„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს და მედია საშუალებებს მიმართავს

თამბაქოს კონტროლის ალიანსი

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების მონიტორინგის თანახმად, მედია საშუალებებში თამბაქოს პროდუქტების რეკლამისა და პოპულარიზაციის ფაქტები ფიქსირდება,- ამის შესახებ ნათქვამია „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც ალიანსში აღნიშნავენ, კანონი ირღვევა ელექტრონული სიგარეტების, გასახურებელი ან საღეჭი/საწუწნი თამბაქოს ნაწარმის და მათი მწარმოებელი კომპანიების  რეკლამირებით, ციფრული მედიის საშუალებით (მათ შორის, სოციალური ქსელებით, რაც ასევე კანონდარღვევაა) პირდაპირი ან ირიბი პოპულარიზაციის შედეგად.

„მონიტორინგის თანახმად, ფიქსირდება ფაქტები,  როდესაც მედიასაშუალებები ან ცალკეული ინფლუენსერები პირდაპირ ან ირიბად არღვევენ კანონის მოთხოვნებს. კერძოდ: იქმნება თემატური გვერდები და ბლოგები, რომელთა შინაარსი მიმართულია კონკრეტული ელ-სიგარეტების (ე.წ.ვეიპების), გასახურებელი ან საღეჭი/საწუწნი თამბაქოს მოწყობილობების პოპულარიზაციისკენ;

პირდაპირ ან ირიბად, პროპაგანდისტულ  სტატიებში შეუფარავად ცდილობენ კონკრეტული პროდუქტები წარმოაჩინონ როგორც „ნაკლებად მავნე“ „ზიანის შემცირების შესაძლებლობა“ ან „მოწევის ალტერნატივა“. 

რეკლამირების პროცესში აქტიურად ერთვებიან ინფლუენსერები – რაც კანონით პირდაპირ იკრძალება.

სარეკლამო სააგენტოები იყენებენ შუალედურ სქემებს:

მედია პლატფორმებს აწვდიან ე.წ. საჭირო მასალას — რომელიც გადმოცემულია ფსევდო-საინფორმაციო ფორმით, თუმცა რეალურად რეკლამის მახასიათებლებს ატარებს.

ვთხოვთ მედია საშუალებებს, გამოიჩინოთ სიფრთხილე მსგავს მასალებზე მუშაობისას. ნებისმიერი მათგანი, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ემსახურება თამბაქოს ნაწარმის ან მწარმოებლის პოპულარიზაციას, არღვევს მოქმედ კანონმდებლობას და გამოიწვევს:

· ორგანიზაციის დაჯარიმებას 5000 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი 10 000 ლარის ოდენობით

· მედიაორგანიზაციის რეპუტაციის საფრთხეს.

ვთხოვთ, მედიას, არ წამოეგონ თამბაქოს ინდუსტრიის სტრატეგიულ ანკესს და თავი შეიკავონ კანონდარღვევისგან — განსაკუთრებით მაშინ, როცა მიზანია თამბაქოს ახალი პროდუქტების, როგორც თითქოსდა სასარგებლო პროდუქტის იმიჯის შექმნა და მისი ნორმალიზაცია მოზარდებსა და ახალგაზრდებში.

აქვე, კიდევ ერთხელ, დამატებით შეგახსენებთ, რომ აკრძალვა ვრცელდება ყველანაირ პლატფორმაზე — იქნება ეს ონლაინ მედია, ბეჭდური გამოცემა თუ სოციალური ქსელი.

მიგვაჩნია, რომ  საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისათვის მედიის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. არავის მასობრივად ინფორმირება ისე არ შეუძლია, როგორც მედიას. ამიტომაც თქვენ შეგიძლიათ საზოგადოებას უბიძგოთ, დაარწმუნოთ გახდეს საუკეთესო. მაშინ, როდესაც სახელმწიფო პროგრამები, საკომუნიკაციო კამპანიები ფაქტობრივად არ არსებობს, საზოგადოების ცნობიერების სწორად წარმართვაში თქვენი როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ამიტომაც, გთხოვთ, ნუ გახდებით თამბაქოს ინდუსტრიის მსხვერპლი და ნებსით თუ უნებლიეთ საზოგადოების შეცდომაში შემყვანი დეზინფორმაციის გამავრცელებელი. თამბაქოს ნებისმიერ პროდუქტს ჯანსაღი ალტერნატივა არ გააჩნია. ერთადერთი ალტერნატივა მოწევაზე სრულად უარის თქმაა“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.