზიარებს იმ საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს რაც დღესდღეობით არსებობს.

მუსიკოსის საავტორო უფლებას სრულიად განსხვავებული ბუნება აქვს. მაღაზიაში ყიდულობ მუსიკალურ დისკს (არ აქვს მნიშვნელობა ლიცენზირებულს თუ არა ლიცენზირებულს), იძენ საკუთრებას მატერიალურ საგანზე - დისკზე, თუმცა რაც შეეხება მასში შემავალ მუსიკალურ ნაწარმოებს, შენ მხოლოდ მისი პირადი გამოყენების უფლება გაქვს: მოუსმინო პირადად ან შენს ოჯახის წრესთან ერთად, არასაჯაროდ.

შესაბამისად, იმისათვის, რომ შენ ეს მუსიკა „გამოიყენო“: ჩართო რესტორანში, ბარში, გაუშვა რადიოში, შეასრულო ცოცხლად და ა.შ. შენ გჭირდება ორი რამ: აიღო ნებართვა უფლების მფლობელისგან (მისი წარმომადგენელი პირისგან/კომპანიისგან) და გადაიხადო შესაბამისი ჰონორარი.

ამის მიზეზი ის არის, საავტორო უფლების შეძენა ამ საკუთრების განსხვავებული სპეციფიკის გამო დისკის ყიდვით არ ხდება, რადგან საავტორო უფლება მატერიალური ნივთისგან განსხვავებით, ამოუწურავი და კვლავწარმოებადია და მუსიკის ნებისმიერი გამოყენებისას ავტორი უფლებამოსილია, მოითხოვოს ჰონორარი და გამომყენებელი ვალდებულია მიიღოს ავტორის ნებართვა და გადაიხადოს შეთანხმებული ჰონორარი.

ეს არის ის წესები, რომლებიც დღევანდელ ინდუსტრიაში მოქმედებს და მსგავსი პრაქტიკა უკვე საუკუნეებს ითვლის. არ შეიძლებოდა ყველაფერი ყოფილიყო მარტივი? არა, რადგან ისინი, ვინც ქმნიან თუ ასრულებენ მუსიკალურ ნაწარმოებებს, სწორედ ამ ნაწარმოებების „კვლავ წარმოებით“ ცხოვრობენ და ეს არის მათი პროფესია და შემოსავალი. საავტორო უფლება რომ იყოს მატერიალური საკუთრების მსგავსად ამოწურვადი, ვერ იარსებებდა ინდუსტრიაც.

ხშირად ისმის კითხვები: მე ხომ რადიო/ტელევიზორი/YouTube მაქვს ჩართული? რადიო ხომ იხდის უკვე ლიცენზიის საფასურს? მე რომ ჰონორარს ვიხდი ბიონსეს მიუვა ვითომ ფული? მაიკლ ჯექსონი რომ მოკვდა, მაგის დაკვრისას რაღაზე ვიხადო ფული?..

სფერო ძალიან სპეციფიკურია და როდესაც ჩახედული არ ხარ, ბუნებრივად გიჩნდება მსგავსი კითხვები. ამ კითხვაზე მოკლე პასუხები, რომ: კი უნდა გადაიხადო, კი მიდის უფლების მფლობელამდე თანხა და ა.შ. არ არის საკმარისი და სამწუხაროდ ვერც ორი სიტყვით აიხსნება ეს სისტემა, მაგრამ ამის ახსნა სფეროს არაპროფესიონალისთვის შედარებით მარტივად მაინც შესაძლებელია:

კანონის თანახმად, ასეთ გამოყენებას საჯარო შესრულება ეწოდება და განმარტებულია, როგორც ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის წარმოდგენა დეკ­ლა­მა­ცი­ის, თა­მა­შოის, სიმ­ღე­რის, ცეკ­ვის ან სხვა სა­ხით, უშუ­ა­ლოდ (ცოც­ხა­ლი შეს­რუ­ლე­ბა) ან ნე­ბის­მი­ე­რი მოწ­ყობ­ილო­ბი­ს მეშ­ვე­ო­ბით, ად­გილ­ზე (ად­გი­ლებ­ზე), სა­დაც საჯარო შეს­რუ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა აღ­ქმუ­ლ იქ­ნეს საჯარო გადაცემის აუცილებლობის გა­რე­შე და სა­დაც ეს­წრე­ბი­ან ან შე­იძ­ლე­ბა ეს­წრე­ბოდ­ნენ პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც არ მი­ე­კუთ­ვნე­ბი­ან ოჯა­ხს ან ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ­თა წრეს. 

რას ნიშნავს ეს ჩანაწერი უფრო მარტივ და გასაგებ ენაზე? თუ შენ მუსიკას უსმენ მაგალითისათვის სახლში შენი ოჯახის წევრებთან ან შენი ოჯახის ახლობელ წრესთან ერთად, შენ ამისთვის არ გჭირდება მუსიკის ავტორის ან შემსრულებლისგან აიღო ნებართვა და გადაიხადო ჰონორარი. ეს შეიძლება განიმარტოს როგორც პირადი სარგებლობა. თუმცა, თუ მუსიკა გაქვს ჩართული ნებისმიერ ისეთ ადგილას, სადაც ესწრებიან ან შესაძლოა ესწრებოდნენ (!) ზემოაღნიშნულის გარდა სხვა პირები, მაშინ ამისთვის გჭირდება ნებართვა და ჰონორარის გადახდა. არ აქვს მნიშვნელობა ეს არის ბარი, რესტორანი, მაღაზია, სილამაზის სალონი, სავარჯიშო დარბაზი, პარკი თუ ნებისმიერი სივრცე და არც იმას აქვს მნიშვნელობა ამას აკეთებ სასყიდლიანად თუ უსასყიდლოდ, რადგან  მუსიკალური ნაწარმოები არის სხვისი საკუთრება და სხვისი საკუთრების თუნდაც არაკომერციულად გამოყენების გადაწყვეტილება უნდა მიიღოს თავად მესაკუთრემ.

ეს რაც შეეხებოდა გაჟღერების ადგილს, ახლა კი საინტერესოა როგორ განიმარტება გაჟღერების ფორმა. როგორც კანონში ვკითხულობთ, საჯარო შესრულებად ითვლება როგორც ცოცხალი შესრულება, როდესაც მაგალითისათვის მუსიკალური ჯგუფი ასრულებს სხვადასხვა ნაწარმოებს, ასევე როდესაც მუსიკა ჩართულია ნებისმიერი მოწყობილობის მეშვეობით: რადიო, ტელევიზორი, „მუსიკალური ცენტრი“ და ა.შ. შესაბამისად, მუსიკის გაჟღერების ფორმას, საშუალებას არ აქვს მნიშვნელობა. აქ გადამწყვეტია ის, რომ სხვისი კუთვნილი პროდუქტი - მუსიკა გამოიყენება (ვრცელდება) და საჭიროა მესაკუთრის (ავტორის) ნებართვა.

ის ფაქტი, რომ თუნდაც რადიო უკვე იხდის მუსიკის გავრცელების ჰონორარს, არ ათავისუფლებს სხვა პირს ამ რადიოს მეშვეობით მოახდინოს მუსიკის საჯარო გავრცელება. რადიო მუსიკის საჯარო გადაცემისთვის იხდის ჰონორარს და არა საჯარო შესრულებისთვის. ანალოგიური შემთხვევაა, როდესაც ჩართულია ტელევიზორი, YouTube და ა.შ. ბევრისთვის შეიძლება გასაკვირი და მიუღებელიც აღმოჩნდეს, მაგრამ ტაქსის მძღოლიც კი, როდესაც მუსიკას რთავს და ამ მუსიკას შესაძლოა ისმენდნენ არა ოჯახის წევრები (ე.წ. „კლიენტები“), ისიც ვალდებულია ჰქონდეს მუსიკის საჯარო შესრულებაზე ლიცენზია.

ისმის კითხვა, თუ ვის უნდა გადავუხადოთ ჰონორარი? კანონი ცალკე ვალდებულებას ვერ შექმნიდა, თუ არ იარსებებდა ამ ვალდებულების შესრულების მექანიზმი. იმისათვის, რომ დაიცვა კანონი და საჯარო შესრულებისათვის აიღო ნებართვა და უფლების მფლობელებს გადაუხადო ჰონორარი, საჭიროა, რომ კანონმა ამის ეფექტური გზა შემოგთავაზოს.

განაგრძე კითხვა

ასევე ნახეთ:

Exclusive: „ისეთი გეგმები მაქვს, რაც საზოგადოებაში ბევრ კითხვის ნიშანს დაბადებს...“ - გიორგი პაპავა ახალგაზრდა ელჩობასა და ემიგრაციაზე

„მითხრა, ამ სოფელში არავინ არ სწავლობს და არც გჭირდება განათლებაო, უნდა გათხოვდეო“ - გოგოს ისტორია, რომელსაც გათხოვებას აიძულებდნენ

VIDEO: „ისეთი რამ მოხდა სახლში, რაც არც ერთ სეზონზე მომხდარა“ - გიორგი ნაზღაიძე „პრაიმ ჰაუსში“ მივიდა