დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ახალ სატელევიზიო სეზონს "რუსთავი 2"-ზე, რამდენიმე ახალ შოუსთან ერთად, "ოჯახობანაც" შეემატება. გასართობ შოუს აჩიკო სოლოღაშვილი წაიყვანს. მისი კანდიდატი შოუს პროდიუსერმა, სოფო ბანძავამ და არხის გენერალურმა დირექტორმა, ვაკო ავალიანმა ერთდროულად დაასახელეს.
მსახიობი და ტელეწამყვანი, "სხვა შუადღესთან" 11 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ, მალე ახალ გამოწვევას შეეჭიდება და როგორც პრაიმტაიმთან" ამბობს, ეს სიახლე სიამოვნებას ანიჭებს.
აჩიკო სოლოღაშვილი: "სხვა შუადღეშიც" დადგა ახალი სიცოცხლის დრო და ჩემთანაც. 11 წელი არ არის ცოტა ერთ გადაცემაში ყოფნისთვის. ახალი ეტაპის დროა. სისხლის გამოცვლა საჭიროა, მთავარია, ეს ცვლილება არხს წაადგეს.
გეტყვით, რომ ძალიან მხიარული, ძალიან ოჯახური, თბილი და თავისთავად, პოზიტიური გადაცემა იწყება. მსგავსი გადაცემა ქართულ ტელესივრცეში ბევრი არ არის.
ორი ოჯახი ეჯიბრება ერთმანეთს. ცნობილი და არა ცნობილი ოჯახების სახალისო შეჯიბრის ყურება ძალიან გაგართობთ.
მარტივად რომ ავხსნა, უფროსებს დავუსვამ ბავშვურ კითხვებს და ბავშვებს - დიდურ კითხვებს. თაობების ბრძოლა გაიმართება. საინტერესო იქნება სიტყვების განხილვა. მე ვასახელებ ძალზე სპეციფიკურ სიტყვას და მიდის მისი განხილვა, ოჯახები განმარტავენ, რა ჰგონიათ ამ სიტყვის მნიშვნელობა. ახალ თაობაში, კომპიუტერულმა თამაშებმა ტერმინები დაამკვიდრა, რომელიც დიდებმა სულ არ ვიცით. ასე რომ, ხალისი გველის. მე ვიქნები ძალიან სახალისო განხილვის მხარეს.
მინდა მაყურებელმა, რომელიც ისედაც დასტრესილია, ერთი კარგი საღამო გაატაროს ნაცნობ თუ უცნობ ოჯახებთან ერთად. დადგეს კარგ განწყობაზე და პრობლემები დაავიწყდეს.
ყოველი ახალი გადაცემა ახალი როლივით არის. ახალი გამოწვევაა, რომელსაც სიამოვნებით ვიღებ და მადლობას ვამბობ ნდობისთვის, რომ ამ ახალი შოუს წაყვანის პასუხისმგებლობა დამაკისრეს.
სოფო ბანძავა, "ოჯახობანას" პროდიუსერი: - შოუში არა ცნობილი ოჯახებიც მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის, რეგიონებიდან. გადაცემაში მონაწილეობის მსურველები "ოჯახობანას" ფეისბუქგვერდზე მოგვწერენ. გამარჯვებულ ოჯახს კი სიურპრიზი ელოდება. მაყურებელს კი, როგორც აჩიმ აღნიშნა, მხიარულ გასართობ, ოჯახურ საღამოს ვპირდებით.
- აჩიკო, თეატრში ახალი სეზონი როდის გეწყებათ?
- სეზონი სექტემბრის ბოლოდან დაიწყება. ძველი და ახალი სპექტაკლები იგეგმება. მაყურებელი სულ იწერება, იქნებ ამ სეზონზე მაინც შეგვხვდეს ბილეთი და მოსვლა გვეღირსოსო. მეც ეგოისტურად მიხარია და მსიამოვნებს. ველოდები ჩემს მაყურებელს, ერთი სული მაქვს, როდის დაიწყება ჩვენს თეატრში რეპეტიციები.
- და მამის ამპლუაზეც მითხარი. როგორი მოირგე?
- ვაიმეეე... შვილი ყველაფერია! ის მაძლევს მთელ ენერგიას და ძალას, რომ შევძლო ყველაფერი, რასაც ვაკეთებ. მქონდეს პოზიტივის უშრეტი წყარო, რომელსაც გავცემ და უყვარს ჩემს მაყურებელს. ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ღმერთმა ეს სტატუსი მარგუნა, ამაყი ვარ.
სანი დავასვენეთ როგორც შეგვეძლო. მთაში იყო, ორი დღით აუზზე გვყავდა და წყალზე გაგიჟდა. ნამდვილად ჩემი და ნუცას შვილია, წყალზე აფრენს. წყლის ხამია!