„ტაძრები მწვანე ბალახის ფოთლებით ირთვება, რაც ბუნების სიხალისეს, ძალასა და კურთხევის მიღებას უკავშირდება“ - გიორგი ლობჯანიძე სულთმოფენობის დღესასწაულზე

სულთმოფენობა

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სულთმოფენობის დღესასწაულზე წერს. 

"სულთმოფენობა - ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დიდი დღესასწაულია!

ქრისტეს აღდგომიდან 50-ე დღეს მოციქულებზე ცეცხლის ენების სახით სულიწმიდა გადმოვიდა, რაც ნიშანი იყო იმისა, რომ მოციქულებს მთელ მსოფლიოში უნდა ექადაგათ ქრისტიანობა!

ამ ღვთიურმა მადლმა მათ გაუხსნათ გზა ახალი ენების შემეცნებისა და საღვთო სჯულის აღსრულებისა!

ეს დღე იწოდება ეკლესიის დაარსების დღედაც!

სულთმოფენობას სხვა სიმბოლური დატვირთვაც აქვს:

ჯერ კიდევ მაშინ, როცა წმინდა მოსე წინასწარმეტყველი ებრაელებს ეგვიპტიდან გამოუძღვა, მან ისინი სინას მთასთან მიიყვანა, ხოლო 50-ე დღეს მისცა ძველი აღთქმის სჯული.

ღმერთმა სწორედ ამ დღეს მოუვლინა მოწაფეებს სულიწმიდის მადლი, რაც ძველი რჯულის ახლით შეცვლას ნიშნავს.

ფაქტობრივად, აღთქმა, ეს გახლავთ დაპირება, ახალი სიტყვა.

თანამედროვე ენაზე რომ ვთქვა - გაფორმებული კონტრაქტი უფალსა და კაცობრიობას შორის.

ახალი აღთქმა ახალი ცისა და მიწის, ანუ დედამიწაზე და კოსმოსში სრული რეორგანიზაციის წინარე და ბოლო პერიოდია, რასაც გადის კაცობრიობა და რაც თვით ქრისტე ღმერთის დიდებით დაბრუნებით დასრულდება!

და აღსრულდება ბოძებული დაპირება, ანუ სიცოცხლის სამარადისო ფორმა, დაუსრულებლად მართალთათვის!

ტრადიციულად, ამ დროს ტაძრები მწვანე ბალახის ფოთლებით ირთვება, რაც ბუნების სიხალისეს, ძალასა და კურთხევის მიღებას უკავშირდება.

გილოცავთ!

მრავალ სულთმოფენობას დაესწარით!",- წერს გიორგი ლობჯანიძე.